"სუს-მა თავად გამაფრთხილა, რომ მითვალთვალებდნენ და მითხრეს, რომ არავისთვის მეთქვა, სხვა არაფერი ვიცი" - გიორგი გაბუნია
მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, მის მიმართ თვალთვალი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჰქონდა ინფორმაცია თვალთვალის შესახებ, თუმცა დეტალები მისთვის ცნობილი არ ყოფილა.
„მე მაინცდამაინც ბევრი არ მაქვს სათქმელი. მე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში და ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, მაგრამ მქონდა ძალიან ზოგადი ინფორმაცია. დეტალების შესახებ ჩემთვის არც უთქვამთ და შესაბამისად, გამოძიებასთან საუბარი არ შემიძლია იმიტომ, რომ უბრალოდ არ ვიცი. ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ. მე მქონდა, სუს-სგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდევაც, რომ ამის შესახებ არავისთან არ უნდა მელაპარაკა. დაახლოებით ბოლო 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა თვალთვალი“, - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება შესაძლო ლიკვიდაციის მოტივს, გაბუნიას თქმით, „ეს ყველასთვის ნათელია“.
„მოტივი არის ის, რისი ვარაუდიც მე მაქვს და მე მგონი ეს ყველასთვის ნათელია. მეტი რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივი ჩემი ლიკვიდაციის, თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა, მითუმეტეს, რუსეთიდან?- განაცხადა გაბუნიამ.
დღეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამავე არხის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში დაიკითხებიან. მათი დაკითხვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.
კომენტარი