გორში დღეს 9 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება
ფაშიზმზე გამარჯვების 66 წლისთავთან დაკავშირებით დღეს, გორში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება , რომელსაც სამამულო ომის ვეტერანები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ტრადიციულად, სამამულო ომის მონაწილეები გორის ცენტრში, საბრძოლო დიდების მუზეუმში შეიკრიბებიან და წარსულს გაიხსენებენ. მათ პატივისცემად მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გორის მოსწავლე–ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელთა მონაწილეობით მცირე ღონისძიება გამართება, სახელწოდებით ,,მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი".
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ და სამამულო ომის მონაწილეებს გამარჯვების დღეს მიულოცავენ. ღონისძიებაზე ვეტერანებს მისალოცი ბარათები გადაეცემათ, სადაც მითითებული იქნება მათთვის განკუთვნილი 100-ლარიანი დახმარების მიღების წესი. აღნიშნული დახმარებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელითაც ერთჯერადად 135 ვეტერანი ისარგებლებს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტისგან ერთ-ერთ იუბილარ ვეტერანს საჩუქრად მიკროტალღური ღუმელიც გადაეცემა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, რესტორან ,,სპორტკაფეში" ვეტერანების პატივსაცემად სადილი გაიმართება.
კომენტარი