"ამბობენ, სულაც არ ვძულვართო ქართველებს და ისევ მათ შემადგენლობაში ცხოვრება ჯობიაო... დიახაც, იქ უნდა წავიდნენ" - უკიდურესი გასაჭირი აფხაზეთში და ადგილობრივი ახალგაზრდების გზა საქართველოსკენ
უკვე მერამდენედ, აფხაზური ოპოზიცია და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, რომლისთვისაც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელმძღვანელობის პოლიტიკა მიუღებელია, ასლან ბჟანიას გუნდის გადადგომას ითხოვს. "ბჟანიას გუნდს უკვე უამრავი შეცდომა დაუგროვდა. იმდენად ბევრი, რომ ვადაზე ადრე გადადგომა საუკეთესო გამოსავალია. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა; ის, რაც უძრავი ქონების, მიწებისა და შენობების გარშემო ხდება, საქართველოში გადასული ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც აქ თავს უპერსპექტივად გრძნობენ და იქიდან სხვებსაც მოუწოდებენ საქრთველოში წასვლისკენ და ამბობენ, სინამდვილეში სულაც არ ვძულვართ ქართველებს და ისევ მათ შემადგენლობაში ცხოვრება ჯობიაო; უბინაოდ დარჩენილი ასობით მრავალშვილიანი ოჯახი, რომლებიც დაუმთავრებელ კორპუსებში შევარდა - ეს ის საკითხებია, რაც ყველაზე მწვავედ დგას", - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, ალიას ავიძბა, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს შეურთდნენ. აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთი, ყველაზე გავლენიანი ლიდერი, ადგურ არძინბა აცხადებს, რომ "თუ პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოპოზიციის მოთხოვნებს არ დაეთანხმება, ანუ უარს იტყვის მთავრობის გადაყენებაზე, მაშინ მას მოუწევს გადადგომა." არძინბას თქმით, მოქმედმა "მთავრობამ" ვერაფერი გააკეთა პანდემიის დროს, ასევე არასწორი პოლიტიკის გამო, რეგიონი ენერგეტიკულ კრიზისამდე მიიყვანა, ამ ხნის განმავლობაში, "ვიღაცების მიმართ მაამებლური პოლიტიკის გარდა", არც ერთი რეფორმა არ გაუტარებია. ასობით ადამიანი კი ყოველდღიური შემოსავლის და საცხოვრებელი პირობების გარეშე დარჩა. "ხალხი ქვეყნიდან გარბის, ყოველდღე, ნასვამი მძღოლების გამო, ათობით ადამიანი კვდება, ნარკობიზნესი ყვავის მოქალაქეები სრულ უიმედობას განიცდიან. ეს არ არის სრული ჩამონათვალი, რის გამოც ქვეყანა ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ის უნდა გადადგეს. ამისთვის კი საჭიროა, დიდი სახალხო პროტესტი, რათა მან იგრძნონ ხალხის ძალა“, - ამბობს "ოპოზიციის" ლიდერი ადგურ არძინბა, რომელიც 2020 წლის "არჩევნებში", ასლან ბჟანიას მთავარი კონკურენტი იყო. დაანონსებული აქცია, სავარაუდოდ, აპრილში გაიმართება, მანამდე კი გეგმავენ, რომ "ოპოზიციამ", სამოქალაქო აქტივისიტებმა და მოსახლეობამ ყველა დეტალი გაიარონ, რათა საპროტესტო ძალამ რეგიონებიდან იფეთქოს, თუნდაც იმიტომ, რომ "ისინი ბევრად უარეს პირობებში ცხოვრობენ, ვიდრე სოხუმის, ან ბიჭვინთის მოსახლეობა. არ აქვთ, შუქი, განათლების მიღების შესაძლებლობა, ტრანსპორტი, არ მიეწოდებათ წყალი", - წერენ აფხაზი ოპოზიციონერები.
კომენტარი