ასე გადააფიქრებინა მღვდელმა ქალს ქმართან განშორება
ერთხელ მღვდელთან მივიდა ქალი და სთხოვა ქმართან განქორწინება. მამაომ ქალს მიზეზი ჰკითხა და პასუხად მიიღო „ქმარი სახლში მოსვლას ხშირად აგვიანებს და ამის გამო სახლში სულ სკანდალები გვაქვსო“
„განქორწინება არ არის რთული, მე შემიძლია აგყაროთ ჯვარი, მაგრამ ჯერ ერთ დავალებას მოგცემ. წადი სახლში და გამომიცხვე ტკბილი პური, ოღონდ იცოდე არც წყალი, არც ფქვილი, არც შაქარი და საერთოდ არცერთი ინგრედიენტი შენი კარადიდან არ აიღო და არც მაღაზიაში არ იყიდო, ჩამოიარე მეზობლები და ყველა ინგრედიენტი მეზობლის ქალებისგან შეაგროვე. როდესაც გკითხავენ რაში გჭირდებაო, აუცილებლად ყველას მოუყევი მიზეზი. ამის შემდეგ მოდი ჩემთან, მოიტანე შენი გამომცხვარი პური და მე შენ ჯვარს აგყრი ქმართან“ - უთხრა ქალს მამაომ.
სახლში დაბრუნებული ქალი საქმეს შეუდგა, ჩამოიარა მეზობლები, ყველა მათგანს ნამცხვრისთვის საჭირო თითო ინგრედიენტი გამოართვა და როდესაც ისინი ეკითხებოდნენ თუ რად უნდოდა წყალი, ფქვილი, შაქარი და ა.შ. ქალი მათ მამაოსთან ვიზიტისა და ქმართან განშორების გეგმის შესახებ უყვებოდა.
ამ ამბის გაგონების შემდეგ მეზობელი ქალები პასუხად თავისი ქმრების შესახებ იწყებდნენ საუბარს და წუწუნებდნენ საკუთარი ქმრების უარყოფით მხარეებზე.
საბოლოოდ ქალმა გამოაცხო მამაოსთვის პური, მიუტანა და უთხრა, რომ ქმართან განქორწინებას აღარ აპირებდა. მღვდლის კითხვას რატომ, ქალმა ერთი წინადადებით უპასუხა „თურმე ჩემი ქმარი ყველაზე უკეთესია“
კომენტარი