სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველა უწყებას, მათ შორის კერძო სტრუქტურებსაც ეძლევათ რეკომენდაცია, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე" - გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობის და საქართველოს ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მსგავსი რეკომენდაცია ეძლევათ ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობის და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, რამოდენიმე თვით თავი შეიკაონ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამას. ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, ეს გახლავთ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა. ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დღეს. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან დღეს თვითიზოლაციის რეჟიმში მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე ვავალებთ შსს-ს სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყონ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზუსტი და შესაბამისი წესების აღსრულება, რომელიც განსაზღვრული არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100