"ისევ აგრძელებს აქ ფულის შოვნას...შეუძლია, გადაცხოვრდეს" - რუსეთში ვალერი მელაძის ქვეყნიდან გაძევებას და მისთვის ჯილდოების ჩამორთმევას ითხოვენ
მომღერალი ვალერი მელაძე სკანდალში ეხვევა, რუსები პუტინის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს და უკრაინაში დაწყებული ომის დაგმობას არ პატიობენ. ერთ თვეზე მეტია, რუსულ მედიაში ვრცელდება სტატიები, რომ მელაძის რეიტინგი მათ ქვეყანაში დაეცა, რომ ის ვერასოდეს ვეღარ გამოჩნდება რუსეთში ცისფერ ეკრანზე, ხალხმა მის კონცერტებზე ბილეთები დააბრუნა, გაუუქმეს მომღერალს ხელშეკრულებები, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა. რუსული მედია წერს, რომ ვალერი მელაძე ისევ აგრძელებს "ფულის შოვნას რუსეთში" და ეს ფაქტი რუსების ნაწილს ძალიან აწუხებს. რუსული მედია წერს, რომ რუს ხალხს სჯეროდა, "შერცხვენილი მელაძე" სასწრაფოდ დატოვებდა ქვეყანას, როგორც ბევრი მისი რუსი კოლეგა მოიქცა პუტინის გაკრიტიკების შემდეგ, მაგრამ ვალერი მელაძე დარჩა. უფრო მეტიც, ცნობილმა მომღერალმა სცენაზე გამოსვლა გააგრძელა. ის უკვე ორ კორპორატიულ წვეულებაზე გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ მელაძეს ერთ საღამოში 70 ათას ევროს უხდიან. ამის გარდა მას ემსახურება მერსედესი არამწეველი მძღოლით. ნომერში აქვს 12 წლის დაძველებით ვისკი და ყოველდღიური სახარჯო ფული ტურნეს განმავლობაში. მელაძის კოლეგები შეწუხებულები არიან, როგორც თავად ამბობენ, "მისი უტიფრობით". კულუარებში მომღერალზე ჭორაობენ და წუხან იმის გამო, თუ რატომ ჩერდება მელაძე იმ ქვეყანაში, სადაც აკრიტიკებენ. "მას აქვს ბევრი ფული და შეუძლია, თავისუფლად გადაცხოვრდეს საზღვარგარეთ", - წერს რუსული მედია. მუსიკოსი იური ლოზა, ამბობს, რომ მელაძე რუსეთიდან წასვლით დიდ ფულს დაკარგავს და უცხოეთში მისი ნამღერი არავის სჭირდება. რუსულ მედიაში გაჩნდა მოწოდებები, რომ მელაძეს რუსეთი ძალით დაატოვებინონ. ასევე მისი კოლეგები ითხოვენ, რომ ჩამოერთვას რუსეთის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება. ასევე ყველა ჯილდო, რომელის რუსეთში ცხოვრებისა და კარიერის მანძილზე მიიღო. ცნობილი რუსი ბლოგერი და ფსიქოლოგი კრისტინა ბოსი, ვალერი მელაძეს "ფარისეველსა და სამშობლოს მოღალატედ“ მიიჩნევს და თვლის, რომ "რუსეთ უკრაინის ომის დაგმობით მან უმადურობა გამოიჩინა იმ ქვეყნისადმი, რომელმაც მას ყველაფერი მისცა." "ქვეყანა არ მოითმენს ჩაძირული გემიდან გაქცეულ ვირთხებს. ირონია ის არის, რომ რუსეთი არ არის ჩაძირული გემი, ჩვენ ყოველთვის ძლიერი და დაუმარცხებელი ძალა ვიყავით. მელაძის მსგავსი ადამიანები კი უბრალოდ არცხვენენ ჩვენ დიდ ქვეყანას“, - ამბობს კრისტინა ბოსი Express Gazeta-სთან ინტერვიუში. ფაქტია, რომ ვალერი მელაძე რუსებს ნერვებს უშლის. მათი მოლოდინი, რომ მელაძე ქვეყანას დატოვებდა, ან უბრალოდ ბოდიშს მოიხდიდა რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკის გამო, არ გამართლდა. დაატოვებინებენ თუ არა ძალით ქვეყანას ამ დროისთვის უცნობია, რადგან რუსეთის მთავრობას ჯერჯერობით მელაძისთვის არ სცალია, მანამდე კი "სალიუტ ვერას“ ავტორი, როგორც მას რუსეთში მოიხსენიებენ, რუსეთში კორპორატიულ საღამოებზე გამოდის და მისი ნამღერი კვლავ ძვირად ფასობს.
კომენტარი