1.03.1994: СНГ -ში შესვლის თაობაზე კენჭისყრის წინ პარლამენტში გამომსვლელთა სტენოგრაფიული ჩანაწერები
საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი: 1994 წლის 1 მარტი, საქართველოს პარლამენტის სხდომა, სადაც კენჭი უყარეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (СНГ) შესვლის საკითხს.
კენჭისყრის წინ და პარლამენტის წევრების, ასევე სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლისას დარბაზში ხმაურობდნენ. ზოგჯერ გამომსვლელებს სიტყვასაც აწყვეტინებდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა ირაკლი წერეთელი, რომელიც უსტვენდა და პირდაპირ სამშობლოს მოღალატეს უწოდებდა ყველას, ვინც დსთ-ში გაწევრიანებას მისცემდა ხმას. რამდენიმე გამომსვლელმა დარბაზიდან მისი გაძევებაც კი მოითხოვა.
რამდენიმე გამოსვლის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა. შედეგი ცნობილია: საქართველო დსთ-ს წევრი გახდა. კენჭისყრის შემდეგ სხდომათა დარბაზში ვნებათაღელვა გაგრძელდა. თამაზ დიასამიძემ მიკროფონი დაამტვრია სიმწრისგან, მას მიბაძა აკაკი ბობოხიძემაც. პროტესტი ყველაზე უცნაურად პარლამენტის წევრმა, ლუიზა შაკიაშვილმა გამოხატა: მან სიმწრისგან სხდომათა დარბაზში ხმამაღლა წამოიწყო „შირაკა სტრანა მაია რადნაია“...
მათი სახელობითი სია, ვინც მხარი დაუჭირა და ვინც შეეწინააღმდეგა საქართველოს გაწევრიანებას დსთ-ში, მეორე დღესვე გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. გაწევრიანების მოხრეების უმრავლესობა დღეს ოპოზიციაშია, თუმცა, მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების დროს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეჭირათ.
„დრონი ჯი“ ამ დღეს გამომსვლელთა სტენოგრაფიული ჩანაწერებიდან გთავაზობთ ჯაბა იოსელიანის, ჭაბუა ამირეჯიბის, ედუარდ შევარდნაძის, ირინა სარიშვილისა და ირაკლი წერეთლის სიტყვით გამოსვლებს.
ჯაბა იოსელიანის გამოსვლა:
"ბატონებო, მე თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, უკვე ეს 2 წელიწადია მიდის ამაზე დავა, გვინდა ჩვენ ეს "სნგ" თუ არ გვინდა, რა გვინდა, იქ გვინდა, ეს ყველამ კარგად იცის, ყველას პოზიცია ნათელია, მაგრამ ერთი რამეა, რომ თუ რამე ალტერნატივა აქვს, თორემ მე აქ მარტო კრიტიკის მეტს ვერაფერს ვხედავ.
ამას მე ერთი წლის წინათაც ვამბობდი, რომ შევიკრიბოთ და ისიც მახსოვს, რომ ვთქვი, ეგრისის კრებასავით ჩავატაროთ და ვის რა პოზიციები აქვს, ვთქვათ. მაგრამ აქ ერთი მდგომარეობაა, ეგრისის კრებაზე იყო კონკრეტული ალტერნატივა - ან ირანი, ან ბიზანტია. იყო ძალები ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც და იყო რაღაც გარკვეულ საგანზე ლაპარაკი. აქ არ არის ეს საგანი, არ არსებობს.
ანეკდოტი რომ გავიხსენოთ, თქვენ არ გიყვართ ჩემი ანეკდოტები, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ეს, დეპუტატისა და გოჭის არ იყოს, კომუნისტების დროს რომ იყო, გინდა იყიდე გინდა არაო, მეტი არ არის. აი, მე ვფიქრობ ასეთი ვარიანტია აქ. თუ აქვს ვინმეს ალტერნატივა, კონკრეტული, ზოგადი და ლოზუნგური კი არა, აი, ასე და ისე... დასავლეთთან, არამედ კონკრეტული. ჩვენ ორი წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ვხედავდით, როგორ მიდიოდა ჩვენი ცხოვრება, როგორ დაიწყო ყველაფერი ესა და არავითარი გამოხმაურება არ პოვა ამან, გარდა ლოზუნგებისა და კაი ტკბილი ლაპარაკისა. ნუ, ზოგს მიაჩნია, რომ შეგნებულად კეთდებოდა. ეს ისეთი აბსურდია, რომ... მე ვიცი, როგორ მიიღო ბატონმა ედუარდმა ეს გადაწყვეტილება. მე მოწმე ვიყავი და მე უნდა ვთქვა, რომ მე თუ რამეში ვადანაშაულებ ბატონ ედუარდს, ვადანაშაულებ იმაში, რომ აი ამ პოპულისტურ ტალღას იყო აყოლილი. რომ არ ყოფილიყო პოპულისტურ ტალღას აყოლილი, ეს არ იქნებოდა, ჩვენ ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდით და იმ ოპოზიციონერებს, რომლებსაც დღეს ისევ იმ ტალღაზე უნდათ რომ გადაიყვანონ ქვეყანა, უკვე დანგრევისაკენ მიიყვანეს, დანგრეულია უკვე იმიტომ, რომ მე არ გამიგია, არ ვიცი, როგორ შეიძლება ის მოხდეს, რომ... ჩვენთან ყველაფერი თავდაყირაა, როგორ შეიძლება, სად გაგიგიათ, გეკითხებით მე თქვენ. ახლა აქ ლაპარაკი იყო...
მაგალითად, თავდაცვის და უშიშროების კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციონერი იყოს, სად გაგიგიათ ეს. აქედან დავიწყოთ ყველაფერი (ხმა დარბაზიდან). არსად არ არის ასე, საგიჟეთში არის მარტო (ხმაური). მე მინდა გითხრათ, ეს იმიტომ კი არ მომაქვს, ასეთი მილიონი მაგალითია და ეს სწორედ იმის ბრალია, რომ ჩვენ ანგარიშს ვუწევთ იმას, რისი გაწევაც არ არის საჭირო. არ უნდა გავუწიოთ ანგარიში. ოპოზიციონერი უნდა იყოს ოპოზიციონერი... ან ციხეში უნდა იჯდეს, ან მშიერი უნდა იყოს ან გაბრაზებული უნდა იყოს, აი ასეა. ასე... (ხმაური დარბაზში).
აბა, ოპოზიციონერიც იყო, მანქანაშიც იჯდე, კომისიის თავმჯდომარეც იყო, აგრე არ არის.
მეგობრებო, მე დღეს მოხსენება უნდა გამეკეთებინა და ამიტომ ვსარგებლობ, ცოტას მეც ვილაპარაკებ, თანაც მივდივარ. ახლა რა მინდა ვთქვა... ციხეში. ციხეში როდის მერე... ახლა არ უნდა ესა...
მე მარტო ერთი რამე მიკვირს. ჯინაობა სახელმწიფოს... საქართველოს პატრიოტები ვართ სუყველა და ჯინაობაა აქ, ჯინაობა, მეტს ვერაფერს ვერ ვხედავ მე. აი, მოდი, ჩვენ გავიტანოთ, არა ის გამოვიტანოთ, ასე არ არის. დაფიქრდით, ხალხო, რას აკეთებთ და რა მდგომარეობაშია ჩვენი ხალხი და ვისი ბრალია ეს ყველაფერი. არ იქნებოდა აფხაზეთი დაკარგული, რომ ჩვენ არ ავყოლოდით იმ პოპულისტებს (ხმაური დარბაზში).
დიახ, აფხაზეთი დაკარგეს პოპულისტებმა, რომ გამოდიოდნენ... (ხმაური დარბაზში). წალენჯიხის კომისია... (ყვირილი დარბაზში).
თავმჯდომარე: ე.ი. თქვენ მუშაობის ჩაშლა გინდათ (ყვირილი დარბაზში)."
ირინა სარიშვილის გამოსვლა:
"აქ "სნგ"-ს და რუსეთის დახასიათებაზე საკმაოდ ბევრი ითქვა უკვე და ძნელია ან ერთ მხარეს დაამატო რამე ან მეორე მხარეს. ჩვენი პოზიცია "სნგ"-სთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ არც უმრავლესობას და არც ოპოზიციის წევრები ვართ და ამდენად, ეგებ ამის გამო მაინც ტენდენციურობა ჩვენი მისამართით არ წამოვიდეს, განსაკუთრებით უმრავლესობის მხრიდან.
ახლა რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას. ძალიან ღრმად ვერ შევეხები იმიტომ, რომ დღეს ალბათ ცოტა სხვა გადაწყვეტილება არის მისაღები, თუ მივალთ საერთოდ ამ გადაწყვეტილებამდე და კონცენტრირება ალბათ უკეთესია, რომ ერთი საკითხის გარშემო მოხდეს. ეს არის კონკრეტულად "სნგ"-თან დაკავშირებით.
ბატონ ედუარდს ახსოვს ალბათ, ეს მარტო ჩემი აზრი არ ყოფილა, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს "სნგ"-ში შესვლაზე, ამას გადადგომაზე არ ვლაპარაკობ, უბრალოდ პირადად ჩემგანაც და არა მარტო ჩემგან, რამდენიმე იყო ამ აზრისა, მოჰყვა ძალიან რბილი რეაქცია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ გამოვსულვართ ქუჩაში, არ დაგვიწყია ყვირილი თვითონ პარლამენტშიც კი, ამას პარლამენტის წევრებიც, მიუხედავად კუთვნილებისა ვინ რომელ მხარეს არის, დაგვიდასტურებენ. ჩვენ უბრალოდ ჩვენი აზრი ჩავთვალეთ სწორად, ჩვენი პრინციპი ჩავთვალეთ სწორად და, ბუნებრივია, მე ვერ მივცემდი ჩემ თავს უფლებას დავრჩენილიყავი იმ მთავრობაში, რომელიც გამარჯვებულად გრძნობდა თავს. ერთია, როცა ტაქტიკური ნაბიჯია ვინმესთვის "სნგ" და მეორეა, როცა ეს არის სურვილი. დამარცხებულ ქვეყანას, ჩემი ღრმა რწმენით, არ შეიძლება გამარჯვებული ხელისუფლება გყავდეს და არ შეიძლება საერთოდ რომელიმე გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ან სიხარულით სახე გაგვინათდეს ან, ვთქვათ, ერთმანეთი დავხოცოთ იმიტომ, რომ დღეს აქ გასახარელი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება რამე რომ მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ მე წინააღმდეგი ვარ, "სნგ"-ში შესვლის, გასახარელი საქართველოსთვის, მას შემდეგ რაც საქართველო "სნგ"-ში შევიდა, დღეს არც ერთი ჩვენთაგანისთვის არ შეიძლება რომ იყოს. ამიტომ აქედან გამარჯვებული ბუნებრივია ვერავინ ვერანაირი შედეგის შემთხვევაში ვერ გავა, მიუხედავად იმისა, ვინ ვის დაუძახებს შემდეგ მოღალატეს. ეს რომ იყოს ხსნის გზა, ყველა თანახმა იქნებოდა იმ გმირის მოსასხამზეც და ყველაფერზე, რომ ერთს მხსნელი დაუძახონ და მეორეს მოღალატე. ეს არ არის გამოსავალი. ჩემთვის, "სნგ"-ში მაშინ შესვლა ძალიან მარტივად აიხსნა იმით, რომ ჩვენ რომ მივიყვანეთ აქამდე საქმე, ეს სხვა საქმეა, ეს მერე ცალკე მსჯელობის საგანი გახდება არცთუ ისე შორეულ მომავალში, ჩემი აზრით, გასაგებია აფხაზეთში რაღაც მოხდა, შემდეგ სოხუმი დაიკარგა. ამას მე ძალიან უტრირებულად ვამბობ იმიტომ, რომ ამის დრამატიზირების თავიც აღარა მაქვს უკვე, თუმცა
შემდეგ, როგორც გავარკივეთ ჩვენ, ე. ი. ორი რუსული დივიზიის შემოყვანაზე იყო საუბარი სოხუმის დაკარგვამდე. ამ რუსულ დივიზიაზე უარი ითქვა იმ მიზეზით, რომ ეს იქნებოდა ოკუპაცია. მე აბსოლუტურად არ მაკმაყოფილებს ის მოტივი, რომ აი, თუ შემოყვანაზე სახელმწიფოს მეთაური დათანხმდებოდა, მაშინ რამდენიმე წევრი თანამდებობიდან გადადგებოდა. ჩვენ თუ არ გვქონდა პრინციპი უკვე აღებული, რომ ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ, "სნგ"-ზე მაქვს საუბარი, მაშინ ჩვენ ამ რუსულ დივიზიაზე უარის თქმით უფლებაც არ გვქონდა. და ვინც არ უნდა გადამდგარიყო, მთელი მთავრობა რომ წასულიყო, ჩვენ ჩვენი გზით უნდა გვევლო. ეს არის ფაქტი. მე ამის მომხრე ვარ, თუ არა ვარ მომხრე, იქ სარიშვილი გადადგებოდა, ყარყარაშვილი გადადგებოდა, თუ ვინც არ უნდა გადამდგარიყო, თუ ჩვენ არ გვქონდა კონკრეტულად გამოხატული ჩვენი პრინციპი, მაშინ სჯობდა, რა თქმა უნდა, "სნგ"-ში აფხაზეთიდან რომ აღმოვჩენილიყავით. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ვიდრე დაკარგული აფხაზეთით და ახლა რაღაც ბუნდოვანი იმედებით.
მაშინაც ითქვა ის, რომ ეგებ სჯობდეს, ეს რაღაც ტაქტიკური ნაბიჯი იყოს, და მე ღრმად მწამს, რომ ეს სახელმწიფოს მეთაურიდან იყო ტაქტიკური ნაბიჯი, ეს პერიოდი ჩვენ სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის უნდა გამოვიყენოთ, აი, ეს სიმშვიდე, თუ ამას სიმშვიდე ჰქვია, რასაც ეს ნაბიჯი მოგვიტანს და საბოლოოდ ნუ დავაკანონებთ იმას, რაც შეიძლება საქართველოსათვის საკმაოდ არასასურველი აღმოჩნდეს არცთუ ისე შორეულ მომავალში. აქ იყო ანალოგიები გაკეთებული 18 და 21 წელთან და 1801 წელთან. მე ვერ დავეთანხმები ვერც ერთი ამ ანალოგიის ავტორს, მე ვერ ვხედავ ამასთან ანალოგიას და რატომ? იმიტომ, რომ 1801 წელს არსებობდა საკმაოდ რეალური მოტივი, სხვა საქმეა ჩემთვის რამდენად მისაღები, ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენის. ამ მოტივს თავისი საფუძველი ჰქონდა და რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი იყო ერთგვაროვანი და ერთიანი. რუსეთში საქართველოს მიმართ, კავკასიის მიმართ, თუ სხვა კუთხის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობდა. იგივე იყო, სხვათაშორის, 1921 წელსაც. ახლა ჩვენ შევხედოთ დღევანდელ რუსეთს, დავაკვირდეთ იმას, რომელი ძალა რა ტემპებით იკრებს ტემპს, რომელი ძალა შეიძლება აღმოჩნდეს დღეს თუ ხვალ ხელისუფლების სათავეში და რამდენად გვაქვს ჩვენ იმის საშუალება, რომ ასე მკვეთრად დავაფიქსიროთ ან ერთი ან მეორე პოზიცია. მე ვარ უფრო იმის მომხრე, ბატონო ედუარდ, რომ კენჭისყრა არ შედგეს. ამ საკითხის ჩავარდნამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთთან გამწვავება დღეს, მაგრამ ეს იქნება ძალიან ცუდი ხვალისთვის და იმდენად ცუდი, რომ შეიძლება ჩვენ უკან მობრუნება ვერ მოვახერხოთ. ამ საკითხის გატანამ შეიძლება ეს გადაწყვეტილება თავიდან მაინც არ აგვაცილოს და მე შევეცდები ერთი მაგალითით დავადასტურო, თუ რა ტენდენციებია თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ეს იქნება ძალიან კარგი ხვალისთვის. მაგრამ ორივეს ერთად სჯობია, რომ ჩვენ ეს საკითხი არ დავაყენოთ კენჭისყრაზე. მითუმეტეს აშშ-ში ვიზიტის წინ.
მე ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილთან მქონდა გუშინ საუბარი, ეს ჩემთვის საიდუმლო არ იყო, მან კიდევ ერთხელ დამიდასტურა, არის გარკვეული ულტიმატუმური სახის მიმართვა რუსეთიდან, რომელიც, თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა სამინისტროში ინახება, რომ 7 მარტამდე არის საუბარი, რომ მოხდეს რატიფიკაცია. თუ რომელიმე ჩვენგანი, მიუხედავად იმისა, ვის რა გვგონია დღეს რუსეთი, ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს ინტერესებიდან აკეთებს ამას და იმიტომ აკეთებს იმას, რომ საქართველოს მეთაურმა ამერიკიდან მეტი ჩამოიტანოს ამ რატიფიკაციის გზით, მაშინ ძალიან შევმცდარვართ. მე მგონი, ასეთი აზრი არავის არ შეიძლება რომ ჰქონდეს. ამიტომ არსებობს უმტკვინეულო გამოსავალი დღევანდელი დღისათვის, მით უმეტეს, რომ აშშ-ში ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართლა. ეს მნიშვნელობა ჩვენ შეიძლება დღევანდელი დღით დავიყვანოთ ნულამდე და საერთოდ ამ ვიზიტს მნიშვნელობაც არ ჰქონდეს და ამიტომ რაღაცნაირად ამაზე უნდა ვიფიქროთ. მე ჩემსას გთავაზობთ.
ახლა რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას. აქ იყო ნათქვამი, რომ რადიკალიზმი არ არის მისაღები. მე გეთანხმებით, ბატონო ელდარ, რადიკალურ აზროვნებას და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკურ აზროვნებასაც კი ნამდვილად ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს. მე გეთანხმებით ამაში. მაგრამ, მოდით დავფიქრდეთ, და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სუფთა ფსიქოლოგიურ დონეზე ვთქვათ, რამ გამოიწვია ზვიად გამსახურდიას გამარჯვება, აი, ასეთი ტიპის რადიკალიზმის გამარჯვება საქართველოში?
მე არაფერს აღარ ვამბობ რუსეთის აგენტურის მუშაობაზე. თვითონ ხალხის განწყობილება რატომ გახდა ასეთი, იმიტომ, რომ არსებობდა ამაზრზენი კონფორმისტული ფონი და ერთმა უკიდურესობამ შვა მეორე უკიდურესობა. ბატონო ელდარ, დღეს შეიძლება ჩვენი დღევანდელი სახით, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, შევქმნათ ასეთივე ამაზრზენი კონფორმისტული ფორმა და ერთგვარი ჯადოსნური წრე შეიკრას და მოვიდეს დრო საქართველოს განთავისუფლების და აი, იმ პერიოდში ხელისუფლება თქვენთვის და ჩემთვის და ყველასათვის მიუღებელმა რადიკალურმა ძალებმა ჩაიგდონ ხელში; მაშინ სად მივდივართ? ამაზე რატომღაც არავინ არ ფიქრობს. მე ერთი რამე მაინტერესებს - უკვე ტყუილები დაიწყო, ჩვენი მხრიდან ტყუილები დაიწყო, ტელევიზიიდან ტყუილები დაიწყო, არავინ არ ითხოვს ბატონო რუსეთისათვის მუშტების ქნევას, ეს ისევე მიუღებელია ჩემთვის, როგორც რუსეთთან სიყვარულის ფიცი; იმიტომ, რომ ამას არც ერთი სახელმწიფო არ აკეთებს. მაგრამ მე ერთი რამე მაინტერესებს. გუშინ იყო, თუ არ ვცდები, ასეთი გადაცემა, სადაც ახსენეს, რომ კაზაკი ეროვნების ჯარისკაცებმაო დაჭრეს ვიღაც ქართველები. კაზაკი ეროვნება რომ არსებობს, ჯერ ეს რუსეთს თვითონ არ დაუდგენია. იქამდე ვართ უკვე მისულები, რომ ოღონდ რაღაცა არ ვთქვათ, რაღაც გავალამაზოთ და საკუთარ ხალხს რაღაც დავუმალოთ, რომ რაღაც აბსურდული ცნებები შემოგვაქვს უკვე ჩვენს აზროვნებაში თვითონ. ისევე როგორც კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს რას გადმოსცემს "ნოვოსტი", რას გადმოსცემს "ვესტი", რა მდგომარეობაშია დღეს ელცინი. ბატონო ედუარდ, არც თქვენთვის იქნება ეს საიდუმლო, რომ ელცინი ნელ-ნელა კარგავს თავის გავლენას რუსეთში, კარგავს როგორც დემოკრატების მხრიდან, რომელთა თვალშიც ელცინი არასაკმარისი რეფორმატორი და დემოკრატია, ასევე რეაქციონერების მხრიდან, რომელთა თვალში ელცინი არასაკმარისი რეაქციონერია და ის ცოტა ხანში შეიძლება აღმოჩნდეს გორბაჩოვის მდგომარეობაში. ჩვენ, როცა არანაირი პერსპექტივა თვითონ რუსეთს არა აქვს პროგნოზირებული, როგორ ვაკეთებთ ამას. რა უფლებით ვაკეთებთ იმას, რომ რაღაც მკვეთრი ნაბიჯი გადაიდგას ჩვენი მხრიდან და, ფატალისტური აზროვნების მომხრე მე არა ვარ, მაშინ შეიძლებოდა მოსულიყო რუსეთიდან წერილი, რომ შემოგვიერთდით გუბერნიად, თორემ ეკონომიკურ ხელშეკრულებას არ ავამოქმედებთ და ალბათ მაშინ ამაზეც უნდა დავთანხმებოდით. და კიდევ ერთი, მე ვამთავრებ, ცოტა გადამიცდა, მაპატიეთ.
საქმე რაშია, ბატონო ედუარდ, ჩვენ ვიყავით ის ხალხი, რომლებიც წინააღმდეგი ვიყავით საბჭოთა კაშვირის დანგრევის. ამას რატომ ვამბობთ. რომ, გასაგებია, მიუხედავად იმისა, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს ერთმანეთის მიმართ, ერთმანეთის მდგომარეობაში შევიდეთ. დანგრევის წინააღმდეგი ვიყავით და ამისათვის ვიბრძოდით. თქვენც ბატონო ედუარდ, თქვენ რომ ჩამობრძანდით, მაშინაც ბრძანეთ, რომ ამის მომხრე..., სხვათაშორის ალბათ ჩვენზე მეტი თქვენ გააკეთეთ იმიტომ, რომ თქვენი პოზიციიდან გაცილებით ადვილი იყო ამის გაკეთება, ვიდრე, ვთქვათ, ეროვნული მოძრაობიდან ან ქუჩიდან, როგორც გვიყვარს ჩვენ ამის ლაპარაკი.
ჩვენ ხომ ვართ პასუხისმგებლები, ბატონო ედუარდ, იმ შედეგებზე, რაც ამ საბჭოთა კავშირის ნგრევამ მოიტანა. რომელ ეტაპზე გადახტომაზეა საუბარი. ჩვენ ხომ გავიარეთ ეს ეტაპი. ჩვენ ხომ უნდა ვუპასუხოთ რამე იმ ხალხს, რომელსაც უჩნდება შეკითხვა - მაშინ რატომ მაღვრევინეთ სისხლი, მაშინ რატომ ვიშიმშილეთ, მაშინ რატომ მოვიკალით თავი ამ კუპონზე, თუ ყველაფერი ეს სულერთია. ამას ემოციებით არ ვამბობ მარტო. ადამიანმა გაჭირვებას შეიძლება გაუძლოს გარკვეული მიზნით. მაპატიეთ, მაგრამ საერთაშორისო ავტორიტეტს საქართველოსათვის "სნგ"-ში შესაყვანად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს საერთაშორისო ავტორიტეტი საქართველოს ხომ უნდა გამოეყენებინა. ამ საერთაშორისო ავტორიტეტით მიღებული კრედიტები მედროვეების ჯიბეებში უნდა წასულიყო, თუ სახელმწიფო ხაზინაში. დღეს ჩვენ იმაზე რომ ვლაპარაკობთ, "სნგ"-ში შეღავათიანი ფასები იქნება, კი ბატონო, მაგრამ მე ჯერ ეჭვი მეპარება, მაგრამ შეიძლება იყოს. 40+ რომ დააკლებენ სახელმწიფო ხაზინას, არ შეეტყობა და ისევ ვიღაცეები... ძალიან კარგად იცით, რაზეც არის ლაპარაკი და რა ხალხსაც ეყრდნობა დღეს სახელმწიფო, ამას რა მნიშვნელობა აქვს. რატომ მოგვაქვს ერთი მიზეზი სხვა მიზეზად, როცა მიზეზი ჩვენი უბედურებისა და სიდუხჭირისა პირველ რიგში ვართ ჩვენ.
და კიდევ ერთი მინდა ვთქვა. აქ ერთ-ერთმა ძალიან პოპულარულმა, დღეს უკვე ჟურნალისტმა, ამას წინათ ბრძანა ასეთი ციტატა: "სამშობლო დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა - ეს კარგია, მაგრამ ლირიკააო". იცით რა, ყოველგვარი ემოციის გარეშე გეუბნებით, ჯერ ხომ უბედურებაა, რომ ასეთი ჟურნალისტი არსებობს და სჯობია, რომ ასეთი აზრი არ არსებობდეს. მაგრამ ამაზე უფრო დიდი უბედურება ის არის, რომ ხელისუფლება არ უნდა გვყავდეს ჩვენ ისეთი, რომლისათვისაც აი სამშობლოს გაცვლა-არგაცვლა ლირიკა იქნება, მაპატიეთ...."
ჭაბუა ამირეჯიბის გამოსვლა:
"ქალბატონებო და ბატონებო, შევეცდები ძალიან მოკლედ გამოვთქვა ჩემი აზრი ამ პრობლემის გარშემო. უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვთქვა კმაყოფილება დღევანდელი პარლამენტის სხდომის მსვლელობის გამო. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. როგორც იტყვიან გამოჩნდა ცისფერი და შავი, თეთრი და შავი (ხმაური დარბაზში). საქართველოს წინაშე ყოველთვის იდგა პრობლემა და დღესაც დგას. ვისთან, ვისი მფარველობის ქვეშ იყოს საქართველო. ასე იყო მთელი ისტორიის მანძილზე და დამსწრე საზოგადოებას პატიებას ვთხოვ, რომ ეს მას შევახსენე. მე აქ ერთხელ გამოვედი და ვთქვი, რომ რუსეთისაგან ღალატის მეტი ჩვენ არაფერი არ გვინახავს.
დავიწყე 1773 წლიდან, მოვედი 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევამდე. მაგრამ ჩემი გამოსვლა მაშინ მე დავამთავრე ასე:
სხვა გზა, სხვა ხსნა არ არსებობს. ალტერნატივა არ არის. აქ ვიღაცამ თქვა, რომ ომის მდგომარეობაში ვართო, თუ ომი დავიწყოთო, თუ რაღაცა ასეთი. ე.ი. ომი არ არის ოლიმპიური თამაშები, - ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა აქ, - რომელშიც მთავარი იყოს მონაწილეობის მიღება. რა გამოვა იმ ომიდან, ყველას მოგვეხსენება ძალიან კარგად. რაც შეეხება იმას, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ბატონი ედუარდის ნიუ-იორკში წასვლამდე, მე მაგალითად ამას ვასაბუთებ ასე - "სნგ"-ში შესვლა მისცემს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ ვეტოს უფლების მქონე პირს, რუსეთის წარმომადგენელს, მისცემს საშუალებას მხარი დაუჭიროს უშიშროების საბჭოს ისეთ დადგენილებას, რომელიც ჩვენი სასარგებლო იქნება. ახლა... (ხმაური დარბაზში). რაც შეეხება წესდებასთან შეერთებას, კერძოდ ამ საკითხს.
მე დღეს არ მეგულება არც ერთი ნორმალური სახელმწიფო თავისი ჭკუათმყოფელი პარლამენტით, რომ რომელიმე გაერთიანების წევრი არ იყოს.ვერაფერ ტრაგიზმს მე ვერა ვხედავ იმაში, რომ "სნგ"-ს გაერთიანებაში შევიდეთ. რაც შეეხება დადებით მხარეს ამ ნაბიჯისა, მე ბევრს ვხედავ და ბევრი იყო ნათქვამი და აღარ გავიმეორებ. მაგრამ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც აქ ითქვა უკვე. აი უარი ვთქვით ჩვენ და არ შევედით, არ მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას, რა იქნება მერე? ამას დავუფიქრდეთ კარგად. (ყვირილი დარბაზში). რამდენიც არ უნდა იყვიროთ, მე ისეთი კაცი ვარ, რომ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი, იყვირეთ რამდენიც გინდათ. საერთოდ მე ვთვლი, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამია, ალბათ საჭიროა შევწყვიტოთ კამათი და ვუყაროთ კენჭი ამ საკითხს. გმადლობთ."
ირაკლი წერეთლის გამოსვლა:
"ახლა აქ ბევრი ითქვა რატომ უნდა შევიდეთ "სნგ"-ში და ისიც ითქვა, რატომ არ უნდა შევიდეთ "სნგ"-ში. რატომ არ უნდა შევიდეთ, მე თავს აღარ შეგაწყენთ, მოკლედ გავიმეორებ... (ხმა დარბაზიდან).
არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც პრაგმატული და არც ზნეობრივი მოტივებით ეს გამართლებული არ არის. ერთ რამეზე მოვილაპარაკოთ. მე არ ვიცი ეს საკითხი მივა თუ არა კენჭისყრამდე, თუ მივა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ კენჭისყრში, ან, რა თქმა უნდა, საწინააღმდეგოს მივცემთ, მაგრამ ერთ რაღაცაზე მოვილაპარაკოთ:
აქ ოთხი კატეგორიის ხალხია, ვისაც უნდა "სნგ"-ში შესვლა. ერთი კატეგორია ხალხისა, - პარლამენტს არ ეხება, ეხება მთლიანად საქართველოს - წმინდა პრაგმატული, კარიერისტული მოსაზრების გამო შექმნილი მდგომარეობის დათმობა არ უნდათ და "სნგ"-ში კი არა კომის ავტონომიურ რესპუბლიკის შემადგენლობაში შევლენ, თუ ეს მათ რაღაცას მისცემს. არის მეორე კატეგორიის ხალხი - აგენტურა, როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტის გარეთ, რომლებიც დავალებებს ასრულებენ. არის მესამე კატეგორია ხალხის, რომლებსაც გულწრფელად ეშინიათ რუსეთის განაწყენების. ეს "სნგ"-ს მომხრეთა შორის შედარებით პატიოსანი ხალხია და მეოთხე კატეგორიის ხალხი, რომელიც ჩამოყალიბდა 21 წლამდე და შემდეგ ბოლო 70 წლის მანძილზე, რომ რუსეთის სივრცის გარღვევის გარეშე მათ ვერ წარმოუდგენიათ არსებობა იმიტომ, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებულობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არ იძლევა უფრო დიდ სივრცეზე გასვლის საშუალებას (ხმა დარბაზიდან: რატომ არ იძლევა). რატომ არ იძლევა ეს... არ იძლევა, ეს ბატონმა სახელმწიფოს მეთაურმაც თქვა, რომ მწერლობასაც სხვა სივრცე არ გააჩნიაო და აი, აქედან გამომდინარე გავაკეთე მე ეს. არ იძლევა იმიტომ, რომ სხვაგან არსად არ... (არ ისმის, სიცილი დარბაზში).
ახლა მთავარი საკითხი. ჩვენ მოვილაპარაკოთ. მე არ ვიცი ახლა აქ ყველა პარლამენტის წევრი იტყვის, რომ ჩვენ ის პატიოსანი ხალხი ვართ, ვისაც გვეშინია, რომ კიდევ უფრო გამწვავდება მდგომარეობა და საერთოდ დაიკარგება ქართული სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის პერსპექტივები და როგორც ბატონმა გივი ლომინაძემ აღნიშნა და სხვებმაც აღნიშნეს, აი სწორედ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ა.შ. და ა.შ. აი ამ კარგი მდგომარეობის შენარჩუნებისათვის გვინდა "სნგ". მაშინ მოვილაპარაკოთ, ღმერთმა ნუ ქნას და თუ მაინც მოხდება ეს რატიფიკაცია, რამდენი დრო მოგცეთ კიდევ, რომ...
იმიტომ, რომ მე მქონდა ლაპარაკი რამდენიმე დეპუტატთან "სნგ"-ს მომხრეებთან, მგონი ბატონი... რა ჰქვია თერჯოლის დეპუტატს? ამირანი, იმან თქვა, რომ თუ "სნგ"-ში საქართველოს მიღებით ჩვენი დამოუკიდებლობა დამოკიდებულების საკითხთან, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და გაღრმავების საკითხთან გამართლდება, მაშინ მთელი საქართველო, მთელი პარლამენტი "სნგ"-ს მომხრეც და მისი მოწინააღმდეგეც მოგებული რჩება. მაგრამ თუ არ გამართლდება, მაშინ მთელი საქართველო რჩება წაგებული, მაგრამ "სნგ"-ს მომხრეები მერე მაინც წახვალთ თუ არ წახვალთ ასპარეზიდან? აი ამაზე მოვილაპარაკოთ.
ე.ი. მე ყველა ვარიანტში წინააღმდეგი ვარ (ხმა დარბაზიდან). როგორ? (კამათი დარბაზში). რაც შეეხება ალტერნატივას ვერ ვხედავთო, აქ ითქვა და პროგრამები არ არისო. არის პროგრამები, ალტერნატივაც არის. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლების ქვეშ საქართველო "სნგ"-ში იქნება თუ "სნგ"-ს გარეთ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. უნდა შეიცვალოს ძირეულად აღმასრულებელი ხელისუფლება, უნდა შეიცვალოს ძირეულად სახელმწიფო პოლიტიკა და ეს არის თავისთავად ალტერნატივა. საკითხის ისეთი დაყენება, რომ "სნგ"-ს გარეშე ქართველი ერი ფიზიკურად არსებობას შეწყვეტს, ეს, მაპატიეთ და ერის შეურაცხყოფაა. მაშინ თუ ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ერის ქვეშევრდომობის გარეშე ჩვენი თავის შენარჩუნება, მაშინ რად გვინდა საერთოდ სახელმწიფოებრიობა და არაფრის ღირსნი არ ვყოფილვართ. აი ეს არის ისეთი პოლიტიკა, რომელიც ინერგება მთელი 70 წლის მანძილზე, რომ ქართველ ერს არ შეუძლია...
მე მესმის რომ მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ ამაზე მძიმე რაღა უნდა იყოს. კიდევ ოპოზიციას ბრალდება აფხაზეთის დაკარგვა. ბატონ შევარდნაძეს რომ დაეგდო ჩვენთვის ყური და ის ეკეთებინა, ვთქვათ, რასაც მე ვეუბნებოდი (სიცილი დარბაზში), თედო პაატაშვილი და ა.შ., მაშინ, კი ბატონო, მე ვიტყოდი, რომ ჩემი ბრალია აფხაზეთის დაკარგვა-თქო, მაგრამ საწინააღმდეგოს რომ აკეთებდა და მაინც დაიკარგა, ვისი ბრალია, რა თქმა უნდა, თქვენი ბრალია. აი ეს არის. მეტი არაფერი."
ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა:
"...მას შემდეგ, რაც საქართველო გავიდა გარკვეულ სივრცეში, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავუკავშირეთ ჩვენი ბედი საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროს, ევროგაერთიანებას, გარკვეული აზრით ნატოსაც, დავიწყეთ თანამშრომლობა და სხვა ევროპულ საპარლამენტო სტრუქტურებს და ა.შ. მას შემდეგ, რაც გაირკვა ჩვენი ურთიერთობა ჩვენ მეზობლებთან - თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან, ასევე გერმანიასთან, საერთოდ დასავლეთთან და აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებთან. მას შემდეგ, რაც ჩვენ შევედით შავიზღვისპირა ქვეყნების ეკონომიკურ ალიანსში, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ინიციატორი და დამაარსებელია საქართველო, რომელიც სამწუხაროდ და ჯერ-ჯერობით ჩვენ ვერ გვიშველის იმიტომ, რომ მისი ფორმირება დასაწყის სტადიაშია და სავსებით გასაგები მიზეზების გამო და მას შემდეგ, რაც დატრიალდა ეს უბედურება, ეს ტრაგედია, დავკარგეთ აფხაზეთი და მას შემდეგ, აი ამას მე გთხოვთ განსაკუთრებით მიაქციოთ ყურადღება, თუ შეიძლება გამიწიეთ ანგარიში, რაც ქობალიას რაზმები ქუთაისს მოადგა, წყალტუბო თითქმის აღებული იყო, სამოქალაქო ომი უკვე გარდუვალი იყო, სამოქალაქო ომი დაიწყო საქართველოში და მე მინდა შეგახსენოთ, რომ მიმაჩნდა, რომ ჩვენ ლამის განწირული ვართ მასიური ხოცვა-ჟლეტისათვის. თქვენ გახსოვთ აქ თბილისელების შეკრება და არა მარტო თბილისელებისა, ის განგაშის ზარები, რომელიც აქ ირეკებოდა.
ნუ დავივიწყებთ ამ ამბავს და მე მაშინ, მართლაცდა ტრაგიკულ დღეებში ვეახლე მოსკოვს და ვთხოვე დაეცვათ მაგისტრალები, რკინიგზის მაგისტრალები, ჩვენი პორტები, რადგან დაიკავეს ფოთი, თქვენ გახსოვთ ეს დღეები, დაიკავეს და გაძარცვეს ფოთი, სამტრედია, გადაიჭრა ყველა არტერია თბილისისაკენ მომავალი და არა მარტო თბილისისაკენ და თბილისში დარჩა 3 თუ 4 დღის მარაგი ფქვილისა და პურისა.
ამაზე უფრო მძიმე მდგომარეობის წარმოდგენა ძნელია, ძნელია ჩემთვის, ამიტომაც ჩემი თხოვნით იყო ის, რომ მოსკოვში მოიწვიეს სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩემთან ერთად, შევხვდით ოთხეული და ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ შეიძლება მოხდეს, დატრიალდეს მართლაც დიდი უბედურება, არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ამიერკავკასიისათვისაც. იყო მიღწეული პრინციპული შეთანხმება იმის შესახებ, რომ როგორმე მაგისტრალები დავიცვათ.
შევთნხმდით იმაში, რომ დანარჩენი ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ. იმდენად მართლაც დრამატული და ტრაგიკული იყო ეს ყველაფერი პირადად ჩემთვის და ბევრი თქვენთაგანისათვის იმ დღეებში, რომ მე 16-ჯერ მაინც ველაპარაკე შავი ზღვის ფლოტის ადმირალს ბალტინს და მე ვუთხარი, რომ თუ თქვენ მიგაჩნდათ საჭიროდ, მე ჩამოვფრინდები, სევასტოპოლში ჩამოვალ და შევხვდები პირად შემადგენლობას, უნდა მოგვეხმაროთ ამაში, რომ ფოთი როგორმე დაიბრუნოს ხელისუფლებამ. სხვა შემთხვევაში შიმშილი და უბედურება გარდუვალია. ან მეორე გამოსავალი იყო მაშინ, უნდა დაგვეყარა ფარხმალი, დიალოგი ჩვენ არ გამოგვდიოდა... არც უშუალოდ იმ მოძრაობის ლიდერთან, ახლა მე არ მინდა ცუდად მოვიხსენიო. არაფერი სხვა გამოსავალი არ იყო და მე მაშინ ათი ათასი მადლობა ვუთხარი იმ კაცს, რომელმაც აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა და რამდენიმე სამხედრო გემი შემოიყვანა ფოთში.
მაშინ, ნუ შემედავებით თუ ამ სიტყვას გამოვიყენებ, გადარჩა დედაქალაქი, პრაქტიკულად გადარჩა საქართველო, თუ გადარჩენაზე შეიძლება ლაპარაკი. ჯერ არ არის გადარჩენილი, მაგრამ ამის პირობა შეიქმნა. აი ასეთ დროს, ასეთ პირობებში და ამ უფლების გათვალისწინებით, რაც ამას წინ უძღოდა, მე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. მე გთხოვთ ნუ დავივიწყებთ იმასაც, მოწმეებია ხომ, აქ არის მე მგონი, ბალუაშვილი უნდა ესწრებოდეს, გენერალური პროკურორის მოადგილე, მოწმეებია დაკითხული, კბილებამდე შეიარაღებული რაზმები, არა მარტო აფხაზები, არამედ ჩეჩნები, კაზაკები, სხვადასხვა ეროვნების დაქირავებულები შემოვიდნენ ზუგდიდში, მე თვითონ ვიყავი ხობსა და სენაკში, იმ სახლებში, სადაც ისინი ღამეს ათევდნენ, სადაც ხალხი იხვრიტებოდა.
წავიდეთ და ვკითხოთ იმ კუთხეში ხალხს. ეს ხომ ფაქტია, ეს ხომ ნამდვილი ამბავი იყო. და ამიტომ მე ვთქვი, შეიძლება გამასამართლონ, შეიძლება მოხდეს ასე, შეიძლება მოხდეს ასე, შეიძლება დახვრეტა მოგვისაჯონ, ჩამოხრჩობა მოგვისაჯონ, მაგრამ როცა კაცი დარწმუნებული ხარ, რომ სხვა გამოსავალი არ არის და ამან შეიძლება ხალხი გადაარჩინოს, ქვეყანა გადაარჩინოს, მაშინ მე მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცე. არ გავექეცი ამ პასუხისმგებლობას.
გნებავთ დაგმეთ ჩემი საქციელი, გნებავთ ნუ დაგმობთ, მაშინ მივიღე მე გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა შევიდეს "სნგ"-ს შემადგენლობაში."
კომენტარი