ევროპული PR კომპანიები და ქართული ოპოზიცია
კონტაქტების დამყარება შტატების ხელისუფლებასთან, პიარი ამერიკულ ან ბრიტანულ პრესაში, იმიჯის გაევროპულება, რეიტინგის აწევის მცდელობა, სწორი სლოგანისა და საუბრის შერჩევა, კონკრეტულ ადამიანებთან ლაპარაკის მანერის მითითება და... მინიმუმ 500 ათასი ფუნტი სტერლინგი. თუმცა თავად ბრიტანული მედია ირწმუნება, რომ ნებისმიერ კომპანიას, სახელმწიფოს, კონკრეტულ პიროვნებასა თუ პოლიტიკოსს მსგავსი მომსახურების მიღება დაახლოებით 2 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე უჯდება. ეს ის თანხაა, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ბრიტანულ იმიჯმეიკერებს უხდიან.
ბრიტანელ „პიარშიკებს“ კი ერთი დაუწერელი კანონი აქვთ – ხელი არ მოჰკიდონ „საქმეს“, რომელსაც ვერ გააკეთებენ. ანუ არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებთან მუშაობაზეც ისინი უარს ამბობენ. ბუნებრივია, „დაბლოკილთა“ სიას არავინ ამჟღავნებს, თუმცა, როგორც ამბობენ, იქ ბევრი ქართველი ოპოზიციონერის გვარ-სახელიცაა მოხვედრილი.
ბრიტანეთში თითქმის ყველაზე მომგებიან ბიზნესად სწორედ იმიჯმეიკერობა დასახელდა. შესაბამისად, დიდია ყურადღება ამ პროფესიის მიმართ. განსაკუთრებით ბევრ დროს უთმობს პიარჯგუფების „შესწავლას“ მედია. მაგალითად, ბოლოს ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ საკმაოდ დიდი წერილი მიუძღვნა ამ სფეროს. სწორედ იქ წერია, რომ ბრიტანელი იმიჯმეიკერები მეორეხარისხოვან პოლიტიკოსებზე ნადირობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მათთან კონტრაქტები ხელში ჩაიგდონ და ახერხებენ კიდეც.
ნინო ბურჯანაძე – „Bell Pottinger”-ისა და ტეტჩერის მიმდევარი
ტიმოთი ბელი – პიარინდუსტრიაში ცნობილი და აღიარებული პიროვნება. ფლობს საკუთარ პიარკომპანიას – „Bell Pottinger”-ს. კომპანიის წლიური შემოსავალი 74 მილიონ ფუნტ სტერლინგს აღემატება. მოგების ნახევარი, ანუ 37 მილიონზე მეტი სწორედ უცხოელ პოლიტიკოსებთან დადებულ კონტრაქტებზე მოდის. ტიმოთის მთავარი კოზირი მისი წარსულია. ის თავის დროზე მარგარეტ ტეტჩერის მრჩეველი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. ტიმოთი დღესაც ამაყობს საკუთარი მეგობრით და აცხადებს, რომ ტეტჩერი მისი იდეალია.
„„Bell Pottinger”-ს დღეს 600-მდე კლიენტი ჰყავს. მათ შორის არიან ბორის ბერეზოვსკი, ერაყის მთავრობა, საუდის არაბეთის სახელმწიფო, ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, უოლტ დისნეი, მაკდონალდსი, როლს როისი, როლექსი... და შრი-ლანკა. სხვათა შორის, შრი-ლანკას ხელისუფლებასთან 2009 წელს გაფორმებული კონტრაქტი საკმაოდ ძვირად დაუჯდა ტიმოთი ბელს და მის კომპანიას. ადგილობრივ ხელისუფლებას ბრალი ედებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის არაადამიანურ დაბომბვაში. ამის გამო ევროკავშირმა შრი-ლანკას პროდუქტის შეტანაც კი აკრძალა ევრობაზარზე.
კომპანიის ბიუჯეტის შევსებაში წვლილი მიუძღვის ნინო ბურჯანაძესაც. ეს არც არის გასაკვირი. ნინო აღმერთებს ყველასა და ყველაფერს, რაც ტეტჩერს უკავშირდება. ტიმოთი ბელი კი ის ადამიანია, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა ტეტჩერთან. შესაბამისად, როცა საქმე ევროპელ იმიჯმეიკერებზე მიდგა, ბურჯანაძემ არჩევანი სწორედ ტეტჩერის ყოფილ გუნდელზე გააკეთა.
„Bell Pottinger”-ის ხელმძღვანელსა და ნინო ბურჯანაძეს ერთი საერთო ნამდვილად აქვთ. ორივეს იდეალი ტეტჩერია. თუმცა მათი აზრები რადიკალურად განსხვავდება ერთ სახელმწიფოსთან მიმართებაში და ეს სახელმწიფო რუსეთია. პიარკომპანიის ხელმძღვანელი ერთ-ერთ თავის ინტერვიუში კითხვას რუსეთის იმიჯთან დაკავშირებით ზუსტად ამ სიტყვებით პასუხობს:
– სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რა მიმართულება აქვს აღებული ამ მხრივ რუსეთს. რა პოზიტიური იმიჯი უნდა შეიქმნას სახელმწიფომ მაშინ, როცა ის ქვეყნიდან ყრის ქართველებს? ასეთი პოლიტიკით ფიქრობთ, რომ პოზიტივის მიღწევა შეიძლება?
ტიმოთი ბელის სიტყვებზე ბევრს ამოუტივტივდება თავში ბურჯანაძის ტელეინტერვიუ და ჟურნალისტის თითქმის 20-წუთიანი ხვეწნა-მუდარა, რესპონდენტს ეპასუხა კითხვაზე: არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს საკუთარი იმიჯმეიკერი ამ ექსცესზე სერიოზულ ქულებს ჩამოაკლებდა...
ირაკლი ალასანია და ბრიტანული „BGR Gabara“
ნინო ბურჯანაძეც და ირაკლი ალასანიაც იმ ქართველ ოპონენტებს განეკუთვნებიან, რომლებიც ხელისუფლებას ყველაზე დიდ მინუსს სწორედ პიარში უწერენ. ოღონდ ერთი მიზეზით – პიარი ზომაზე მეტიაო. უკვე ვიცით, რამდენსა და ვისთან ხარჯავს ნინო ბურჯანაძე საკუთარი პიარისთვის.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ის საკუთარი პიარით აქამდე თავად იყო დაკავებული. თუმცა ევროპული ფორმულა ზუსტად თავის დროზე ამოქმედდა. ანუ ნებისმიერი „წვრილფეხა“ პოლიტიკოსი მხოლოდ მაშინ მიმართავს იმიჯმეიკერს, როცა მას ძალიან უჭირს. ანუ პიარი მისთვის ბოლო იმედია. ასე დაემართა ალასანიას და მან უკვე აღიარა, რომ მოლაპარაკებები მიდის „BGR Gabara“-სთან. კომპანიას ოფისი ლონდონში აქვს, თუმცა სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. პიარჯგუფს საკუთარი წარმომადგენლობა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავს. კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან საქმედ ყაზახეთის ხელისუფლებასთან დადებული კონტრაქტი ითვლება. „Amnesty International”-მა სახელმწიფო ადამიანის უფლებათა დამრღვევად გამოაცხადა. რამდენიმე პიარკომპანიამ ყაზახეთთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა. „პროფესიონალური კოდექსის“ მიხედვით, პიარკომპანია ვალდებულია, საკუთარი კლიენტი გააფრთხილოს, თუ ის არაკონსტიტუციურ ან არაეთიკურ ქმედებას სჩადის. იმ შემთხვევაში კი, თუ კლიენტი რჩევას არ გაითვალისწინებს, კომპანია ვალდებულია, ხელშეკრულება დაარღვიოს და ურთიერთობა გაწყვიტოს. ყაზახებთან მუშაობაზეც სწორედ ამ მიზეზით თქვეს უარი იმიჯმეიკერებმა. არის შემთხვევები, როცა კონკრეტული საქმე თვით იმიჯმეიკერების იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. ასეთ საქმეებს, ბუნებრივია, ყველა ერიდება. ყაზახეთთან დაკავშირებით თავის მართლება ივო ილიჩ გაბარასაც დასჭირდა. „BGR Gabara“-ს ხელმძღვანელმა ახსნა-განმარტება საქმის აღების შემდეგ გააკეთა და განაცხადა, რომ მას არ რცხვენია საუთარი გადაწყვეტილების...
ივო ილიჩ ბაგარა დღეს მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართული ოპოზიციის ერთ-ერთ ნაწილთან. დეტალებზე შეთანხმების შემთხვევაში ის ხელს მოჰკიდებს ალასანიას „საქმეს“ და ამერიკული პრესის ნაცვლად ბრიტანულს „მიეძალებიან“. ესეც კომპანიის ხელმძღვანელის ერთ-ერთი პრინციპია.
ივო ილიჩ გაბარა:
– თუ შენ ქმნი კლიენტის რეპუტაციას, იქნება ეს კონკრეტული პიროვნება, კომპანია თუ სახელმწიფო, ამ საქმეში გადაწმყვეტ როლს ითამაშებს ლონდონური პრესა...
არადა აქამდე ალასანია უფრო ამერიკულ პრესას სწყალობდა. ის შანსს არ უშვებდა ხელიდან და ყოველ ვიზიტზე აქვეყნებდა საკუთარ წერილს ადგილობრივ პრესაში. მაგალითად, ბოლოს ალასანიამ „ვაშინგტონ ტაიმსში“ გვერდი იყიდა და საკუთარი მოსაზრებები დაბეჭდა.
„დემოკრატების“ ლიდერი არ აკონკრეტებს არც თანხებს და არც კონტრაქტის დეტალებს უცხოურ პიარკომპანიასთან. ერთადერთი, რასაც ალასანია ადასტურებს, ეს არის მოლაპარაკებები „BGR Gabara“-სთან.
ირაკლი ალასანია:
– დასამალი არ არის, რომ ვაწარმოებთ სერიოზულ კონსულტაციებს ძალიან ძლიერ პოლიტტექნოლოგიურ ორგანიზაციასთან. როდესაც დასრულდება ეს მოლაპარაკებები, შემდეგ მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ამის შესახებ.
– იქნებ მანამდე გვითხრათ, დაახლოებით რა ჯდება ამ პიარკომპანიის მომსახურება?
– ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როდესაც ჩვენთვის სასურველ ჯგუფს შევარჩევთ, კანონის შესაბამისად, ვაცნობებთ საზოგადოებას.
– ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ უკვე აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში გადახვედით?
– ბუნებრივია, სამოქალაქო სექტორში პარტნიორებთან ერთად და იმ ექვს პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, ვისთანაც ვაპირებთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლას, ვაპირებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სექტემბერ-ოქტომბერში. უკვე დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებები და უახლოეს დღეებში აქციებიც დაიწყება.
– ადასტურებთ თუ არა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრას?
– მომცენ ეთერი და მაგასთან დაკავშირებითაც ვილაპარაკებ გახსნილად.
ისე, ახალი იმიჯმეიკერები ალასანიას მარტივ ინტრიგანობას თუ გადააჩვევენ, კარგი იქნება. ეთერი ალასანიასთვის ღიაა, მათ შორის „მეორე არხზე“ 24-საათიან რეჟიმში. შესაბამისად, არც თანხის დასახელება უნდა იყოს მისთვის შეუძლებელი.
არ არის გამორიცხული, ალასანიამ თავისი ძვირადღირებული იმიჯმეიკერებისგან დიდი ვერაფერი ისწავლოს. მხოლოდ ფული წარმატების მომტანი რომ იყოს, ოქრუაშვილისგანაც დადგებოდა რაღაც და ბურჯანაძისგანაც, მათ არც ფული აკლდათ და არც იმიჯმეიკური ხრიკები. ალასანიას აღარ აქვს მთავარი – ხასიათი, იმისთვის, რომ გაიმარჯვოს. ასე რომ, ამ ხასიათის გამო – რასაც იმიჯმეიკერები კარგ ან ცუდ მასალას უწოდებენ, რისგანაც საბოლოო, ამომრჩევლისთვის განკუთვნილი პროდუქტი უნდა შექმნას – ის, ალბათ, ამჯერადაც ვერ ისწავლის ხეზე ცოცვას.
ხათუნა მგალობლიშვილი, „პრაიმტაიმი“, 26 სექტემბერი, 2011.
კომენტარი