ანდერს ფოგ რასმუსენი მიხეილ სააკაშვილს მადლობას უხდის
ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიხეილ სააკაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და მისი პრეზიდენტობის პერიოდში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს.
"ბატონო პრეზიდენტო, თქვენი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც გასული წლების განმავლობაში გვქონდა.
დიდად ვაფასებ თქვენს წვლილს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველო ნატო-სთვის განსაკუთრებული პარტნიორი გახდა მისი რეფორმებისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილის გამო, რომელიც ISAF-ის ოპერაციაში შეიტანეთ. ნება მომეცით, ალიანსის მოკავშირეთა სახელით, გამოვხატო მადლიერება და ღრმა პატივისცემა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველომ გასწია, როგორც ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ.
ნატო-საქართველოს ურთიერთობა არსებითად გაფართოვდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. საქართველო არის პარტნიორი, რომელსაც სურს ნატო-ს წევრობა და თქვენს ქვეყანაში შემდგომი რეფორმების განხორციელების მიზნით, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ისე ყოველწლიური ეროვნული პროგრამების მიმართულებით. თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველომ გვიჩვენა მტკიცე პროგრესი მთელ რიგ საკვანძო საკითხებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველი ხალხის მისწრაფებების მიღწევაში. გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის წერილში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის წერილი, რომელიც 5 ნოემბრით თარიღდება, მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დღეს გავრცელდა
კომენტარი