სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ - პროკურატურამ კომისიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო

საქართველოს პროკურატურის განცხადებას ავრცელებს, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებისა და ძალადობის ფაქტზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნაა წარმოდგენილი.

განცხადებაშია აღნიშნულია, რომ კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილზე ნამდვილად განხორციელდა ფიზიკური ძალადობა.

"საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლითაც კიდევ ერთხელ უტყუარად დადასტურდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის და მკვლელობამდე მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც მათი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი- ბლაგვი საგნებით.

აღნიშნული კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.

ამავე დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის მუცლის მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია სხეულზე ფეხსაცმლიანი ფეხის დარტყმის შედეგად, რითაც გამოირიცხა გავრცელებული ვერსია, რომ გიორგი შაქარაშვილმა აღნიშნული დაზიანება ხიდის ქვეშ, ბილიკზე ჩასასვლელთან არსებულ ჯებირზე შეჯახებით მიიღო.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდგომ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მკვლელობამდე უახლოეს პერიოდში და წარმოადგენს მასზე ფიზიკური ძალადობის კვალს.

კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის გვამი 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა წყალში, რაც ცალსახად თანხვედრაშია გამოძიებით დადგენილ გარემოებებთან და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროსთან, ასევე გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არსებულ ყოველგვარ სპეკულაციებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, ხოლო მკვლელობამდე მას ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საქართველოს პროკურატურა კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ახლობლებს და აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს."- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100