გრიგოლ ვაშაძე: საქართველოსა და რუსეთს შორის "არარსებული" ურთიერთობებია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შვედეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში მიღწეულ პროგრესზე, საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციის შესაძლებლობაზე და ვარშავის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორ სვანტე კორნელთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის ხელმძღვანელ ვალბურგა ჰაბსბურგ დაგლასთან, შვედეთის პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ერთ-ერთ ლიდერ კენტ ჰიოსრტედთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილ ხელმძღვანელ პერ ეკლუნდთან და შვედეთის სამეცნიერო, პოლიტიკური და მასმედიის წრეების სხვა წარმომადგენლებთან.
„განვიხილეთ ის სიტუაცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა შექმნილი, საქართველოსა და რუსეთის არარსებული ურთიერთობები და ის პროვოკაციები, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ჩვენთან ურთიერთობაში მიმართავს და ასევე ვისაუბრეთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ, რასთან დაკავშირებითაც ყველამ გაუსვა ხაზი, რომ შთამბეჭდავია ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
ამასთან, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა შვედურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის აქტიური მხარდაჭერისთვის.
კომენტარი