ჯანმო: 5 წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარება რეკომენდირებული არ არის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში ადამიანებმა პირბადე როგორც შენობაში, ისე მის ფარგლებს გარეთ უნდა ატარონ, მათ შორის მაღაზიებში, სკოლებსა და კოლექტიურ სამუშაო ადგილებზე, თუ სულ მცირე ერთმერტიანი სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპებში, რომლებიც დღეს ჟენევაში გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების კერები გაჩნდეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველას ურჩევს, ატაროს პირბადე. გარდა ამისა, ორგანიზაციის რეკომენდაციით, პირბადე ადამიანს უნდა ეკეთოს ყველგან, სადაც სათანადო განიავება არ ხდება.
ეს რეკომენდაცია ვრცელდება როგორც მოზრდილებზე, ისე 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებზე. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი პირბადის ტარება რეკომენდებული არ არის. ამასთან, 6-დან 11 წლამდე ასაკის ჯგუფისთვის პირბადის ტარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს კონკრეტულ ადგილებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლიდან გამომდინარე. ამასთან, ბავშვს პირბადის სწორად გამოყენება უნდა შეეძლოს, უფროსებმა კი ზედამხედველობა უნდა უზრუნველყონ.
კომენტარი