სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: "მეხუთე კოლონა ღიად მოქმედებს"

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 მაისს განაცხადა, რომ სპეცრაზმის მიერ დაშლილი საპროტესტო აქციის უკან "მეხუთე კოლონა“ დგას, რომელიც რუსეთში "დაწერილი სცენარით“ მოქმედებდა.

"თუკი ვინმეს რამეში ეჭვი ეპარებოდა საერთოდ, დღეს თუ ვინმემ უყურეთ ტელევიზორებს, თუ ადამიანი ბრმა არ არის, ყურები არ აქვს დახშული და არ დავინახავ და მორჩა დაფიცებული აქვს, რომ არ უნდა არაფრის დანახვა, მშვენივრად მიხვდებოდა, რა სცენარია დაწერილი საქართველოსთვის,“ – განაცხადა სააკაშვილმა ხუთშაბათს საღამოს ბათუმში იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაზე.

მას მხედველობაში ჰქონდა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის და მისი ვაჟის ანზორ ბიწაძის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც შსს–მ 26 მაისს გამოაქვეყნა.

"ჩვენი პასუხი ეფ–ეს–ბეს პუტინულ გეგმებს იყო გუშინდელი, მათ შორის პოლიციის მოქმედება თბილისში, იყო აღლუმი საქართველოს დედაქალაქში, რომლის არჩატარება ისევე ჰქონდა დაფიცებული ერთ ადამიანს [მხედველობაში ჰყავდა ვლადიმერ პუტინი], როგორც ჩემი ერთი ადგილით ჩამოკიდება ამ რამდენიმე წლის წინ,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად იგი პოლიციის მიერ გამოძიების პროცესში მოპოვებული ჩანაწერების გამოქვეყნების წინააღმდეგია, თუმცა ბურჯანაძის და მისი ვაჟის აუდიოჩანაწერი "ძალიან სასარგებლო“ იყო.

მისი თქმით, ეს ჩანაწერი ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის ქუჩის საპროტესტო აქციები და მომიტინგეთა განზრახვა ჩაეშალათ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, არა "ადგილობრივმა არარაოებებმა“, არამედ რუსეთმა დაგეგმა.

"ამგვარად, ეს რომ იყოს მხოლოდ ადგილობრივი არარაობების გეგმები, მე მათ სერიოზულად არ მივიღებდი, ვინაიდან ვიცი ვისი გეგმებია,“ – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც "მეხუთე კოლონა ღიად მოქმედებს“ საქართველოში, საჭიროა "ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია, ჩვენი საზოგადოების ერთიანობა, ჩვენი საზოგადეობის მიერ ძალიან ნათელი სიგნალის გაგზავნა იმისა, რომ ისინი არ ითამაშებენ ამ იაფფასიან თამაშებს“.

„როგორც არასდროს აუცილებელია, ჩემო მეგობრებო, რომ საქართველოში შევქმნათ ადამიანური თამაშის წესები პოლიტიკაში,“ – განაცხადა მან.

"საქართველოს, როგორც არასდროს, სჭირდება ნორმალური, ქმედითი, ეფექტური ოპოზიცია, ოპოზიცია, რომელიც ითამაშებს პატიოსანი თამაშის წესებით, რომელიც გააკრიტიკებს მთავრობას, დაგმობს, ბევრ უსიამოვნო რამეს გვეტყვის, მაგრამ არასდროს დააყენებს საკუთარ მუცელს საკუთარი ქვეყნის ინტერესების მაღლა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100