სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოწამლული ბავშვები ქობულეთში და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 4 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

ქობულეთის #2- საჯარო სკოლაში 18 მოსწავლე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით , მოსწავლეები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს შორის რამდენიმე მე-5 კლასის, ხოლო უმეტესობა მე-7-მე-8 კლასის მოსწავლეა.ბავშვებს მოსწავლეებს ერთნაირი სიმპტომები აღენიშნებათ – თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება და კიდურების გაციება. მადონა გოგიტიძის თქმით, რამდენიმე ბავშვს საავადმყოფოდან უახლოეს საათებში გაწერენ, მომხდარის მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს. "სკოლაში ამჟამად პოლიციის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

მთავრობის სხდომა. მინისტრებმა დღეს სულ 11 საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ მთავრობის განკარგულების პროექტი.

100 მილიონ ლარზე მეტი გადასახადი გადამხდელთა სასარგებლოდ, - ასეთია შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს საქმიანობის 2013 წლის პირველი კვარტლის შედეგი. შემოსავლების სამსახურმა ამ წლის პირველ კვარტალში არსებითად განიხილა 2574 საჩივარი, საიდანაც უმეტესობა სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში საგადასახადო და საბაჟო შემოსავლების კუთხით 1615 მილიარდი ლარია მობილიზებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს აღემატება, ფიქსირდება 4%-იანი ზრდა. მაღალია საშემოსავლო გადასახადის ზრდის ტემპიც. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება.

მთავრობის კანცელარიასთან ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ რეგიონს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარების გარდა, მათი მოთხოვნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების დათხოვნაც იყო. აქციის მონაწილეებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შეხვდა. პაატა ზაქარეიშვილი მათ პრემიერთან შუამდგომლობას დაჰპირდა და განაცხადა, რომ 15 აპრილს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონს ეწვევა და პრობლემებს ადგილზე გაეცნობა.

ზუგდიდის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი სხვა დევნილებთან გათანაბრებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთავრობისაგან ყურადღების მიქცევას ითხოვენ. შენობაში გასული წლის ოქტომბრიდან 70-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. დევნილების თქმით, ისინი შიმშილობას არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დღესვე მოშიმშილეთა ნაწილმა ქუთაისში, პარლამენტის წინ გადაინაცვლა. ისინი აქციების გამართვას პარლამენტთანაც გეგმავენ, რათა მათი მოთხოვნები დროულად იქნას დაკმაყოფილებული.

ხმაური წალენჯიხის საკრებულოში. "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფს ორი საათის განმავლობაში პიკეტირებული ჰქონდა საკრებულოს და გამგეობის შენობა. თანამშრომლები შენობაში სამართალდამცველი ორგანოების ჩარევის შემდეგ შევიდნენ. რის შემდეგაც აქცია საკრებულოს შენობის წინ გაგრძელდა. "ქართული ოცნების" აქტივისტები წალენჯიხის საკრებულოში და გამგეობაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დასაქმებას აპროტესტებენ.

"სამართლიანმა საქართველომ", ედპ-მ და "ევროპელმა დემოკრატებმა" შუალედური არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები წარადგინეს. ნაძალადევში კენჭს ხვიჩა ასანიძეს იყრის, სამტრედიაში გოჩა ბაძგარაძე, ბაღდათში კი დავით შარაშენიძე. პარტიის წევრების განმარტებით, ისინი საერთო შეხედულებების გამო გაერთიანდნენ. მათი განცხადებით, პარლამენტში საჭიროა მესამე პოლიტიკური პარტია, რადგან ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიდეს.

შსს–მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურა. შს მინისტრის ბრძანებულების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 5 კილოგრამამდე „ოპიუმი“, 3 კილოგრამამდე „ჰეროინი“, 2500 აბი „სუბუტექსი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები შესაბამისი წესით გაანადგურა. სამართალადამცველები, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ. ნარკოტიკების განადგურების პროცესს შსს–ს თანამშრომლებთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100