ივანიშვილმა ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყვიტა
ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებაში, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა ნათქვამია რომ:
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის წევრს, ირაკლი ალასანიას შეუწყდეს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებაში.
რაც შეეხება მუხლს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებაშია მოყვანილი, ამ მუხლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია:
1. მთავრობის ერთ-ერთ წევრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე წევრს – ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება.
2. პირველი ვიცე-პრემიერი ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს.
3. ვიცე-პრემიერი (ვიცე-პრემიერები) აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დადგენილ სახელმწიფო მმართველობის განსაზღვრულ სფეროში.
4. ვიცე-პრემიერების რაოდენობას საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს პრემიერ-მინისტრი.
5. პირველ ვიცე-პრემიერსა და ვიცე-პრემიერს (ვიცე-პრემიერებს) მოვალეობები ეკისრებათ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, რომლის შესახებაც მთავრობის წევრებს ეცნობებათ მისი გამოცემიდან ხუთი დღის ვადაში. ამავე ბრძანებით განისაზღვრება პირველი ვიცე-პრემიერისა და ვიცე-პრემიერის (ვიცე-პრემიერების) ფუნქციები.
კომენტარი