სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთს სამი წელი რჩება იმისთვის, რომ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოება უზრუნველყოს

სოჭი - 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის მშენებარე საციგაო მოედნებს ტერორისტი-თვითმკვლელის სახლისგან, რომელმაც იანვარში მოსკოვის აეროპორტში აფეთქებისას 37 ადამიანი მოკლა, სულ რაღაც 250 მილი აშორებს. ოდნავ მოშორებით ჩეჩნეთია, რომელმაც ორი სამოქალაქო ომი გადაიტანა და სადაც დღემდე მოქმედებს აჯანყებულ მუსულმანთა მოძრაობა. მეზობელ რეგიონში ახლახანს სამი ტურისტი მოკლეს, რომლებიც იქ სათხილამუროდ ჩავიდნენ. ადგილობრივი კურორტები დროებით დაიხურა, ვიდრე ჯარისკაცები თავდამსხმელებს უშედეგოდ ეძებდნენ.

ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნები ტერორისტებს ყოველთვის უფრთხიან. თუმცა, საკმარისია რუკას დავხედოთ და მივხვდებით, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა, რომელიც რუსეთის შავი ზღვის სანაპირო კურორტზე ჩატარდება, უსაფრთხოების მხრივ გაცილებით სერიოზული პრობლემების პირისპირ აღმოჩნდებ ვიდრე ნებისმიერი სხვა მსგავსი ღონისძიება, რომელიც უახლოესი წარსულიდან შეიძლება გაგვახსენდეს.

ქალაქი სოჭი კავკასიის მთების მისადგომებთან მდებარეობს ანუ სწორედ იმ რეგიონის საზღვარზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წლის შემდეგ, რუსეთს უამრავ პრობლემას უქმნიდა. სათხილამურო შეჯიბრი ფაქტობრივად სწორედ ამ მთებში უნდა ჩატარდეს, თუმცა დიდწილად ექსტრემისტული ორგანიზაციებით სავსე მუსულმანებით დასახლებული რეგიონებიდან ოდნავ დასავლეთით.

თუმცა, საქმე მხოლოდ შიდა პრობლემებში არ არის. სოჭი უშუალოდ აფხაზეთს ესაზღვრება – საქართველოს იმ ორი აჯანყებული რეგიონიდან ერთ-ერთს, რომელთა გამოც 2008 წელს რუსეთს და საქართველოს შორის ხანმოკლე ომი გაჩაღდა (ოლიმპიური პარკი საზღვრიდან ხუთ მილში მდებარეობს).

საბოლოო ჯამში აფხაზეთმა დამოუკიდებლობა რუსეთის და რუსული არმიის აქტიური მხარდაჭერით გამოაცხადა, ხოლო მაღალჩინოსანმა ქართველებმა ოლიმპიადის ბოიკოტირებისკენ მოუწოდეს.
ბოლო კვირეების მოვლენებით გამოწვეული შეშფოთების მიუხედავად,
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს რწმენა, რომ რუსეთი შეძლებს თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რუსეთის მთავრობა ხშირად იმეორებდა იმას, რომ ის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უზარმაზარ ფულს და რესურსებს ხარჯავს. რუსეთის მაღალჩინოსნები ამავდროულად ეყრდნობიან თავიანთ მრავალწლიან გამოცდილებას, რომელიც მათ აქვთ განადგურების, დაპატიმრების ან ყველაზე ცოტა კავკასიის მებრძოლი-ისლამისტების შეკავების საქმეში.

ვიცე-პრემიერმა დიმიტრი კოზაკმა აღიარა თავის ინტერვიუში, რომ ექსტრემისტები, როგორც ჩანს ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდებიან. თუმცა ამავდროულად იგი შეეცადა სოჭის გეოგრაფიის მნიშვნელობის შემცირებას, განაცხადა რა რომ ეს ადგილი იმდენად რთულად გასაკვლევია, რომ მოსკოვიდან 850 მილით დაშორებულ სოჭამდე თვითმფრინავით ჩასვლა უფრო იოლია, ვიდრე ქვეითად მეზობელი ჩეჩნეთიდან.

„ილუზიაა ის, თითქოს გეოგრაფიულად სოჭი ტერორისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომია“, – აღნიშნა კოზაკმა, „სოჭი დანარჩენი კავკასიისგან, ჩეჩნეთისა და მსგავსი რეგიონებისგან გამოყოფილია მთებით, რომელთა გადალახვაც მარტივი არ არის“.

მისი თქმით, სოჭის ოლიმპიადა მთელი მსოფლიოს და არამხოლოდ კავკასიის ტერორისტების სამიზნე იქნება. „დღეს ტერორისტული ორგანიზაციებისთვის მანძილი არაფერს ნიშნავს“, – დასძინა მან.

მით უფრო, რომ 24 იანვარს „დომოდედოვოს“ აეროპორტში მომხდარი აფეთქება, როგორც ჩანს სერიოზულად აისახა ოლიმპიადისთვის მზადების პროცესზე და ბევრი შეაშფოთა იმით, რომ კავკასიის მუსულმანმა ექსტრემისტებმა გადაწყვიტეს უცხოელების ყურადღების მიპყრობა და რუსეთის იმიჯისთვის ზიანის მიყენება.

ტერაქტიდან მალევე, ალექსანდრე ტკაჩოვმა, იმ რეგიონის გუბერნატორმა, რომლის შემადგენლობაშიც შედის სოჭი, სპეციალურად მოიწვია თათბირი, რათა ადგილობრივი ჩინოვნიკები მშენებარე ოლიმპიური ობიექტების დაცვისადმი არასაკმარისი ყურადღებისთვის დაეტუქსა, განსაკუთრებით აეროპორტის შემთხვევის ფონზე. მისი თქმით, სპეცსამსახურების და საგამოძიებო ორგანოების დასკვნები, „უკიდურესად შემაშფოთებელ სურათს“ ქმნის.

„თუკი ვერ ავაგებთ უსაფრთხოების მტკიცე კედელს, არამხოლოდ სპორტსმენებისა და ოლიმპიადის სტუმრების, არამედ სოჭის მცხოვრებლების დასაცავადაც, ჩვენ შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ“, – განაცხადა ტკაჩოვმა, „მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ისეთ ცნებას, როგორიცაა „უნდა იყოს“ და რეალობას შორის სერიოზული მანძილია“.

18 თებერვალს სიტუაცია დამატებით გართულდა, როდესაც გაურკვეველმა პირებმა (სავარაუდოდ მუსულმანმა ექსტრემისტება) გზაზე მოსკოველი ტურისტების ავტომანქანა გააჩერეს და სამი ტურისტი მოკლეს. სტუმრები სავარაუდოდ ელბრუსზე (ევროპის უმაღლესი მწვერვალი) სათხილამურო კურორტისკენ მიემართებოდნენ.

„სოჭს სერიოზული საფრთხე ემუქრება“, – მიაჩნია მოსკოვის კავკასიური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსს ვადიმ მუხანოვს. „თუკი ადრე რადიკალური ისლამური იატაკქვეშეთის მთავარი მიზანი მილიციასა და სპეცსამსახურებზე თავდასხმები იყო, ახლა მათ მიდგომა შეცვალეს და მიზანში ტურისტები ამოიღეს. ეს ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა“.

არსებობს საფრთხე, რომ კავკასიაში მზარდი დაძაბულობა საერთაშორისო არენაზეც გადმოიფრქვევა. გასულ კვირაში, რუსეთის პარლამენტის მაღალჩინოსანმა ალექსანდრე ტორშინმა საქართველო „დომოდედოვოს“ ტერაქტის ორგანიზებაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ტერაქტი 20 წლის ახლაგაზრდამ მოწყო, რომელიც წარმოშობით იმ სოფლიდანაა, რომელიც ჩეჩნეთის მეზობელ ინგუშეთში მდებარეობს.

ტორშინის თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველო რუსეთში დესტაბილიზაციის დათესვას ცდილობს. სხვა ოფიციალური პირები კიდევ უფრო შორს მიდიან და ამტკიცებენ, რომ სააკაშვილს სურს ოლიმპიადა რუსეთის იმიჯისთვის კატასტროფად აქციოს.

ქართველი ჩინოვნიკები ამ ბრალდებებს აფსურდულს უწოდებენ.

გასული თვის ბოლოს, რუსეთის მთავრობამ აჩვენა, რომ ის ტერორისტების შესაზძო აქტივიზაციასთან დაკავშირებულ გაფრთხილებებს ისმენს. ოლიმპიურ პარკში სტუმრებს და მუშებს დეტექტორებით ამოწმებდნენ. პარკის ტერიტორიის შესასვლელში სატვირთო მანქანებს და სამშენებლო ტექნიკას ჩხრეკდნენ და ისეთ მოწყობილობებს უმონტაჟებდნენ, რაც მათი გადაადგილების დაკვირვების შესაძლებლობას ქმნიდა.

სწორედ ამ დროს სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია სათხილამურო ტრასაზე „კრასნაია პოლიანასთან“ საცდელ ღონისძიებებს მართავდა. ფერდობები ალყაშემორტყმული იყო მილიციის მიერ, დაცვა იმ ბოძებთანაც კი იდგა, რომლებზეც ამწეთა თოკებია დამაგრებული. სპორტსმენებს და მაყურებლებს ე.წ. „ბეჯების“ ტარებას სთხოვდნენ და ტერიტორიაზე მხოლოდ საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლის შემდეგ უშვებდნენ. შეჯიბრმა ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

თავად სოჭში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსაფრთხოების პრობლემებზე ოპერატიული რეგირებისთვის ათასობით ვიდეოკამერა დაამონტაჟა. ამ სისტემაზე პასუხისმგებელი ქალაქის ერთ-ერთი ჩინოვნიკი ილეს ძაუროვი ახლახანს დაბრუნდა ლონდონიდან (2012 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი), სადაც უსაფრთხოების ზომებს ეცნობოდა.

ქალაქის სათვალთვალო კამერებიდან ინფორმაცია უზარმაზარ ეკრანებს გადაეცემა. ამ ეკრანებთან მდგომმა ძაუროვმა განაცხადა, რომ მას არ ესმის ადამიანები რატომ ნერვიულობენ. ის დარწმუნებულია რომ ქალაქი თავის ამოცანებს გაუმკლავდება.

„ნერვიულობის არანაირი მიზეზები არ არსებობს“, – ამბობს ძაუროვი, „ჩვენ ყველაფერს რაც ხდება, თვალს ვადევნებთ – ამ მხრივ დიდი გამოცდილება გვაქვს“.
foreignpress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100