დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 11 ქალაქში გაიმართა
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 11 ქალაქში გაიმართა.
დღესასწაულის ცენტრი დედაქალაქი იყო, რუსთაველის გამზირზე ღონისძიებები გახსნა თეატრალიზებულმა მსვლელობამ რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.
მოეწყო ამხედრო ტექნიკის გამოფენა და ასევე საინტერესო სტენდები წარმოადგინეს სამინისტროებმა. გაიმართა კონცერტები, თოჯინების თეატრის სპექტაკლი, მსვლელობა ცხენებით და ტრადიციული ყვავილების ფესტივალი.
მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ქვეყნის პირველმა პირებმა.
პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 26 მაისს სამხედრო ფიცი ჩაიბარა. მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 200 სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი, უწმინდესი და უნატარესი ილია მეორე, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ფიცის დადებამდე, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა წუთიერ დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს.
ქუთაისში ბაგრატის ტაძარში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მოსახსენიებელი წირვა აღევლინა, მოგივნებით კი ქალაქის ცენტრში სამხედრო ტექნიკა გამოფინეს. დღის განმავლობაში დაგეგმილია თეატრალური სანახაობების გამართვა.
სამხედრო ტექნიკა გამოფინეს თელავშიც. ერეკლე მეორის მოედანზე წიგნისა და ტურიზმის პავილიონები მოეწყო. დღეს ყველა რეგიონში ყვავილებით შეამკობენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალებს.
სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ხალხური რეწვის ნიმუშები, ადგილობრივი მხატვრების და სტუდენტების ნამუშევრები გამოფინეს ფოთში. აქ ასევე გაიმართა წარმოდგენები, კონცერტები და სამხედრო ტექნიკის გამოფენა.
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებებს გორიც შეუერთდა, სადაც კონცერტი და სამხედრო ტექნიკის გამოფენა ჩატარდა.
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მათ ზუგდიდის ცენტრში რუსული წარმოების შეიარაღების გამოფენა და ენგურის ხიდისკენ დაგეგმილი მსვლელობის გაუქმება გააპროტესტეს.
26 მაისს აღნიშნავენ ოზურგეთშიც. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სამხედრო ტექნიკა და მხატვრული ნამუშევრები გამოიფინა. მიმდინარეობს სპორტული და კულტურული ღონისძიებები. დღის ბოლოს კი ქალაქის ცენტრში კონცერტი გაიმართება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც აღინიშნა, მაგალითად სუხიშვილები, 26 მაისთან დაკავშირებით, კონცერტს ეგვიპტეში გამართავენ. ხორუმი ღია ცის ქვეშ, პირამიდებთან გაიმართება.
(სტატია მომზადებულია პირველი არხის, ინტერპრესნიუსისა და რუსთავი 2-ის მასალების მიხედვით)
კომენტარი