სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთ-ერთი იმ რჩეულაგან, ვინც შემდგომ დიდი მწერალი გახდა: გურამ დოჩანაშვილი 73 წლისაა

„მწერლის ჩემეული იდეალი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ესაა მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე - ისიც არ იწრთვნებაო, ამბობენ...“ -

გურამ დოჩანაშვილი

ჩვენ ყველასა გვყავს ჩვენი გურამ დოჩანაშვილი - ჩვენ-ჩვენი დოჩანა, ოღონდ, ხანდახან, არ ვიცით ხოლმე... მერე რა, თუ ზოგთან მას სხვა სახელი და გვარი აქვს...

და თუკი გვიყვარს, ავიღებთ მის წიგნს, გადავშლით და ვიწყებთ კითხვას, კითხვის დასრულების შემდეგ კი, როცა აღმოვაჩენთ, რომ მარადახალი მდინარის პირას ვდგავართ, დომენიკოსავით გავიფიქრებთ: „ნუთუ ყოველივე... ნუთუ ყოველივე ეს?..“

როგორც წესი, მხატვრული ნაწარმოების კითხვა ერთ განცდას გიტოვებს: პერსონაჟები შენს წარმოსახვაში იბადებიან, მათი სახე შენში იძენს ნაკვთების კონტურებს და ისინი შენში ცოცხლდებიან, მერე კი თან გდევენ მთელი სიცოცხლის მანძილზე იმდენად, რამდენად ძლიერი შთაბეჭდილება დატოვეს შენზე.

იგივე ითქმის მწერალზეც, იმ პერსონაჟების შემოქმედზე - თუნდაც ნანახი არ გყავდეს, მასზე ფიქრობ, ხედავ - წერას ატანილი, როგორ გადახრილა საწერი მაგიდისკენ, როგორ წერს, შლის, ხევს, ისევ წერს... ჩემს შემთხვევაში მას კალმისტარი უჭირავს: გურამ დოჩანაშვილს არასდროს არცერთი სიტყვა არ დაუწერია ბურთულებიანი კალმით და, როგორც თვითონ ამბობს, კალამ-კალმისტრით „მიჩინდრიკობდა ძნელ სითეთრეზე“.

ასე იბადებოდნენ ისინი, რომელთა ჩამოთვლას, ალბათ, აზრი არა აქვს: ადვილნი და ძნელნი, საბრალონი და სასაცილონი, ლაჩარნი და მამაცნი და, რაც მთავრია, ლიტერატურული ძე შეცთომილი - მგზავრი: „ჯერაც ცომი ხარ... ოო, დაგზელავენ...“

ერთ მშვენიერ მოთხრობაში „საქმე“ გურამ დოჩანაშვილს ლუკა ჰყავს აღწერილი. მოთხრობის მოქმედება ტრამვაიში იწყება: ახალგაზრდა ბიჭს ეჩქარება და გაგულისებული ფიქრობს: „ჩქარა, ჩქარა!.. რით ვერ მივედით!..“ - ლუკას საქმე აქვს, საქმე კი წერაა...

იმ მოთხრობაში, რომელიც რომანზე („სამოსელი პირველი“) ადრე დაიბეჭდა, პირველად გვხვდება მაშინ, ალბათ, ყველასთვის გაუგებარი სიტყვები, რომლებიც სულ ცოტა ხანში საკრარულ მნიშვნელობას შეიძენენ: „ლუკას ახსენდებოდა მხოლოდ მისთვის ნაცნობი სიტყვები: ლამაზ ქალაქი... კამორა... კანუდოსი...“.

როგორც გურამ დოჩანაშვილმა ერთგან გაიხსენა, ამ მონაკვეთში თავისი ცხოვრებისეული ეპიზოდი აღწერა - „სამოსელი პირველი“ სწორედ იმ დროს იწერებოდა(გურამ დოჩანაშვილი ამ რომანს 12 წლის განმავლობაში წერდა), შიგადაშიგ კი მწერალი მოთხრობების გამოქვეყნებასაც ახერხებდა. ერთხელ, ტრამვაით მგზავრობისას, რაღაც გაგრძელება, იდეა მოუვიდა თავში. მოგეხსენებათ, ტრამვაიში წერა ძნელია, თუ არა შეუძლებელი და გურამ დოჩანაშვილს სახლში ეჩქარებოდა, ხელების აქავებამდეც კი, რათა რომანის ერთი ადგილი გაეგრძელებინა: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის სიტყვები დაბეჭდილი მენახა, სწორედ ამიტომაც ჩავრთე მოთხრობაში“, - გაიხსენა მან მოგვიანებით. მწერალს „სამოსელი პირველი“, გაკვრით და მინიშნებით სხვა მოთხრობაშიც აქვს ნახსენები („კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა“), მაგრამ იმ დროს „სამოსელი პირველი“ უკვე გამოქვეყნებულიც იყო და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა.

მე იმ მცირერიცხოვან, ბედნიერ მკითხველთა რიგში ვარ, რომელიც ცოცხალ კლასიკოსს პირადად იცნობს და ვისაც მასთან შინაურ გარემოში უსაუბრია მის პერსონაჟებზე, მის მოთხრობებზე, მის ცხოვრებაზე... არ ვიცი, რამდენად საინტერესო იქნება ამ წერილში ავტორის პირადი პასაჟი, მაგრამ მახსოვს, იმ დაუვიწყარი დღეების შემდეგ, რომლებიც დიდ მწერალთან ერთად გავატარე, მეგობრები და ოჯახის წევრები მეხუმრებოდნენ - ოცნება აგიხდა და ახლა უკეთესი გახდები, ვიდრე იყავიო...

რამდენად შემცვალა უკეთესობისკენ დიდ მწერალთან გატარებულმა დღეებმა, ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ ბევრი რამ გავიგე: როდის და როგორ წერს, როგორ იბადებოდნენ მისი პერსონაჟები, მოთხრობები...

როგორც მანამდე ვფიქრობდი, ზოგიერთ მოთხრობაში აღწერილი ეპიზოდი მთლიანად მისია, ცხოვრებისეულია. მაგალითად, მართლა შეხვდა ბაკურიანში პატარა ბიჭი, რომელმაც ციცქნა ციგას უთმობდა მაშინ, როცა დიდი ციგით მოსულმა, მასზე დიდმა ბავშვებმა სრიალზე უარი უთხრეს, მართლა მაშინვე წავიდა იმ პარკიდან იმ დღეს, რადგან მართლა ასეთი ჩვევა აქვს: როცა რაღაც ძალიან კარგი ხდება, იმ ადგილს გაეცლება ხოლმე - ეშინია, რაიმე უარესობისკენ არ შეიცვალოს(გაიხსენეთ იგივე ლუკა კახეთში მოთხრობიდან „საქმე“); მართლა ბევრჯერ შეხვედრია ცხოვრებაში ჩიჩიოებს და მარშალ ედმონდო ბეტანკურსაც კი, მაგრამ მანუელო კოსტას და ზე მორეირას - არასდროს; მართლა რამდენჯერმე მოუნდომებია მოძღვართან მისვლა ჯერ კიდევ ადრე, დაგროვილ განცდებზე სასაუბროდ და როცა ვერ მოუხერხებია, ქაღალდზე გადაუტანია(ნიკო, „იქამდე“)... ყველაზე მეტი სწორედ ამ მოთხრობაზე ვისაუბრეთ - „იქამდე“. მახსოვს, ისიც ვუთხარი, რომ პირადად მე ეს მოთხრობა უფრო ძლიერ ლიტერატურულ ნამუშევრადაც კი მიმაჩნია, ვიდრე „სამოსელი პირველი“.

აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ მოთხრობაში აქვს ჩადებული გურამ დოჩანაშვილს მისთვის ყველაზე საყვარელი პერიოდი - ბავშვობა და ის ადამიანებიც, ვისი სახელები და გვარებიც კი სახელდება, მისი ოჯახის წევრები და ის ადამიანები არიან, ვინც დიდად იმოქმედა მწერლის ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

რაც შეეხება მის რომანს, ამ რომანზე კიდევ ერთი, საინტერესო მინიშნებაა სწორედ იმ მოთხრობაში, რომელიც ზემოთ ვახსენე: „საქმე“: ერთ ეპიზოდში, როცა ორი მეგობარი (ორივე წერს) ერთმანეთს უზიარებს ლიტერატურასთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებს, ერთ-ერთი ამბობს: „ქართველ ერს აქვს ჭეშმარიტად უდიდესი პოემა. კარგი იქნება, ქართველს ერს ჰქონდეს ჭეშმარიტად უდიდესი რომანიც...“ მერე კი მწერალი ამატებს - „ასეთი რომანის დაწერაზე ოცნებობდა, თურმე, ყმაწვილი“.

ესეც რეალური გურამ დოჩანაშვილია - ოცნებობდა და დაწერა კიდეც. ის ერთ-ერთია იმ რჩეულთაგან, ვინც შემდგომ დიდი მწერალი გახდა - რჩეულებს კი ნუ ჩამოვთვლით: აკი თავიდანვე აღვნიშნე, რომ ჩვენ ყველასა გვყავს ჩვენი გურამ დოჩანაშვილი...

„...და რომ დაეთრგუნა ყოვლად გამაწამებელი „ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო!“ უნდა მოეშველებინა რომ არსად იყო ნათქვამი „ნუ ნურვინ ჰმოძღურით...“ და, გრძელი მუშაობისას, როგორც ყოველთვის, გასამხნევებლად, ორთავე პეშვით მიეტანა გამხმარი თუ ახალი პური სახესთან და, მისი სურნელი შეესუნთქა, და, თუმც რა ჰქონდა ჯერ დაწერილი, რაღაცა ერთი ღერი რომანი და ძალიან რომ არ გაგაწითლებდა, ოციოდ ისეთი მოთხრობა, მაგრამ იქაც კი, იმდენი სისხლი დაეღვარა რომ, „ძალიან ვცოდე?“ და სამაგიეროდ უნდა გაეცოცხლებინა ახლობელი, ძვირფასი ხალხი, რომლებიც აღარ იყვნენ, რა კარგი სახელი იყო სახელი „პეტრე“, და, ძალიან ხშირად უილაჯოს, გასამხნევებლად ისევ ესუნთქა თავისი პური და გაეხსენებინა ერთი ძველთაძველი და მძაფრი გამოთქმა, რომელიც ასე იწყებოდა: „თუმც მეშინია...“

მაგრამ ეს ცოტა ძნელი იყო.“ – „იქამდე“

გურამ დოჩანაშვილი და მასთან დაკავშირებული ეპიზოდები მისივე ცხოვრებიდან

ალექსი ჭინჭარაულმა დილით ადრე, რუსთაველის პროსპექტზე რუს ლამაზმანთან ერთად მოსეირნე გურამ დოჩანაშვილი შენიშნა და მაშინვე გაურითმა:
„ნა პროსპეკტე რუსტაველი,
ვოზლე კაფე–რესტორანა,
გულიალი უტრომ რანა,
დოჩანა ი დოჩ ივანა!“

ახალგაზრდა გურამ დოჩანაშვილი სახლიდან გასასვლელად ემზადება. პაემანზე აგვიანდება, ფაციფუცობს. "იქამდე"-დან ხომ ვიცით, რომ გურამის ბებია "შეჩვენებული" იყო. ეს ისტორიაც ამას ადასტურებს. მოკლედ, არის გურამი ერთ გაწამაწიაში: ხან ერთ პერანგს მოირგებს ტანზე, ხან მეორეს, ხან ქოჩორს აკვირდება და ამ დროს ბებია სხვათაშორის ეუბნება: "გურამ, ერთი შეკითხვა კი მაქვს შენთან, მაგრამ რად გინდა, რომ გკითხო, მაინც არ მიპასუხებ". გურამმა აღშფოთების გამოხატვა ჟესტებით სცადა: როგორ არ უპასუხებს! ბებო მას ძალიან უყვარს, როგორ დატოვებს უპასუხოდ მის კითხვას! "ააპ, არ გამაგონო არაფერი!" - განგებ ჯავრობს ბებია, - "ვიცი ზუსტად, არ მიპასუხებ მაინც". "კი, როგორ არა!"-ეუბნება გურამი და თან მალულად საათზე იხედება, - "მკითხე".

მაგრამ ბებო არაფერს ამბობს, მხოლოდ ხელებს ასავსავებს. გურამს კი ეჩქარება, მაგრამ ისიც უნდა, გაიგოს, რა შეკითხვა გაუჩნდა ბებოს. "ბებო, მითხარი, რა, მკითხე!" - ეხვეწება გურამი. უკვე მზადაა სახლიდან გასასვლელად. "რატომ გკითხო, მაინც არ მიპასუხებ" - ვითომ მოიწყენს ბებო. "კი გიპასუხებ" - ეუბნება გურამი. "მაძლევ პირობას?" - ეკითხება ბებო. "კი, კი..." - ნაჩქარევად ეთანხმება გურამი.

"მაააშინ, - წელავს ბებია, - გურამიკო, მითხარი ერთი, ყველაფერს გაფიცებ, მოთხრობებს ვინ გიწერს?" ამის გაგონებაზე გურამი ჯერ სახტად რჩება, მერე ყველაფერს ხვდება, ხელს იქნევს, კარს აღებს და კიბეზე ჩარბის. სადღაც, ბოლო საფეხურამდე ბებიას სიცილი მისდევს, ბოლო საფეხურზე კი ბებოს ვითომ ნაწყენი ხმა ეწევა: "ხომ გითხარი, მაინც არ მიპასუხებ-მეთქი!"

გურამ დოჩანაშვილი და წიგნების მაღაზიის გამყიდველი ქალი

ახალგაზრდა გურამ დოჩანაშვილმა მოთხრობების კრებული გამოსცა. გახარებულმა ჩამოაუარა ნათესავებს, მეგობრებს და წარწერით აჩუქა ყველას. რამდენიმე დღის შემდეგ ბებიამ ვიშვიში აუტეხა, დეიდა კატუტა გამოგრჩაო. გურამს ემცხეთა. გადაწყვიტა აუცილებლად ეშოვა წიგნი (თვითონ უკვე აღარ ჰქონდა) და თბილისის წიგნის მაღაზიები შემოაიარა. სულ ამაოდ: ყველგან ერთსა და იმავეს პასუხობდნენ - გაიყიდაო.

ბოლოს, ერთი მაღაზიის გამყიდველმა ვარკეთილის მეტროსთან ახლოს მიასწავლა, - თუ სადმე იქნება, ისევ იქო. გურამიც წავიდა. საშინლად დაღლილია. ბოლო იმედი ბოლო მაღაზიაა. ბატონი გურამი ჰყვება, ისეთ უკაცრიელ ადგილას იყო წიგნის მაღაზია, გამიხარდა, აქ აუცილებლად ექნებათ-მეთქი და შევედიო. შევიდა და დაბალი ხმით დაასახელა წიგნის ავტორი და სახელწოდება, თან ახალგაზრდა გამყიდველ გოგონას იმედის თვალით უყურებდა. გოგონამ თავი გააქნია და უთხრა - ბოლო ერთი საათის წინ გავყიდეო.

"ეტყობა, მთელი იმედგაცრუება სახეზე აღმებეჭდა", - ჰყვება ბატონი გურამი, - "გოგონამ შემომხედა და როცა დაინახა, რომ ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, დამამშვიდა, მაგრამ ასე: "რას მოგიწყენიათ, ჩემო ბატონო, გული არ დაგწყდეთ, წავიკითხე მე მაგ წიგნი და სისულელე იყო თავიდან ბოლომდე..."

"არა გრცხვენია, ამ საზიზღრობას როგორ ეწევი?!"

აკა მორჩილაძემ ჩვეული ენამოსწრებულობით დაარქვა "მაგნას" ეპოქა იმ დროს, როცა თბილისში "დიდი სროლების" პერიოდი იყო და ყველა "სროულობდა", ვისაც არ ეზარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვერ სვამდა ტყვიას ტყვიაში.

სადაც ერს ერთი ან მეორე პოლიტიკოსის, თუნდაც პრეზიდენტის ან მომავალი პრეზიდენტის სახელები სხვადასხვა კონტექსტში აკერია პირზე, იქ ხელოვნება და ხელოვანნი რომ არ ახსოვდეთ, აბა რა გასაკვირია. ვინ თქვა, როცა ქვემეხები გრიალებენ, მუზები სდუმანო? - კარგად უთქვამს.

ჰოდა, ამ ქვემეხების გრიალის, მუზების დუმილის, "მაგნას" და სხვათა ზემორეჩამოთვლილთა ეპოქაში წარმოიდგინეთ, ასე, 50-ს გადაცილებული, ასაკთან შედარებით ოდნავ მოტეხილი, ღრმა, სევდიანზე სევდიანი თვალებით თბილისის ქუჩებში მოხეტიალე მამაკაცი, რომელიც "წერას ჰყავს ატანილი", რადგან საქმე აქვს, "თანაც, როგორი: ძნელ უკეთესობას მიუახლოვდეს და აუხილოს შეგუებულებს ამტანი თვალი". მაგრამ თვალების ასახელად ვის სცალია. პირიქით, უფრო იბურავენ მზერას შავი "რეიბანებით".

მამაკაცი კი წიგნების მაღაზიებთან ჩერდება, შედის, ხან ხმადაბლა უსვამს გამყიდველს კითხვას, ხან თაროებს შეავლებს თვალს და კითხვის დაუსმელადაც ხვდება პასუხს დასასმელ კითხვაზე. მალევე გამოდის უკან. რუსთაველიდან პუშკინის ქუჩით, პუშკინიდან ვორონცოვისკენ, ვორონცოვიდან პლეხანოვისკენ, პლეხანოვიდან წერეთლის პროსპექტზე... რა თქმა უნდა, ფეხით და, რა თქმა უნდა, უშედეგოდ: მისი წიგნი ბოლო თვეებია, არ გაყიდულა, ასე რომ, პროცენტებს ვერ მიიღებს.

მერე რა, რომ ზამთარია, მერე რა, რომ მწერალი სახლიდან იმ იმედით გამოვიდა, რომ წიგნის გაყიდვიდან მიღებული სარგებელით სადმე პურის რიგში ჩადგებოდა და შინ პურით დაბრუნდებოდა. აბა, ვის აინტერესებს წიგნი, ხომ ვთქვი, რა ეპოქაც დგას. არა, წიგნებით (თანაც მისი წიგნებით) დაინტერესებულნი იმ ეპოქაშიც იყვნენ, მაგრამ იძულების წესით შაქარზე და პურზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე წიგნებზე.

მწერალი დაიღალა, თანაც, ძალიან "პირშიმთქმელურად" ღამდებოდა. აბა როგორ შეიძლებოდა, იმ ეპოქაში იმ მწერალს არ მოეწია და ეწეოდა კიდეც, ოღონდ, ეპოქის შესაბამისი სიგარეტი არ ჰქონდა. ვისაც გახსოვთ, ბათუმის თამბაქოს ქარხანა უშვებდა მაშინ, "დელფინი" ერქვა,- უსაშველოდ გრძელი, არცთუ ხარისხიანი თამბაქოთი გაჯერებული და, რა თქმა უნდა, უფილტრო სიგარეტი იყო. მორიგი მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ მწერალმა, რომელსაც ცოცხალი კლასიკოსი ყოველგვარი პირობითობის გარეშე შეგვიძლია ვუწოდოთ, უჩუმრად ამოიოხრა, შინ პურის გარეშე მისვლის ბედს თითქმის შეეგუა, მაგრამ როცა ვახუშტის ხიდი გადაიარა, მაინც გაიგონა, როგორ დუდუნით უხმობდა მტკვარი ამქვეყნიურ ამაოებათაგან გასათავისუფლებლად.

სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და წარმოიდგინა, რომ არავის არ სჭირდება მისი შემოქმედება, ხოლო მათ, ვისაც ფიზიკური არსებობითაც უნდა დაეხმაროს, - ვერ ეხმარება. გზად მათხოვარს ჩაუარა და ძველი ჩვეულებისამებრ, შარვლის ჯიბეზე უმწეოდ მოისვა ხელი. მათხოვარი თითქოს არც ელოდა ფულად მოწყალებას, მაგრამ როცა მოხუცი გასცდა, ზურგიდან მიაძახა: "სიგარეტი მაინც არა გაქვს?"

აქ კი ცოცხალ კლასიკოსს გაახსენდა, რომ სახლში, კარადის თავზე კიდევ ეგულებოდა ათამდე კოლოფი "დელფინი", რომელიც მისმა მეგობარმა ბათუმიდან საჩუქრად გამოუგზავნა, სახე ნათელმა ღიმილმა გაუნათა, რომ მას, თვითონ უმწეოს, შეეძლო სხვა უმწეოს თუნდაც ამ ფორმით დახმარებოდა, სიგარეტის ერთი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან, ძველი მწეველის მანერით ყურში გაირჭო, ნახევარ კოლოფზე მეტი სიგარეტი მათხოვარს მიაწოდა, უთხრა: "აჰა, შენი იყოს, მე კიდევ მაქვს",- შებრუნდა და გზა გააგრძელა, მაგრამ სამი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ისევ მოესმა მათხოვრის ხმა: "არა გრცხვენია, ამ საზიზღრობას როგორ ეწევი?!."

გურამ დოჩანაშვილის ბიოგრაფია:

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს, ქალაქ თბილისში. მწერლის მამა — პეტრე დოჩანაშვილი, იყო ექიმი, ხოლო დედა — გულნარა ემხვარი - დიასახლისი. გურამ დოჩანაშვილი იზრდებოდა თბილისში. მისი ბაბუა — სილოვან ემხვარი, იყო აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი.

1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე და სხვ.

1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა1964 წელს.

1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი იყო.1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია.

1990 წელი ძალიან მძიმე ოყო მწერლის ცხოვრებაში. ამ წელს ტრაგიკულად დაიღუპა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი ,რომელიც 22 წლის იყო. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან.

გურამ დოჩანაშვილს გამოცემული აქვს რომანი „სამოსელი პირველი“, “ლოდი ნასაყდრალი“, მოთხრობა „ კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.მოთხრობები: „მხოლოდ ერთი კაცი “, „ნაბიჯი“ ,„მთის გადაღმა „ბაქანი“, მხიარული ბორცვი“ და სხვ ."2010 წლის 17 დეკემბერს გაიმართა გურამ დოჩანაშვილის ბოლო ნაწარმოების, ავტობიოგრაფიული შინაარსის რომანის "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" პრეზენტაცია.

გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში „ 1961წელს. მწერალი არის ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (ჯეონიუსი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100