სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტი 60 ახალ ავტომობილს ყიდულობს - რამდენი მილიონი გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან

საქართველოს პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად 60 ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავს - შესაბამისი ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა. განაცხადის თანახმად, ერთი ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 111,870 ლარი იქნება.

პარლამენტი გეგმავს, რომ ავტომობილების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2024 წელს 5.5 მილიონი ლარი, 2025 წელს კი 1.1 მილიონი ლარი გადაუხადოს.

აპარატი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით მათ ბალანსზე ირიცხება 89 ერთეული მანქან (მათ შორის საპროტოკოლო, სამორიგეო და სამგზავრო მიკროავტობუსები დელეგაციების მომსახურებისთვის), რომელთაგანაც უმეტესობა 2015 წელს თბილისში ჩატარებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური ღონისძიების შემდეგ, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადმოცემული, უკვე ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომანქანები და ასევე 2007-2013 წლებში შეძენილი სხვადასხვა მარკის ავტომანქანაა.

"წლების მატებასთან ერთად, გაზრდილია ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი (საშუალო წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე შეადგენს 12-15 ლიტრს, ხოლო შეკეთების საშუალო წლიური ხარჯი ერთ ავტომანქანაზე შეადგენს 5000 ლარს), რაც თავის მხრივ გამოწვეულია ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ცვეთით (ავტომანქანების საშუალო გარბენი შეადგენს 300,000 კმ).

მიღებული გადაწყვეტილებით, ამორტიზებული ავტოპარკის ჩანაცვლების, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის და გარემოს მიმართ ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით, პარლამენტის აპარატი გეგმავს, 2025 წლისთვის, არსებული შიდა წვის ძრავიანი 60 ერთეული ამორტიზებული ავტომანქანის ჩანაცვლებას ჰიბრიდული ტიპის ავტომანქანებით.

აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე საშუალო წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე შეადგენს 4-6 ლიტრს (ეკონომია - 8-9 ლიტრი), ხოლო ტექნიკური მომსახურების სავარაუდო წლიური ხარჯი ერთ ავტომანქანაზე - 700-1000 ლარს (ეკონომია ერთ ავტომანქანაზე მხოლოდ ტექნიკური მომსახურების ნაწილში შეადგენს დაახლოებით 4 000 ლარს)"- წერია განცხადებაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე თანდართულ დოკუმენტაციაში წერია, რომ შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.

დოკუმენტაციის თანახმად, შესასყიდი ავტომობილის სიგრძე არანაკლებ 4.83 მეტრი, ხოლო სიგანე არანაკლებ 1.79 მეტრი იყოს. დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილებს არანაკლებ 195 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100