სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქარვასლაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ.

„დღეს არის გამარჯვების დღე - პირველი ოქტომბერი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა გაიმარჯვეს. დღეს ჩვენ ისევ ერთად ვართ და ერთად ვამბობთ, რომ ადამიანის ღირსებაზე, მის ბედნიერებაზე გადის გამარჯვება, სახელმწიფოს პერსპექტივა და ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ვიდეორგოლი, რომელიც საარჩევნოდ მომზადდა, სწორედ ადამიანზე საუბრობს; საუბრობს ქვეყანაზე, რომელიც ლამაზი ადამიანებისგან შედგება და ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი კონკრეტული პარტიის საარჩევნო კლიპი.

„სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთეს ხვალინდელ დღეს. როდესაც ამ ვიდეორგოლს ნახავთ, შეუძლებელია არ აივსოთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, შეუძლებელია არ იგრძნო მისი მაჯისცემა, გულისცემა და არ მოგინდეს, კიდევ უფრო მეტი გააკეთო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველო - მისი ყველა კუთხე არის ქვეყნის სიმდიდრე და სილამაზე. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ყველა ერთად შეძლებს ისეთი ლამაზი ქვეყნის აშენებას , რომელიც იქნება პროგრესული და განვითარებული, ექნება თანამედრობე განათლება, წელშიგამართული სოფლები და რაც ყველაზე მთავარია, სიყვარულით იქნება გაერთიანებული. „ადამიანობის გამარჯვების დღეს გილოცავთ; მჯერა ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის, რომელიც არის სიყვარულზე დაფუძნებული და სიყვარულით გაერთიანებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა კახა კალაძემაც და მათ მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი ოქტომბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანი და მისი კეთილდღეობა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ხედვა და მიდგომა განპირობებულია იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქი უფრო ლამაზი, უფრო კეთილმოწყობილი და განვითარებული იყოს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი კომპანია „აის ბრეიქერმა“ მოამზადა. კლიპის რეჟისორები გიორგი ებრალიძე და ჯაბა მელქაძე არიან, პროდიუსერი - ელენე კოლელიშვილი, არანჟირება კი გიორგი ასანიშვილს ეკუთვნის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100