სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მირზა სუბელიანი 10 საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს - მან შსს დატოვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი 10 საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

„რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ. ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობის შესახებ და ვერაფერს გეტყვით"- განაცხადა სუბელიანმა.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ შუადღეს შევიდა დაკითხვაზე. ამასთან, მას ადვოკატი თან არ ახლდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმის მამაა. მისი სახელი დანაშაულიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა. იმ დროს სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, 1 ივნისს მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხეს.

3 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100