სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე გავიყვანე, გავთიშე, გაქცევა სცადა..." - ბრიტანელი ტურისტის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

გორში მოკლული ბრიტანეთის მოქალაქის, თომას კენედის საქმეზე დაკავებული 5 პირიდან ერთ-ერთის, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ვასილი ოქროპირიძის ძმა, იოსებ ოქროპირიძე ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა.

როგორც ოქროპირიძე ამბობს, მკვლელობაში ბრალდებულმა სხდომაზე განაცხადა, რომ მან დანაშაული მარტომ ჩაიდინა.

იოსებ ოქროპირიძის განცხადებით, დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე დანაშაულის დეტალებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ თომას კენედი მდინარეში თავად გადავარდა.

"ერთ-ერთმა ბრალდებულმა ილაპარაკა, რომელიც 28 წლის არის, რომ მარტო იყო და მარტო გააკეთა ეს ყველაფერი; დარბაზში თქვა, მარტომ გავიყვანე და გავთიშეო, ამის შემდეგ გაქცევა სცადა, ფეხი წამოკრა რაღაცაზე, გაითიშა და წყალში ჩავარდაო.

იმის შემდეგ წამოვედიო, ტელეფონებიც მე დავალომბარდე, კარტიდან თანხაც მე მოვხსენიო," - ამბობს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ვასილი ოქროპირიძის ძმა იოსებ ოქროპირიძე.

ცნობისთვის, თომას კენედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს დღეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ოთხ მათგანს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და ძარცვის მუხლებით აქვს წარდგენილი, ერთს კი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის.

თომას კენედი საქართველოში ბოლო 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ბოლოს ტურისტი გორში გაჩერდა, სადაც ის 7 ოქტომბერს გაძარცვეს და სასტიკად ნაცემი, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100