“2008-ის აგვისტო” კრემლს 250 მილიონი დაუჯდა
მხატვრული ფილმი, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე ჯანიკ ფაიზიევმა კრემლის დაკვეთით გადაიღო, რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ფილმია. რუსეთის კინოს ფონდმა, რომლის ბიუჯეტიც მიმდინარე წელს 750 მილიონი რუბლია, მხოლოდ ფაიზიევის “2008-ის აგვისტო”-ზე, მთელი ბიუჯეტის მესამედი, კერძოდ, 250 მილიონი გასცა.
რუსეთის კინოს ფონდი, თავის ბიუჯეტს, ზოგადად, სოციალურად მნიშვნელოვან პროექტებზე ანაწილებს. ფონდის მრჩეველთა საბჭომაც, რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ჟუკოვის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ ფაიზიევის ფილმი, რომელშიც ომის ფონზე სიყვარულის თემა ვითარდება, სოციალურად უმნიშვნელოვანესი პროექტია. ამიტომაც სოციალურ-პროპაგანდისტულ-მხატვრულ ნამუშევარზე ფული არ დაინანეს.
“ეს, ფაქტობრივად, სახელმწიფო შეკვეთაა. თემის მნიშვნელობა გასაგებია. ჩვენ მას თითქმის 100 %-ით ვაფინანსებთ” – ამბობს ფონდის დირექტორი სერგეი ტოლსტიკოვი.
კინოს ფონდის ამ ხელგაშლილობით ბევრი შოკირებულია. Imdb.com-ის ცნობით, რეჟისორ რენი ჰარლინს, 2008 წლის ომის შესახებ გადაღებული “აგვისტოს 5 დღე” 20 მილიონი დოლარი დაუჯდა, მაგრამ რუსეთისგან განსხვავებით, ჰოლივუდისათვის, ეს არც ისე დიდი ფულია, - ამბობენ მოსკოვში.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე პროპაგანდისტული სურათის შექმნა კრემლმა 2009 წელსაც სცადა, როცა ფილმი Olympus Inferno გადაიღეს. კინოსურათი ისე გაუშვეს რუსეთის პირველ არხზე, რომ კინოგაქირავებაშიც არ გაუტანიათ.
კომენტარი