FBI-ს დასკვნის თანახმად ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლია. რატომ სპეკულირებენ ექსპრემიერის სიკვდილით?
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თეა თუთბერიძემ ღია წერილით მიმართა.
ბატონო პრემიერო, დღეს მოვისმინეთ თქვენი განცხადება ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, საიდანაც უკვე აშკარა გახდა, თუ ვინ და რა მიზნით გაავრცელა ჟვანიას საქმეში არსებული ფოტო მასალა youtube-ზე.
ვციტირებ თქვენ სიტყვებს: "ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებები იკვეთება. თუნდაც ის ფაქტი, რომ თუნდაც ზურაბ ჟვანიას თავის არსეში აღენიშნება შეუიარაღებელი თვალით სერიოზული დაზიანებები, რაც ჩემი ინფორმაციით, რაც მე ინფორმაცია მომაწოდეს, ეს იყო სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები თავის არეში. ასევე ეს არის . . . ჩაქცევები. თუნდაც ის ფაქტი, რომ რაულ უსუპოვის ცხედარი ასევე ძალიან საეჭვო ვითარებაში არის აღმოჩენილი. პროკურატურას აქვს სამოქმედო გეგმა გაწერილი, და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ძალიან მალე დაასრულებენ გამოძიებას. ასევე ვიცი, რომ ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროებთან, რათა მოხდეს, რა თქმა უნდა ოჯახების თანხმობით, თანხმობის შემდეგ, ექსგუმაცია ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების".
ბატონო პრემიერო, რას ნიშნავს თქვენი განცხადება, რომ "ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებები იკვეთება“?! რა ჩანს ამ ფოტოებზე? ან ეს ფოტოები გამოძიებას არ ჰქონია აქამდე და რამე ახალი აღმოჩენაა? თუ გამოძიებას ჰქონდა და საეჭვო იყო რაიმე, მაშინ რას აკეთებს ან აკეთებდა გამოძიება ამ დროის მანძილზე??
თან, როგორც ირკვევა, ეს ფოტოები, ზურაბ ჟვანიას საქმეში დევს, რასაც გარდაცვლილი პრემიერის ძმაც ადასტურებს.
„სოციალური ქსელით გავრცელებული ფოტომასალა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის მასალებში ნამდვილად დევს. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. სამწუხაროდ, ამაზე მეტს ვერ გეტყვით" - აცხადებს გოგლა ჟვანია. მსგავს განცხადებას აკეთებს, იაშირ უსუპოვი, რაულ უსუპოვის მამა. მისი თქმით, მას სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ნანახი აქვს და ექს–პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის შესახებ გუშინ ესაუბრა პროკურატურის წარმომადგენლებს.
და თუ თქვენს მიერ გავრცელებული (ამაში უკვე ეჭვი აღარავის გვეპარება) ეს ფოტო მასალა აქამდეც იყო პროკურატურაში, არსებული საქმის მასალებში, მაშინ რას აკეთებდა პროკურატურა დღემდე? პროკურატურის რომელ სამოქმედო გეგმაზე გვესაუბრებით ბატონო პრემიერო, ან რომელი გამოძიების დასრულებეზე, როცა წელიწადნახევარზე მეტია რაც ხელისუფლებაში ხართ?
რატომ არის, რომ ეს ე.წ. გამოძიების დასრულება ამა თუ იმ ე.წ. გახმაურებულ საქმეზე, არჩევნების მოახლოების პარალელურად ხდება ხოლმე? ან რა მოლაპარაკებებს აწარმოებს პროკურატურა „საერთაშორისო საექსპერტო ბიუროებთან“, როცა ჯერ ისიც კი არ გაურკვევიათ, (როგორც თქვენივე განცხადებიდან ჩანს,) თანახმა არიან თუ არა ჟვანიასა და უსუპოვების ოჯახები ცხედრების ექსგუმაციაზე? რას ნიშნავს თქვენი განცხადება, რომ „რაულ უსუპოვის ცხედარი ასევე ძალიან საეჭვო ვითარებაში არის აღმოჩენილი“? ფოტოებზე ნაჩვენებ დასვრილ შარვალს გულისხმობთ ბატონო პრემიერო, თუ რამე სხვას? თუ დასვრილ შარვალს გულისხმობთ, მაშინ იქნებ ისიც გვითხრათ, შარვალის გაფერთხვას და გაწმენდას რაღა უნდოდა, თუ მოკლულების გვამები მიიტანეს და დააწყვეს, სანამ ექსპერტიზას და გამომძიებლებს მიიყვანდნენ? „ზურაბ ჟვანიას თავის არსეში აღენიშნება შეუიარაღებელი თვალით სერიოზული დაზიანებები“ - ან ეს განცხადება რას ნიშნავს ბატონო პრემიერო? ვინ დაადგინა ბლაგვი საგნითაა ეს დაზიანება მიყენებული, დაცემით თუ კედელზე თავის მირტყმით? და ეს "გულზე ნემსით ნაჩხვლეტები“ თქვენი აზრით რა ვერსიას ავითარებს? საქართველოში ყველა "პრაფესორი" რატომაა თქვენი ჩათვლით? რომლებიც კრიმინოლოგიაში, კრიმინალისტიკაში, სისხლის სამართალში და ექსპერტიზაში "უბადლო ცოდნას" ფლობენ და ერთი თვალის მოკვრით ადგენენ რა და როგორ არის და მყისიერად დებენ "დასკვნებს"?
და ბოლოს, ბატონო პრემიერო, იცნობთ თუ არა ზურაბ ჟვანიას საქმეზე არსებობულ FBI-ს დასკვნას, რომელსაც ზურაბ ჟვანიას ოჯახის მოთხოვნით დაედო გრიფი „საიდუმლო"? FBI-ს დასკვნას, რომელიც საქმეშია ჩადებული და რომლითაც მტკიცდება, რომ ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის მსხვერპლია და ა.შ.? ხომ არ ჯობია ოჯახებს დაელაპარაკოთ და FBI-ს ეს დასკვნა (რომელიც როგორც ჩანს არც თქვენ იცით) გაასაჯაროვოთ მათი თანხმობის შემთხვევაში, რომ მორჩეს ერთხელ და სამუდამოთ ჟვანიას სიკვდილის თემით სპეკულაციები ყოველი არჩევნების წინ?
კომენტარი