დედაქალაქის მერიაში მარტის პირველი ნახევრიდან „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ ამოქმედდება
თბილისის მერიაში ეკონომიკური განვითარების მიმართულება ძლიერდება. იქმნება ორგანიზაცია, რომელიც ბიზნეს-აქტივობის, ინვესტორთა მხარდაჭერის, მეწარმეობის განვითარებისა და ახალი, წარმატებული კომპანიების შექმნის წახალისების საკითხებზე იმუშავებს.
„მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ მოემსახურება და წაახალისებს ინვესტორებს დედაქალაქში ახალი სამრეწველო, სამშენებლო, ტურისტული და მომსახურებების სხვა დარგებში კაპიტალდაბანდებების, პირველ რიგში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობის მიმართულებით. ცენტრი, ასევე, ხელს შეუწყობს დამწყებ მეწარმეებს ბიზნეს-უნარების განვითარებაში“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ეკონომიკური და, პირველ რიგში, ბიზნეს-საქმიანობის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს თბილისისთვის, რადგან მთლიანობაში დადაქალაქის განვითარებისა და წარმატების განმაპირობებელი სწორედ კერძო სექტორის გაძლიერება უნდა გახდეს.
„მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს“ ალექსანდრე მარგიშვილი უხელმძღვანელებს. ცენტრის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ძალაში შესვლის მომენტიდან იგი აღარ შეასრულებს თბილისის ვიცე-მერის მოვალეობას.
კომენტარი