ნიკა გვარამია: პანდამ რო არ იკადრა, ის ქნეს - ნათლისღებას ჩამოკრეს...
„პანდამ რო არ იკადრა, ის ქნეს - ნათლისღებას ჩამოკრეს ...
ყოჩაღ, სტრასბურგში გამოიყენოს იქნებ მთავრობამ რ2-ის წინააღმდეგ - მარტო ჩვენი ნარატივი არაა, აგერ საპარლამენტო უმცირესობაც იგივეს ამბობსო“- ასე ეხმაურება პარტია "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ პარტია "ევროპულმა საქართველომ" დღეს, 9-საათიან კურიერში NDI-ის სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სიუჟეტი, რომელიც ეთერში გავიდა, საავტორო ტექსტი მცდარ ფაქტებს ეფუძნებოდა.
"შევადაროთ პარტიული რეიტინგები გასულ თვეებში ჩატარებულ არჩევნებს. სულ ოდნავ არის მომატებული ქართული ოცნების რეიტინგი, ძალიან მცირედით ნაციონალური მოძრაობის, ხოლო 12%-დან 4%-მდეა შემცირებული ევროპული საქართველოს მაჩვენებელი."
ეს აშკარად მცდარი და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა. თუ ავტორი დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს არჩევნების შედეგებს ადარებს, მაშინ გაუგებარია როგორ გაიზარდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შედეგები. თუ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებს გულისხმობდა, მაშინ, NDI-ის 2017 წლის აპრილის კვლევაში ჩვენი პარტია 2% -იან ზღვარს ქვემოთ იყო, ივნისის კვლევაში ევროპული საქართველოს მხარდაჭერას გამოკითხულთა 3% აპირებდა, არჩევნებზე კი, ჩვენმა პარტიამ 10.4% აიღო. იმავე კვლევაში კი, ქართულ ოცნებას 22% უჭერდა მხარს, მათ არჩევნებზე 55.81% მიიღეს, ნაციონალურ მოძრაობას, კვლევის მიხედვით, 7% უჭერდა მხარს, არჩევნებზე კი 17.04% მიიღეს.
რუსთავი 2-ს, როგორც კერძო ტელევიზიას, აქვს სრული უფლება ჰქონდეს სარედაქციო სიმპათიები. ყველასთვის ნათელია, რომ დღეს ეს სიმპათია მიხეილ სააკაშვილის გუნდს ეკუთვნის, მაგრამ როდესაც ამ სიმპათიების გამო ხდება ყალბი ფაქტების გავრცელება, ეს არის მაყურებლის უპატივცემულობა და ჟურნალისტური სტანდარტების უხეში დარღვევა. იმ პირობებში, როცა ხელისუფლება განაგრძობს რუსთავი 2-ის დევნას, ეს ტელევიზია კი ქართული ოცნების გავლენის გარეთ დარჩენილი ერთადერთი მსხვილი არხია, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის არჩევანი მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს ხელს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება მათ მაყურებლის ნდობას უკარგავს, რაც ქართული ოცნების ინტერესშია", - ნათქვამია პარტია "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარი