არქეოლოგიური გათხრები პეტრას ციხეზე
არქეოლოგიური გათხრები პეტრას ციხეზე 1988 წლიდან არ ჩატარებულა. ამჟამად აჭარის ა/რ მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით პეტრას ციხის არქეოლოგიური შესწავლა ივლისის თვეში დაიწყო, რომელსაც ხელმძღვანელობს არქეოლოგი დავით მინდორაშვილი.
გათხრები 4 უბანზე წარმოებს. პირველი უბანი- ეს არის სამხრეთ კარიბჭე, სადაც ციხეს ჰქონდა ორმაგი კედელი. აქ წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლიანა მე-6 საუკუნით დათარიღებული არქეოლოგიური მასალა ძირითადად ამფორების და მონეტების სახით. მეორე უბანი-არის აღმოსავლეთ კარიბჭესთან,სადაც განისაზღვრა სხვადასხვა სამშენებლო პერიოდი.
რაც შეეხება მესამე უბანს, რომელიც ციხის ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს გამოვლინდა თურქული პერიოდის აბანოს ნანგრევები, რომლის გაწმენდის შედეგად აღმოჩნდა, რომ აბანო აფეთქებული უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ რუსეთ-თურქეთის ომის დროს. ძალიან საინტერესო გამოდგა ციხის მეოთხე უბანი, რომელიც სრულიად უცნობი იყო მანამდე, სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო დასავლეთიდან გასასვლელი კარი.
პარალელურად მიმდინარეობს ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება ციხის აღმოსავლეთის კედელს.
2016 წლისათვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შეძენილ იქნება ციხესიმაგრის კეთილმოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები.
დღეს, არქეოლოგიური გათხრები განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა მირანდა ჩარკვიანმა დაათვალიერეს.
კომენტარი