სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამარაში მილიციელების მიერ მოკლული მამუკა კახიშვილის თემას გვერდი ვერც НТВ-მ აუარა

2011 წლსი ნოემბერში სამარაში რუსი მილიციელების მიერ მოკლული ქართველის, 19 წლის მამუკა კახიშვილის საქმე რუსეთში იმდენად რეზონანსული გახდა, რომ ამ თემას გვერდი ვერც НТВ-მ აუარა.

იმის მიუხედავად, რომ საგამოძიებო ჟანრის სიუჟეტი ამ ტელეკომპანიამ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოამზადა, ის ეთერში არ გასულა - ცენზურის გამო. თუმცა, სარატოვის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, სადაც ცალსახადაა მინიშნებული, რომ კახიშვილის სიკვდილის მიზეზი ფუძის მოტეხილობაა, ხოლო ეს დაზიანება მას მხლოდ ცემისგან შეიძლებოდა მიეღო, ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ცნობილი გახდა, რომ 1 აპრილს НТВ-მ თავის პროგრამაში ჩართო თოქ-შოუ, სადაც კახიშვილის მკვლელობის დეტალებს განიხილავენ.

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ შედეგებს დაელოდება და იმის მიხედვით იმოქმედებს: „ვნახოთ, რას აჩვენებენ - მათ ყველაფერი აქვთ, ყველა დოკუმენტი, ყველა ასლი მივეცი, როცა აქ იყვნენ. ჩემი პოზიცია ის არის, რომ უნდა დავამტკიცო - შვილი ამ ველურებმა მომიკლეს და ამას აუცილებლად დავამტკიცებ“.

შეგახსენებთ, მამუკა კახიშვილის მკვლელობის დეტალებს, რომელიც „დრონი.ჯი“-მ ქართულ მედიასაშუალებებში ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა:

19 წლის მამუკა კახიშვილი რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად სამარის ცენტრში მდებარე რესტორან „კასპიასთან“ მივიდა. მეგობრები თავისუფალ ადგილებს ეძებდნენ, მაგრამ საღამო იდგა და ყველა რესტორნის დარბაზი და კუპეები გადაჭედილი გახლდათ. ასე იყო „კასპიის“ შემთხვევაშიც, სადაც მამუკა მარტო შევიდა, რამდენიმე წუტში უკან გამობრუნდა და მეგობრებს უთხრა, რომ იქ თავყრილობა აღინიშნებოდა და ადგილი არ იყო.

არავინ იცის, რა მოხდა რესტორნის შიგნით იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რაც იქ მამუკა კახიშვილი იმყოფებოდა, მაგრამ გარეთ გამოსვლის შემდე მას უკან რუსი, შეზარხოშებული ახალგაზრდების ჯგუფი გამოჰყვა. მათ დაინახეს, რომ მამუკა კახიშვილი მარტო არ იყო და თან კიდევ სამი მეგობარი ახლდა, მაგრამ იმით ისარგებლეს, რომ თვითონ ბევრად მეტნი, დაახლოებით ათამდე იყვნენ და ქართველებს ქსენოფობიური ფრაზებით დაცინვა დაუწყეს. ტრადიციული რუსული მიმართვა „ჩერნო...პიე“ - მამუკამ ვერ მოითმინა და ერთ-ერთ მათგანს ხელი გაარტყა. მამუკას მეგობრების თქმით, ამის შემდეგ რესტორნიდან კიდევ ათამდე ახალგაზრდა გამოცვივდა და ყველამ ერთად დაუწყო ქართველებს ცემა.

განსაკუთრებული აგრესიით ისინი მამუკას მიმართ გამოირჩეოდნენ, რომელიც, იმის მიუხედავად, რომ წაქცეული იყო და სახეში წიხლებს ურტყამდნენ, ყველას აგინებდა. ბოლოს მან მოახერხა ფეხზე წამოდგომა, ჯიბის პატარა დანა ამოიღო და ქნევა დაიწყო, რის შემდეგაც რუსი ახალგაზრდები შემოეცალნენ. სწორედ ამ დროს მივიდა შემთხვევის ადგილზე ვიღაცის მიერ გამოზახებული პოლიცია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დებოშის ამტეხი და ქსენოფობი თანამემამულეები დაეშოშმინებინა, რამდენიმე პოლიციელი მამუკას მივარდა და ცემა დაუწყო, აქაოდა, დანას რატომ იქნევდიო.

„ეს საშინელი სანახავი იყო: პოლიციელები და მთვრალი მოქეიფეები მამუკას ერთად ურტყამდნენ, როცა ხელახლა ცავერიეთ, ჩვენც ზედ მიგვაყოლეს. მამუკას თვალები სისხლით ჰქონდა ამოვსებული, სახეზე სისხლი ჩამოდიოდა და ვერც კი გაარჩევდა, ვინ იდგა მის წინ - პოლიციელი თუ ხულიგანი, თუმცა, ქცევით ისინი არც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. მამუკა რომ ფრთხილობდა და პატარა ჯიბის დანა მხოლოდ თავდაცვისთვის ჰქონდა ჯიბიდან ამოღებული, ისიც მიუთითებს, რომ დანით არათუ არავინ დაჭრილა, არც კი გაკაწრულა“.

პოლიციელებმა სასტიკად ნაცემი მამუკა კახიშვილი მანქანაში შეტენეს და განყოფილებაში წაიყვანეს. მეგობრები არ დაუკავებიათ. როცა განყოფილებასთან მივიდნენ, მამუკა მანქანიდან გადმოათრიეს და „კა-პე-ზე“-ში შეაგდეს. დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ ერთ-ერთი მორიგე იმან დააეჭვა, რომ დაკავებული არ ინძრეოდა, ხოლო იმის შემოწმება, იყო თუ არა გონზე კახიშვილი, რუსულ-„მენტური“ მეთოდით გადაწყვიტა: ტანსაცმელი აუწია და მუცელზე ანთებული სიგარეტი დაადო. როცა კახიშვილი არ გაინძრა, სასწრაფო გამოიძახა. ექიმებმა სიკვდილი დაადგინეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მამუკა კახიშვილი პოლიციაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო...

პოლიციელებმა თავი იმით იმართლეს, რომ მამუკა კახიშვილი პოლიციელებს დანით ემუქრებოდა, რის შემდეგაც მის მიმართ ძალა გამოიყენეს. ამ ოფიციალურმა ვერსიამ იმდენად აღაშფოთა მოკლულის მეგობრები, რომ დღეს სამარის პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს: „ჩვენი მეგობარი დამნაშავე არ არის!“; „დასაჯეთ მკვლელები!“ - ამ ტრანსპარანტებმა კი პოლიციელები გააღიზიანა და მათ მამუკა კახიშვილის მეგობრების აქცია დაარბიეს, ორი ორგანიზატორი კი დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით გაათავისუფლეს. მეგობრები ამბობენ, რომ ამ საქმეს უყურადღებოდ არ დატოვებენ და მკვლელების დასჯას მოითხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100