არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
არალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელები უკვე ორი თვეა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან აუდიენციას ვითხოვთ. საკითხი, რომელიც მიგვაჩნია რომ არასწორედ არის დანახული და რომლის შესახებაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უკვე მესამე წელია ჭიანურდება, მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან განხილვის ფარგლებში შეიძლება გადაწყდეს.
ფინანსთა მინისტრის პოზიცია არაალკოჰოლური პროდუქციის მარკირების წესის შემოღებაზე ჩვენთვის უკვე ნათელია. ბატონი ნოდარ ხადურის მიერ 14 აგვისტოს გავრცელებული განცხადება და ბრალდებები მიუღებელი და შემაშფოთებელია.
კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზიანებს არც ბიზნესს, არც ქართულ ეკონომიკას და არც საქართველოს ბიუჯეტს.
გვინდა კვლავ დავადასტუროთ, რომ ჩვენი სურვილია შევხვდეთ მთავრობის მეთაურს, რათა იგი არ იყოს შეცდომაში შეყვანილი. ჩვენი პოზიცია, რომელიც პრემიერ-მინისტრს ღია მიმართვაშიც გავაცანით, უცვლელი რჩება: არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირების შემოღება დაუშვებელია და დააზარალებს როგორც ინდუსტრიას, ასევე მომხმარებელს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას.
კომენტარი