"პაციენტი ძალიან დამძიმდა... სასწრაფოდ გადასაყვანია პოლიპროფილურ დაწესებულებაში" - ექიმები მიხეილ სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია - ალტერნატიული სამედიცინო კომისია მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში დაუყონებლივ გადაყვანას ითხოვს.
ამ ფონზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კონსილიუმი დუმს. ბოლო 2 კვირაზე მეტია, მათ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ, ექიმები დუმან პენიტენციური სამსახური მიერ გავრცელებულ კადრებზეც, რა დროსაც დაირღვა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის უფლებები. "მთავარი არხის" ზარებს ჯანდაცვის სამინსიტროს კონსილიუმის წევრები არ პასუხობენ.
ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ამბობენ, რომ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება აუცილებელია. ექიმები პროგნოზირებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა მეორე თვეს ითვლის, ადეკვატური მკურნალობის გარეშე, ფატალური შედეგი გარდაუვალია.
"პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კრიტიკულ პაციენტთან ველოდებით ნებისმირი ტიპის გართულებას, მათ შორის, სამწუხაროდ, ფატალური საფრთხეები, შესაბამისად, ის საჭიროებს მოთავსებას რეანიმაციულ განყოფილებაში",- ამბობს ლევან ბესელია ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
კლინიკების ასოციაციაც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ "დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში სამკურნალოდ" .
ხელისუფლებას დროული გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ უცხოეთის კლინიკებში მომუშავე ქართველი სპეციალისტებიც.
"მათ შეუძლიათ, გარკვეული წვლილი შეიტანონ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაში თუ ამას ვერ მოახერხებენ, თვითონაც აიკიდებენ ამ ცოდვას და ჩვენც ყველას გაგვხვევენ ამ ცოდვაში. ვერ გააგრძელებენ მშვიდად თავითანთ კარიერას. მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ჯაჭვი გაწყდეს და პრეცედენტი შეიქმნას, რომ სისტემამ ვერ დაჩაგრა ადამიანი, რადგან დანარჩენი ადამიანები მის გვერდით იყვნენ ",- ამბობს ნანა გეგეჭკორი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 39 დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.
კომენტარი