მძარცველების მიერ უთოთი დამწვარი ბავშვის მკურნალობის ფულს რუსთავი 2 გადაიხდის
მძარცველების მიერ უთოთი დამწვარი ბავშვის მკურნალობის ფულს რუსთავი 2 გადაიხდის. ამ ინფორმაციას არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
„ტელეკომპანია რუსთავი 2ის გადაწყვეტილებით, ვიღებთ მზრუნველობას დაზარალებულ პატარაზე, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ. გამოვთქვამთ მზადყოფნას, სრულად დავაფინანსოთ მისი ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხარჯები, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ასევე, გავხსნით მისი სახელობის ანგარიშს, სადაც, ჩვენის მხრივ, ჩავრიცხავთ ათი ათას ლარს და ასევე ჩვენი ეთერის მეშვეობით უზრნველვყოფთ, რომ ყველა მსურველმა ჩარიცხოს ამ ანგარიშზე თანხები შესაძლებლობის ფარგლებში. ანგარიში იქნება შემნახველი და პატარას შეეძლება ანგარიშზე დარიცხული თანხის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება სრულწლოვანების მიღწევისთანავე.
იმედი გვაქვს თქვენი გულმოწყალების. დაეხმარეთ პატარას რუსთავი 2-თან ერთად.“ - წერს გვარამია პირად ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში არველაძეების ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ოთხმა უცნობმა პირმა 2 სექტემბერს, გვიან ღამით, სახლში მყოფი დედა და მცირეწლოვანი შვილი სამართებლითა და ცხელი უთოთი აწამა. 4 წლის ბავშვს კიდურებზე ცხელი უთო ფულის გამოძალვის მიზნით დაადეს.
კომენტარი