პრეზიდენტი: „ქართველი ხალხი არ არის იქ, სადაც ბნელეთის ძალები იკრიბებიან და უკან მიგვათრევენ..."
ახალციხეში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ბნელეთის ძალები“ უწოდა ოპოზიციის ერთ ნაწილს, თუმცა, კონკრეტული პიროვნებები არ დაუსახელებია. ახალციხეში გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინაც „რუსეთის მიერ დაფინანსებული, უცხოეთის სპეცსამსახურებით ზურგგამაგრებული ხალხი იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ“ და დაამატა, რომ ახლა უკვე ამაზე ღიად შეიძლება ლაპარაკი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მაშინ ქუჩის ოპოზიციის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ ისინი, ვინც „ძარცვავდნენ, ვინც ანადგურებდნენ, ვინც ამ დამცირებამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა და მაშინაც ეგონათ, რომ ყველაფერი უკვე მომთავრებული იყო“.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არც მაშინ მოხდა და არც მომავალში მოხდება საქართველოს, ქართველი ხალხის, ქვეყნის მოქალაქეების უკან, წარსულში დაბრუნება:
„როგორც არ უნდა შეიკრან წარსულის და ბნელეთის ძალები, როგორც არ უნდა მიგვათრევდნენ უკან, საბჭოთა კავშირში - იმ ჩაბნელებულ ეპოქაში, მართლა ჩაშმორებულ, გახრწნილ შევარდნაძის დროინდელ მთავრობაში, უშუქობაში, უგზოობაში, უპერსპექტივობაში, ერთი და იგივე ხალხის მიერ მუდმივად ქვეყნის ძარცვაში, ქართველი ხალხი არის არა იქ, სადაც ისინი იკრიბებიან, არამედ ქართველი ხალხი ხართ თქვენ. ქართველი ხალხი არის ის, ვინც აქამდე მოიტანა ეს ქვეყანა, არ დაანგრევინა და ბოლომდე არ მოასპობინა ჩვენი იმედი, არ მოაშლევინა მათ ჩვენი ოცნება“ – მიმართა სააკაშვილმა ახალციხის მოსახლეობას.
კომენტარი