მოსკოვში საქართველოს საკონსულოს სექციას ბინიდან ასახლებენ
მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო სარჩელი, რომელიც შპს “ოსტოჟენკის ბიზნეს-ცენტრს” ეკუთვნის და რომლითაც იგი რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილების გამოსახლებას ითხოვს. ბინა, სადაც ამჟამად სექცია მდებარეობს, ოფიციალურად სწორედ “ოსტოჟენკის ბიზნეს-ცენტრს” ეკუთვნის და იგი მოსკოვში, ოსტოჟენკის 26/1-ში მდებარეობს.
სარჩელი სასამართლოში 18 აგვისტოს შევიდა, თუმცა, მისი არსებითი განხილვის დრო ჯერ ჩანიშნული არ არის. როგორც მოსარჩელე განმარტავს, ბინა, რომლის საერთო ფართი თითქმის 1000 კვ.მ-ია, 2001 წლამდე იჯარით ჰქონდა აღებული რუსეთში საქართველოს საელჩოს, რომელმაც შემდეგ ეს უფლება შპს “ისტორიის ცენტრს” გადასცა. ამ უკანასკნელმა აუქციონის საშუალებით შეისყიდა შენობა, ხოლო 2007 წელს იგი შპს “ოსტოჟენკის ბიზნეს-ცენტრს” გადასცა.
ამჟამად შენობის მთელი მეორე სართული რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციას უჭირავს, რომელიც შვეიცარიის საელჩოსთან 2009 წლის 4 მარტს შეიქმნა და საკონსულოს ფუნქციებს ასრულებს მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყდა.
მოსარჩელის აზრით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ მის კუთვნილ შენობაში სექცია არსებობდეს. “მოპასუხე არ იხდის საიჯარო თანხას, კომუნალურ გადასახადებს, რის გამოც შენობის მფლობელებმა მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში კიდევ ერთი მოთხოვნა: გადაუხდელი საიჯარო თანხის, თითქმის 25 მილიონი რუბლის თაობაზე შეიტანეს. რაც შეეხება ელექტროენერგიის დავალიანებას, ეს თანხა 1 მილიონ 100 ათას რუბლს შეადგენს”, - ნათქვამია განცხადებაში.
უძრავი ქონების ექსპერტთა განცხადებით, მითითებულ მისამართზე განთავსებული შენობის იჯარა, უძრავი ქონების კომერციული ფასის გათვალისწინებით, წელიწადში დაახლოებით 957 აშშ დოლარია ერთ კვადრატულ მეტრზე, ანუ, დაახლოებით 28 ათასი რუბლი”, - წერს ინტერფაქსი.
საქართველოს ინტერესების სექციის მუშაობის შეფერხებასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე “საპასუხო ზომებს მიიღებს” იმ ხელოვნური ბარიერის გამო, რომელიც თითქოსდა კერძო მესაკუთრის მხრიდან ექმნება სექციის ნორმალურად მუშაობას. “ეს იწვევს სექციის შეფერხებას, ამით კი, პირველ რიგში, მოქალაქეები ზარალდებიან”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
კომენტარი