მიხეილ სააკაშვილი: სამოქალაქო ომზე საუბარი უზნეობა და იდიოტიზმია
სამოქალაქო ომზე საუბარი, ბრალდებები გასამხედროებული ჯგუფების შესახებ და „მუქარა“ სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის მიმართ სირიის ქალაქ ჰომსის სცენარით „დიდი უზნეობა“ და „იდიოტიზმია“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 მარტს.
მართალია მას პირდაპირ არავინ დაუსახელებია, სავსებით ნათელია, რომ სააკაშვილი ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“წევრის, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას მიერ 15 მარტს გაკეთებულ განცხადებასგამოეხმაურა, რომელმაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა,რომ ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში გასამხედროებულ ჯგუფებს ქმნის და ვარაუდი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი „სამოქალაქო ომისა და დაპირისპირებისთვის“ ემზადება.
„მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმაზე, თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში; რატომ იქმნება გასამხედროებული ჯგუფები? ვინ აიარაღებს მათ?“ – განაცხადა ალასანიამ ინგლისურად საუბრისას. „ეს გვიბიძგებს ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი არ ამზადებს ნიადაგს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის; იგი ამზადებს ნიადაგს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ოფიციალურად დასაჯოს, რადგანაც ჩვენ „სახელმწიფოს მტრები“ ვართ, რადგანაც ჩვენ „კრემლის მიერ ვკონტროლდებით“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ სააკაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა „იმაზე მიანიშნებს, რომ ის სამოქალაქო ომისა და დაპირისპირებისთვის ემზადება“.
„ეს გაზვიადება არ არის“, – განაგრძო მან დიპლომატებთან შეხვედრაზე. „სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ კიდევ ერთი ჰომსი [ქალაქი სირიაში რომელიც სამოქალაქო ომის ერთ-ერთ კერად იქცა] არ მივიღეთ ზუგდიდში ან სხვა ადგილას, გთხოვთ, თუ შეიძლება დაიწყეთ რეაგირება; ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია იმ დრამატული მოვლენების შეცვლა, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ოქტომბრამდე გაგრძელდება“, – განაცხადა ალასანიამ.
ალასანიამ იგივე განცხადება გაიმეორა 16 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას და სააკაშვილი „სამოქალაქო ომის“ მომზადებაში დაადანაშაულა.
ამ ბრალდებების საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 17 მარტს წეროვანში სასათბურე მეურნეობის დათვალიერების შემდეგ, რომ ოპოზიცია ცდილობს „საარჩევნო კამპანიაში ჩაგვითრიონ“.
„ისინი ფიქრობენ სკამებზე და მე ვფიქრობ ამ სათბურებზე, საწარმოებზე, ახალ კურორტებზე, ახალ ქალაქებზე, ახალ სამუშაო ადგილებზე, ახალ სკოლებზე და უნივერსიტეტებზე იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ამბიცია და არა ის, ვინ რომელ სკამზე გადაჯგუფდება, ჩემი ჩათვლით, შემდგომი წლის განმავლობაში; ისინი არიან ობსესირებული სკამებზე; ეს არავისთვის მოულოდნელი არ არის; ამიტომ, ამაზე მე რეაგირებას არ ვახდენ; რა კამპანიაც უნდათ ატარონ კანონის ფარგლებში, ღმერთმა ხელი მოუმართოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„მაგრამ ახლა ეს ნოტები გააჟღერეს და დაემუქრნენ სამეგრელოს სირიის სცენარით, ჰომსის სცენარით, მინდა გადავთარგმნო, რას ნიშნავს ეს – დაემუქრნენ ათასობით ადამიანის მსხვერპლით, ასეულობით და ათასობით შენობის დანგრევით, ქალაქების მიწასთან გასწორებით, მუცელგამოფატრული ქალებით, თავმოჭრილი ბავშვებით, ერთი სიტყვით, კატასტროფით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„მე მინდა უბრალოდ ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 წელი და არა 1992 წელი. ეტყობა ვიღაცეებმა საერთოდ ჭკუა ვერ ისწავლეს. "მხედრიონის" თარეშმაც კი ვერ ააღებინა სამეგრელოს საზოგადოებას ხელი საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე“, – განაცხადა მან.
„იმ ხალხს ნურაფრით ნუ ემუქრებით, ძალიან გთხოვთ“,–აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ასე რომ ყველანაირი მუქარა ამ ადამიანების მიმართ უბრალოდ ძალიან დიდი უზნეობაა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის იდიოტიზმი. თუმცა, ძალიან კარგად ეხმიანება ერთი კონკრეტული ქვეყნის გეგმებს და მე მინდა უბრალოდ ყველას ვუთხრა: რაც გინდათ ილაპარაკეთ, მაგრამ კარგად გამოირეცხეთ პირი, სანამ ახსენებდეთ სამეგრელოს და ზოგადად ქართველ ხალხს და დაანებეთ თავი ასეთ თემებთან თამაშსაც კი, თქვენს ფანტაზიაშიც კი და თუ აზრად გაქვთ, თქვენთვის შეინახეთ, ჩვენ დაგავცადეთ შენება და ადამიანებს დააცადეთ ცხოვრება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
კომენტარი