სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პირველი საპრეზიდენტო ხელფასი კონვერტით მომიტანეს: 40 აშშ დოლარი...

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პირველი საპრეზიდენტო ხელფასი 40 დოლარს შეადგენდა.

"როდესაც თავდაპირველად ჩემს სამუშაო ოთახში მივედი, თქვენ წარმოიდგინეთ, მთავრობის მოხელეებსაც არ ჰქონდათ ხელფასი. პირველი კონვერტი ორი კვირის თავზე მივიღე და ეს იყო ჩემი პირველი ანაზღაურება - თქვენ წარმოიდინეთ, 40 ამერიკული დოლარი. აღვშფოთდი, მაგრამ მითხრეს, რომ ეს ჩემი საპრეზიდენტო ხელფასი იყო. ჩემი წინამორბედის პირობებით დავინტერესდი და მიპასუხეს, რომ სწორედ ამდენივეს იღებდა მთელი ამ წლების განმავლობაში. მე რა თქმა უნდა ვთქვი, რომ ამ ხელფასით ვერ ვიცხოვრებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხაზინა ცარიელი იყო", - განაცხადა სააკაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ხაზინის სიცარიელის გამო საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

"ვთხოვეთ ცოტაოდენი ფული, რათა საგადასახადო მუშაკებისთვის მაინც გადაგვეხადა. თუმცა არც ის მინდოდა, რომ ასეთი მცირე ხელფასი ან მე მქონოდა ან სხვა რომელიმე მოხელეს. მაშინ ვიფიქრე, რომ თუკი გადასახადის აკრეფას 40 პროცენტით გავზრდიდით, ამას დიდ წარმატებად მივიჩნევდი. როდესაც შემოსავალი ამ გზით გავაორმაგეთ, შეხედეთ ახლა სად ვართ, გადასახადები 60 პროცენტით შევამცირეთ. ამ ნაბიჯით გადასახადების აკრეფის მაჩვენებელი 20-ჯერ მაინც გაიზარდა. ეს სწორედ იმის მაჩვენებელი იყო, თუ რამდენს იპარავდნენ მანამდე - ფარული ეკონომიკის ინდექსი", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობამ სხვა ბევრი ცვლილებაც განახორციელა.

"რაც შეეხება სახელმწიფო აპარატს, ჩვენ მისი 90 პროცენტი გავწმინდეთ. ხალხი ფიქრობდა, რომ თუკი გადასახადებს არ გადაიხდიდნენ და სანეპიდ სადგურებსა და სახანძრო სამსახურებს გავაუქმებდით, რესტორნები გადაიწვებოდა, ჩვენს ქალაქებს ვირთხები შემოესეოდნენ და ყველაფერი ძალიან ცუდად იქნებოდა. თუმცა მსგავსი არაფერი არ მომხდარა. დღევანდელი მდგომარეობა ასეთია: სამართლისა და დემოკრატიის კანადურმა ცენტრმა 64 ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა Transparency international-ის ადგილობრივი ფილიალების მეშვეობით, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა სახელწიფო აპარატს და მიაკვლია იმას, რომ ჩვენ ახალი ზელანდიის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო აპარატი გვაქვს, მაშინ როდესაც ადრე ყველაზე უარესებს შორის ვიყავით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100