სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მერიასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, თბილისის მერიასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ და მინისტრმა, კახი კახიშვილმა მოაწერეს.

თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ და სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფ მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთების რეალიზაციისა და პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა, ამასთან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულების მხარდაჭერა. რეგისტრირებული მსჯავრდებულები აქტიურად ჩაერთვებიან მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია ხელს შეუწყობს პრობაციონერების ჩართულობას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო საქმეებში.

„მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ სამინისტროსთან, მის ცალკეულ მიმართულებებთან, რათა ის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება ერთად გავაკეთოთ პრობაციონერების ჩართულობით, ან იგივე, ვთქვათ, სასჯელაღსრულების დაწესებულების სისტემაში ნაწარმოები პროდუქციის რეალიზაციის თვალსაზრისით, იყოს ორივე მხარისთვის სასარგებლო და შედეგიანი,“- განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახი კახიშვილმა აღნიშნა, თბილისის მერიას უამრავი პროექტი აქვს, სადაც მსჯავრდებულები და პრობაციონერები ჩაერთვებიან, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა კი, უწყებას ამ მიმართულებით წამოწყებული სიახლეების განხორციელებაში დაეხმარება.

„მემორანდუმი, რომელიც დღეს გავაფორმეთ, მსჯავრდებულების და პრობაციონერების დასაქმების კუთხით ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მერია დახმარებას გაგვიწევს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებულ ორ საწარმოში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის კუთხით. მერიას უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს - გამწვანება, მშენებლობა და სხვ., როგორც მერმა აღნიშნა, ყველა სათანადო ღონისძიება განხორციელდება იმისათვის, რომ ამ პროექტებზე დასაქმდნენ პრობაციონერები,“ - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახი კახიშვილმა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები შემეცნებითი ხასიათის ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვა-განხორციელებასაც უზრუნველყოფენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100