სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი ციხიდან თვალახვეული გაიყვანეს და დაემუქრნენ

ვანო მერაბიშვილის განცხადება 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე

პარასკევს გვიან ღამით, ანუ უკვე შაბათს, დაახლოებით ღამის ორ საათზე. მე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვევს მანქანაში, თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს, ჩემი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იქ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. მეორეზე მოგვიანებით ვისაუბრებ. თუმცა, რაც მთავარია, იქ იყო მთავარი პროკურორი.

მთავარმა პროკურორმა მე წამომიყენა ულტიმატუმი და განაცხადა, რომ, თუ მე არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გახსნაში და არ მივაწვდი სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მე გამიუარესდება პირობები ციხეში. მე ამასთან დაკავშირებით გამოვხატე ჩემი აზრი, შეიძლება სააკასვილთან ბევრს პრეტენზია აქვს, მაგრამ სააკაშვილის კორუფციაში დადანაშაულება სრული უაზრობაა.

მეორე საკითხთან დაკავშირებით მე გამოვხატე გაკვირვება. ეს მთავრობა ამდენი ხანია ხელისუფლებაშია, გაეცნო ყველა მასალას და კიდევ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების ჩატარებული გამოძიება არის უნაკლო და შეუძლებელია აქ სხვა რამე აზრის ჩამოყალიბება. ამავე დროს ახალგაზრდა პროკურორს ვურჩიე არ გაემეორებინა სხვების შეცდომები და არ დაეანონსებინა, რომ მალე გახსნიდნენ ამ საქმეს. არ გაეზარდა ტყუილი მოლოდინი. პროკურორმა მითხრა, რომ თუ მე არაფერს ვიტყოდი, დამიხატა შემდეგი სურათი, რომ ჩემი პირობები ციხეში მკვეთრად გაუარესდება და დიდი ხნით მომიწევს ჩაჯდომა, სანამ ღარიბაშვილის მთავრობა იქნება ხელისუფლებაში, ხოლო ღარიბაშვილი დიდი ხანი აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას.

ამავე დროს ის "შემპირდა“ რომ გვერდით მომისვამდა ჩემს პარტიულ მეგობრებს, ნათესავებს, ხოლო სხვებს შეექმნებათ პრობლემები, ხელს შეუშლიან მათ ბიზნესს და სხვა შეუქმნიან წვრილმან პრობლემებს. ამას გარდა, მან განმიმარტა რომ ისინი მაინც შეძლებენ ჟვანიას საქმეში ბრალდების დადასტურებას, რაშიც მათ ამერიკელები ეხმარებიან. თქვენც მოგეხსენებათ რომ ამერიკელები იმთავითვე იყვნენ გამოძიების პროცესში ჩართულნი.

ამავე დროს, მათ ასე ვთქვათ, მომცეს დრო ორშაბათამდე და მითხრეს, რომ მე ორშაბათამდე უნდა მივიღო გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ დავეხმარები, მისი თქმით მე მომეცემა შესაძლებლობა, ის ფული, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვიშოვე, საზღვარგარეთ გავიტანო. მთავარმა პროკურმა ასევე შემახსენა, ვაცნობიერებდი თუ არა, რომ ისინი უკვე სასამართლოსაც აკონტროლებენ.


ეს ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მსგავსი რამ არც მინახავს და არც მახსენდება რომ მომხდარიყო ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი. რომ ოპოზიცის ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს მთავარი პროკურორი, უშუალოდ, ასე ვთქვათ „აკაჩავებს“.

მე შეიძლება უახლოეს პერიოდში საერთოდ არ მომეცეს საშუალება მოგმართოთ, მივმართო ხალხს და ვიტყვი, რომ თუ გამოძიებას სურს და ვეღარ ვხდები ვის უნდა სურდეს, როდესაც მთავარი პროკურორიც კი იქ იყო, მიგანიშნებთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს გამოძიება. როგორც გითხარით, მე დამატოვებინეს ციხის ტერიტორია. გზაზე არის სავრაუდოდ 6 სათვალთვალო კამერა, ციხის გამოსასვლეში არის ასევე ვიდეო კამერა. ჩემი ციხის კორპუსის გამოსასვლეში, იქვე არის შიდა ეზოს პოსტი, სადაც ასევე მუშაობს რამდენიმე ადამიანი, რომელიც აუცილებლად შეესწრებოდა ჩემს გამოსვლას.

იქაც, სადაც მე მიმიყვანეს, მე თავისუფლად შემიძლია ამოვიცნო ის ორი ადამიანი, რომლებიც ჩემს გვერდით იყო. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ მეორე ადამიანი ვინც იყო იმ ოთახში, მე მას ვიცნობ, იმიტომ, რომ მახსოვს, რომ ადრე პოლიციაში მუშაობდა, თუმცა არ მახსოვს მისი სახელი და გვარი. მანაც შემახსენა საკუთარი თავი, მითხრა რომ ის იყო ჩემი მეგობრის შვილის ნათლია და ა.შ. ეს ადამიანი იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ოთახში შევედი თუ არა, მან დაიწყო ბაჩოს ადვოკატის ონიანის გინება. მე გამიკვირდა თავიდან, ვერ მივხვდი რა შუაში იყო ბაჩოს და ონიანის ხსენება. ალბათ მას შეეშალა, რადგან მეორემ უთხრა რომ ონიანი ბაჩოს ადვოკატია. მგონია, რომ ის იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, რადგან სამჯერ დასჭირდა ამის გამეორება. ჩემი ვარაუდით, ეს იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი გვარად დარბაისელი. უკან მე გამოვიარე იგივე გზა, რაც ციხის დატოვების დროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100