სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბადრი ბიწაძე: "სად არის "მაესტრო", რომ გადავიღოთ? ჩვენი ჟურნალისტი არ არის?!." (ვიდეო)

"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში" შემავალი მედიასაშუალებების ("პრესა.ჯი", "აი–ტვ") ჟურნალისტების მიმართ აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესიის გამოვლენა პირველივე დღეს დაიწყო. ტელევიზიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს არ მოსწონთ, რომ მათი განცხადებების გარდა, ამ მედიასაშუალებების ჟურნალისტები იმასაც აშუქებენ, რა ხდება კულუარებში, ანუ, როგორია აქციის მონაწილეთა ყოველდღიური და ყოველღამეული ცხოვრება.

ჯერ კიდევ 21 მაისს, ბადრი ბიწაძის დაცვამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ინტერნეტტელევიზია „აი-ტი-ვი“-ს ჟურნალისტს. 22 მაისს ვიდეოკამერა დაუმტვრიეს ამავე ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, სცემეს ოპერატორი ირაკლი ხიზანიშვილი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს: ნინო კეკელიას, ნანა ავალიშვილს, მაკა ანდრონიკაშვილსა და თამარ კვარაცხელიას.

დღეს, საღამოს საათებში კი აგრესიის მსხვერპლი „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ კიდევ ერთი ჟურნალისტი, გიორგი ჩხაიძე გახდა. იგი აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტორო სატელევიზიო გადაცემას ამზადებდა, რომელიც გარკვეულ იმპროვიზაციას ითვალისწინებს.

გადაღების დაწყებისთანავე ჟურნალისტი აგრესიული აქტივისტების ალყაში აღმოჩნდა, რომლებიც რეპლიკებით ხელს უშლიდნენ ჟურნალისტს მუშაობაში.

რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე „მძიმე არტილერია“ – ბადრი ბიწაძე გამოჩნდა, რომელმაც ჟურნალისტს პროვოკატორი უწოდა და იმპერატიული ტონით მოითხოვა მისგან გადაღების შეწყვეტა. ჟურნალისტის მხრიდან სიტყვიერი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ბიწაძე კიდევ უფრო აგრესიული გახდა. მან ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მაისურში ხელი ჩაავლო და შემოახია კიდეც.

რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, აღელვებულმა და მწყობრიდან გამოსულმა ბადრი ბიწაძემ თავი ვერ შეიკავა, მიიხედ–მოიხედა და წამოიძახა: „სად არის მაესტრო, რომ გადავიღოთ? ჩვენი ჟურნალისტი არ არის?!..“

ალბათ, ამ ფრაზას ზედმეტი კომენტარი არ სჭირდება და იგი, გარკვეულწილად, იმ კითხვაზეც იძლევა პასუხს, რომელიც „მაესტროს“ წარმომადგენლებს „აწუხებთ“: რატომ მიაჩნია საზოგადოების ნაწილს, რომ ეს ტელევიზია „ქართული პარტიისა“ და რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტია...

ვინმემ მიკერძოებულობა რომ არ დაგვაბრალოს, აქვე დავამატებთ, რომ ბადრი ბიწაძის ეს „უნიკალური“ ფრაზა „აი–ტვ“–ს ვიდეოფირზეა აღბეჭდილი და შესაბამისი ვიდეომასალა რამდენიმე წუთში გამოქვეყნდება ინტერნეტტელევიზიის ვებ–გვერდზე, რის შემდეგაც იგი ამ სტატიასაც დაერთვება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100