უბიწო მუცლადღება – ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედი
ხანგრძლივი სიცოცხლით დასჯილი ღვთისმეტყველი
უფლის ნება იყო, რომ „წმიდა წერილის“ ტექსტი ხელუხლებლად და შეუცვლელად მისულიყო დედამიწის ყველა ხალხამდე საუკუნეების განმავლობაში. ეს დიადი საღვთო მისია შესრულდა ეგვიპტის განმგებლის – პტოლემეოს ფილადელფოსის მეოხებით. მესამე საუკუნეში ქრისტეს დაბადებამდე მან განაჩინა, რათა ებრაელთა კანონები, რომლებიც თავმოყრილი იყო ბიბლიაში, თარგმნილიყო ბერძნულ ენაზე – ფორმალურად ეს იმ მიზეზით უნდა მომხდარიყო, რომ მისი გამოყენება შეძლებოდათ ებრაელებს, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ ბერძნული სამეფოს სხვადასხვა მხარეებში და მათთან ერთად, საღვთო წიგნებით დაინტერესებულ ბერძნებს. არსებობს მოსაზრება, რომ თარგმანი შესრულდა იმ წინარეზრახვითაც, რათა სრული სიზუსტით შემონახულიყო ბიბლიის ტექსტი, მომავალში ებრაული დედნის დამახინჯების შემთხვევაში.
ბიბლიის თარგმნის საქმეს სათავეში ჩაუდგა 72 ღვთისმეტყველი – 6–6 ებრაელთა თითოეული მუხლიდან. გადმოცემის მიხედვით, „წმიდა წიგნი“ ითარგმნა 72 დღეში. 72 სწავლულს შორის აღმოჩნდა წმინდა სვიმეონი, რომელსაც ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნა ერგო წილად. ღირსი მამა დიდი მოკრძალებითა და ღვთისმოშიშებით შეუდგა საქმეს. მაგრამ, როცა იმ ადგილამდე მივიდა, სადაც ესაია მაცხოვრის შობას წინასწარმეტყველებს: „აჰა ესერა, მიუდგეს ქალწული და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ“, უეცრად შეცბა: „როგორ შეიძლება, ქალწულმა მამაკაცის გარეშე შობოს ყრმაო“, - გაიფიქრა და დანა აიღო, რათა სიტყვა „ქალწული“ ამოეფხიკა და მის ნაცვლად „დედაკაცი“ ჩაეწერა. ამ დროს მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა: „სვიმეონ, გწამდეს, რაც წერია და საკუთარი თვალით იხილავ, როგორ აღსრულდება ეს სიტყვები, რამეთუ არ მოკვდები, სანამ არ იხილავ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს“.
მას შემდეგ გავიდა ორ საუკუნეზე მეტი. ერთხელ წმინდა სვიმეონი ჩვეულებისამებრ ტაძარში ლოცულობდა. იმ დღეს მრავალ დედას მოჰყავდა ტაძრად პირველშობილი ყრმა. გამოჩნდა წმინდა მარიამიც მართალ იოსებთან ერთად. მათ ორმოცი დღის იესუ მოჰყავდათ, ღარიბულ საფენებში გახვეული, მაგრამ ზეციური ნათლით მოსილი. სულიწმიდის მინიშნებით წმინდა სვიმეონი მიხვდა, რომ სწორედ ის ყრმა იყო ქალწულისაგან შობილი მაცხოვარი. მიეახლა კრძალვით ყრმა იესუს, მიირქვა თავის მკლავებზე და წარმოთქვა: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი... განმიტევე, უფალო, რაითა წარვიდე და ვახარო ძველი აღთქმის მართალთ - აბრაამს, ესაიას, მამასა შენსა დავით წინასწარმეტყველს - შენი მობრძანება“.
აუტოდაფეთი დასჯილი მოდერნისტული თარგმანი
ამერიკის სულიერ ცხოვრებაში გასულ საუკუნეში, ერთი შეხედვით, დიდი მნიშვნელობის მოვლენა მოხდა. შესრულდა ბიბლიის ახალი ინგლისური თარგმანი. წინა თარგმანი, რომელსაც იყენებდნენ ასზე მეტი წლის მანძილზე, მიიჩნიეს მოძველებულად და ამიერიდან იგი შეიცვალა ახლით, რომელზეც მუშაობდნენ ასობით მეცნიერები 15 წლის განმავლობაში.
პირველივე წელს გაიყიდა ახალი ბიბლიის ორ მილიონამდე ეგზემპლარი. წიგნით მოვაჭრეთა აღიარებით, ეს იყო ყველაზე დიდი მოთხოვნილების წიგნი. მაგრამ ყველგან ერთნაირი მოწონებით როდი შეხვდნენ წიგნს – პროტესტანტების უფრო მეტად კონსერვატულმა ნაწილმა, ეგრეთ წოდებულმა ფუნდამენტალისტებმა, მტრულად მიიღეს იგი: ახალი ბიბლია რამდენიმე ადგილას საჯაროდ დაწვეს. მაიამიში პასტორმა ყველას თვალწინ ჩააგდო წიგნი აუზში, მისი მიუღებლობის სადემონსტრაციოდ.
თარგმანის ერთ უმთავრეს ხარვეზად ითვლება ისაიას ცნობილ წინასწარმეტყველებაში („...აჰა, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს.“ 7:14) „ქალწულის“ შეცვლა „ახალგაზრდა ქალით“, რითაც აღიძვრება ეჭვი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ქალწულისაგან შობაში.
ეს ეჭვი, რომელიც თავის დროზე აღეძრა სვიმეონ მიმრქმელს, მაცხოვრის ქალწულისაგან დაბადებით გაქარწყლდა. მაგრამ, ვიდრე ჩავუღრმავდებოდეთ მოვლენას, გავიხსენოთ, რომელ სიტყვას ხმარობდა ისაია, რომელსაც ქართული სიტყვა „ქალწული“ შეესაბამება, ხოლო ებრაელმა მთარგმნელებმა შეუსატყვისეს ბერძნული სიტყვა „პართენოსი“?
დღევანდელ ებრაულ ტექსტში არის სიტყვა „ალმა“, რაც „ახალგაზრდა ქალს“ ნიშნავს. ხოლო ძველ ებრაულ დედანში, რომელიც მნიშვნელოვნად გადააკეთეს გვიანდელმა თარჯიმნებმა, და რომლიდანაც პტოლემეოსის დავალებით თარგმნიდნენ ებრაული სწავლულები ბიბლიას ბერძნულად, იყო სიტყვა „ბეტულა“, რაც „ქალწულს“ ნიშნავს. ამიტომაც, სვიმეონ მიმრქმელმა სწორად თარგმნა ეს სიტყვა – „ქალწულად“, რასაც შეესატყვისება ბერძნული „პართენოს“.
სინამდვილეშიც, რამდენიმე ათეული წლის წინ ნაპოვნ წინასწარმეტყველ ისაიას ხელნაწერში, რომელიც შესრულდა ქრისტეს დაბადებამდე, ჟურნალ „Тiме"–ის ცნობით (№ 18, 1952 г., გვ. 5) ეწერა არა „ალმა“, არამედ „ბეტულა“.
საიდან გაჩნდა სიტყვა „ალმა“ გვიანდელ ებრაულ ტექსტში? როგორც ჩანს, ეს ცვლილება მოხდა ქრისტიანობის პირველ წლებში, როდესაც იუდეველმა მწიგნობარმა–მასარეტებმა ამოიღეს ხმარებიდან უძველესი წმიდა წიგნები და შეცვალეს ისინი მათ მიერ შემოწმებული და მოწონებული ასლებით. აი, აქ დასტურდება ვერსია, პტოლომეოსის მიერ თარგმანის დროული დაკვეთისა, მომავალში ებრაელთა მიერ დედნის გადაკეთების შიშთან დაკავშირებით! ახალ ებრაულ ტექსტში იყო შეგნებული ტენდენციური დამახინჯებები, რათა დაემალათ წინასწარმეტყველება ქრისტე მესიის ქალწულისაგან დაბადების შესახებ!
ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში, 72 ღვთისმეტყველის მიერ შესრულებული თარგმანის გარდა, არსებობდა სხვა თარგმანებიც – მაგალითად, აკილასი (დაახლ.130 წელი ქრისტეს დაბადებამდე) და სიმაქის (218 წ. ქრისტეს აქეთ). ანტიქრისტიანულად დამუშავებულ ამ თარგმანებში, „პართენოსის“ ნაცვლად ნახმარია ტერმინი „ნეანისი“, რომელიც „ახალგაზრდა ქალს“ ნიშნავს. ცხადია, რომ ეს ტერმინი გაჩნდა, როგორც მასორეტების დამუშავებული ახალი ებრაული ტექსტის თარგმანი, სადაც „ბეტულას“ ნაცვლად იყო უკვე „ალმა“.
წმიდა იოანე ოქროპირი ტერმინ „ნეანისს“ დამაჯერებლად უარყოფს შემდეგი მოსაზრებით: „გვიანდელი მთარგმნელები ბიბლიას თარგმნიდნენ ქრისტეს მოვლინების შემდგომ და რჩებოდნენ იუდეველებად. სრულიად სამართლიანად შეიძლება ვიეჭვოთ, რომ ისინი „ქალწულის“ მაგივრად „ახალგაზრდა ქალს“ ჩაწერდნენ მტრობითა და წინასწარმეტყველების გაბუნდოვნების სურვილით. ის სამოცდაათი კი, ქრისტემდე ასი წლით ადრე რომ თარგმნიდა, თავისუფალი იყო ყოველგვარი ეჭვებისაგან. თანაც, წინასწარმეტყველი ხომ უბრალოდ არ ამბობს: „ქალწულმან მუცლად-იღოს“, არამედ – „ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ“ და მხოლოდ შემდეგ უმატებს: „ქალწულმან მუცლად-იღოს.“ თუკი ქალწულს უნდა ეშვა ძე, ოღონდ ეს მომხდარიყო ქორწინების კანონით, ასეთი მოვლენა რაღა სასწაული იქნებოდა? სასწაული ისაა, რაც ჩვეულებრივ წესსა და რიგს სცილდება და რაღაცით უცნაურია და არაჩვეულებრივი. წინააღმდეგ შემთხვევაში რაღა, სასწაულია?“
„ამისთჳს თჳთ უფალმან მოგცეს სასწაული თქვენ: აჰა, ქალწულმან მუცლად-იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ.“ (ისაია, 7:14) წმიდა ისაიას წინასწარმეტყველება მაცხოვრის დაბადებასთან დაკავშირებით, ჩვენი სარწმუნოების ქვაკუთხედია. ამიტომ, როგორც მიუღებელია ქრისტიანობის მტრების, აკილასა და სიმაქის ძველი თარგმანები, ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ჭეშმარიტი ქრისტიანებისათვის თანამედროვე მოდერნისტების თარგმანი, რაც გასულ საუკუნეში ცივილიზაციის ფორპოსტის სახელის მქონე ქვეყნებში აუტო–დაფეს მიზეზიც კი გახდა!
კომენტარი