სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნების" კურატორი სამეგრელოში დასახელებულია

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისს, სავარაუდოდ, ოთარ ჭითანავა უხელმძღვანელებს. ერთ-ერთი ვერსიით, მასვე დაევალება სამეგრელოში კოალიციის კურატორობა. თვითონ ჭითანავა ადასტურებს, რომ კოალიციაში ამ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა, ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

– „მოვლენებს ნუ გაუსწრებთ, ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის,“ – აცხადებს ის.

ოთარ ჭითანავა კახა კუკავას პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ წევრი იყო, ის მანამდე „კონსერვატიულ პარტიაში“ და სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზაში“ მოღვაწეობდა. 40 წლის ოთარ ჭითანავა წარმოშობით ზუგდიდიდანაა, ამჟამად, თბილისში ცხოვრობს. ის 2004-2007 წლებში რუსეთის დიპლომატიურ აკადემიაში სწავლობდა. ჭითანავა ოპერის სოლისტ ზურაბ სოტკილავას დისშვილი და პარლამენტის ყოფილი წევრის, ოთარ ჭითანავას შვილია. მისი ბიძა - ლერი ჭითანავა წლების განმავლობაში იყო ჯერ ზუგდიდის მერი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. ამჟამად ლერი ჭითანავა ნინო ბურჯანაძის გუნდშია.

ოთარ ჭითანავამდე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერის პოსტზე კობა ვაზგანავაც განიხილებოდა. ვაზგანავაც ყოფილი კონსერვატორია.

–„ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ ამჟამად - არა. თუმცა, მე მათ გვერდით ვიქნები, „ქართულ ოცნებაში“ თუ რა პოზიციაზე ვიქნები ამას ოფისის პრეზენტაციაზე გაიგებთ.“ – განაცხადა ვაზგანავამ.

კოალიცია ქართული ოცნების ზუგდიდის ოფისში, ამჟამად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგნიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი თოდუამ tspress.ge–სთან საუბარში განაცხადა, ოფისი სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, დაახლოებით 2–3 კვირაში გაიხსნება. კოალიციის ოფისი ზუგდიდში ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მეოთხე საჯარო სკოლის გვერდით მდებარეობს.

tspress.ge-ს მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100