ვანუატუს აღიარებით, აფხაზეთი ისევ არაღიარებულია
გუშინ გავრცელებული „ბომბი“ ინფორმაცია, ვანუატუსგან აფხაზეთის აღიარების შესახებ, დღეს სიცრუე აღმოჩნდა. ცნობა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, შემდეგ ის რუსულმა და ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა აიტაცეს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ვანუატუს ხელისუფლებას ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
საიდან დაებადა თვითაღიარებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა უწყებას“ აზრად, ვანუატუს აღიარება, კაცმა არ იცის. მოკლედ, მელას რაც ესიზმრებოდაო. ნაკლებად მნიშვნელოვანია, პირველად ვინ აღმოაჩინა ვანუატუ, კუკმა, ლაპერუზმა თუ ვინმე სხვა სახელგანთქმულმა მოგზაურმა, მაგრამ ფაქტია, რომ 21-ე საუკუნეში მას თვით აფხაზეთმა მიაგნო. სოხუმის ხელისიუფლების მესვეურები გლობუსზე, სავარაუდოდ, გამადიდებელი შუშით შეიარაღებულნი ეძებდნენ საჭირო ობიექტს და ა, ბატონო, იპოვეს, ქართველების გულისგასახეთქად. ვანუატუელი აბორიგენები ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ამხელა, გლობალური მნიშვნელობის მისიის აღსრულება მოუწევდათ და ტომის ბელადებისათვის შორეული, „თეთრების ქვეყნებში“ ასეთი აჟიოტაჟი ატყდებოდა.
ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ, „დამოუკიდებელ“ აფხაზეთს დიდი პროგრესი აქვს: ნაურუს მერე ის წყნარი ოკეანის მიკარგულ კუნძულთა ჯგუფმა - ვანუატუმ ვირტუალურად, აფხაზი ჩინოვნიკების გულებში აღიარა. აფხაზ მარიონეტებს რომ ჰკითხო, ვანუატომ დიპლომატებიც მსწრაფლ აახლა და საპატიო სტუმართა დელეგაციას, კუნძულის ტრადიციისამებრ, მანპინძელი სოხუმის ხელისუფლება იქნებ ცხვირზე ხახუნითაც მიესალმა.
აფხაზურ სიზმარში, ვანუატუს უხუცესთა საბჭომ, უკაცრავად, მთავრობამ კი, იმედი გამოთქვა, რომ „აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ დამოკიდებულებას გააღრმავებს და დამატებით შესაძლებლობებს მისცემთ პარტნიორობისა და ტექნოლოგიების გაცვლა - გამოცვლის საკითხში.“ კიდევ კარგი, ინფორმაცია „უტკა“ აღმოჩნდა, თორემ ამ ტექნოლოგიებში თუ, მაგალითად, სამოსის კერვის ტექნიკა იგულისხმებებოდა, მტრისას. რომელიმე ოფიციალურ შეხვედრაზე, ქვემორე განთავსებულ სურათებზე გამოსახული აბორიგენებივით გამოწყობილი აფხაზეთის თვითაღიარებული მთავრობა, პუტინმა (მტერმა) იხილა.
თუმცა, ვანუატუს ნუ ვეხუმრებით. ის კუნძულოვანი სახელმწიფოა და წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 12,2 ათასი კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა 150 ათასზე ცოტა მეტი. მთლად წყალწაღებულებიც არ გეგონოთ: გაეროს წევრები არიან. ვანუატუ იქეთ იყოს და შეგახსენებთ, აფხაზეთის დამოუკიდებლობა დღემდე რეალურად ისეთმა მსოფლიო პოლიტიკური რუკის გიგანტებმა ცნეს, როგორებიც არიან: ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუს რესპუბლიკა და ყველაზე მთავარი, თვით სამხრეთ ოსეთი.
ვანუატუს აფხაზეთი არ უღიარებია, სერიოზულად კი, რა სარგებლობა მოაქვს აფხაზეთ-„სამხრეთ ოსეთის“ მესვეურებისათვის ამ ყოვლად უსარგებლო აღიარებებს, რომელიც არავის არაფერში არგია, გარდა იმ ქვეყნებისა, ვინც საამისოდ ფულს იღებს? აქ, სავარაუდოდ, ორი მომენტია. ერთის მიხედვით, კრემლი ამ მეთოდით, ანუ მწირი თანხებით ფონს იოლად გასვლის მარტივი სტრატეგიის მეშვეობით, ისეთი სახელმწიფოებისაგან ყიდულობს ამ თითიდან გამოწოვილ „აღიარებებს“, რომელთანაც ეს, უბრალოდ, იაფი უჯდება.
სამაგიეროდ, „სტრატეგიული მეზობლებისაგან“ საიმისო ილუზიის შექმნას ცდილობს, თითქოს მათ ფიქტიურმა „დამოუკიდებლობამ“ პროგრესის „ნაპერწკალი“ მოუტანა, რომ „უფროსი ძმა“ და ლობი მხარში უდგათ და ეხმარება. ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივი რეჟიმები, თვითმარქვია „სახელმწიფოებში“ არსებული ჩამყაყებული სიტუაციის ამოძრავების ილუზიას, საკუთარ, რაოდენობრივად უკიდურესად შემცირებულ, გაღატაკებულ და დეპრესიულ მოსახლეობას უქმნიან.
როგორც დაზუსტდა,ამ ეტაპზე აფხაზეთ–„სამხრეთ ოსეთი“ თვით ვანუატუმაც არ იკადრა. როგორც ჩანს, რუსული ბიუჯეტის განმგებლებმა სიძუნწე გამოიჩინეს. აფხაზი სეპარატისტები კი, შეგვიძლია „დავამშვიდოთ“: ასეთი ტემპებით თუ გააგრძელეს, იქნებ უახლოეს მომავალში, ვანუატუს თუ არა, პიტკერნის, ქოქოსის კუნძულების ან ტოკელაის აღიარებას მაინც გამოკრან ხელი.
კომენტარი