ერთმორწმუნე მეკობრეობიდან მსოფლიო ბოროტებამდე
„გარე სამყაროს მიმართ მტრის ხატის შექმნაში, გავრცელებაში და გაშიგნებაში მთავარ როლს თამაშობს სწორედ რუსული ეკლესია ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ძველი კომუნისტურ-ათეისტური პრინციპები. ეს ნაზავი ორი პოლუსიდან ერთი და იგივე მიზნის მიღწევას ემსახურება. ამიტომ ამ რეგიონებში (იგულისხმება ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო. ავტ.) დრო და ისტორია გაჩერებულია, ხოლო საზოგადოებრივი სივრცე დეგრადაციას განიცდის. თვით რუსეთის შუაგულშიც კი ვეღარ ვიპოვით ასეთ ცნობიერებას. ამ ვითარებას ჩვენ მივიჩნევთ კაცობრიობის წინაშე დანაშაულად. სახეზეა მორალურ-ფსიქოლოგიური გულაგი“. - დავით ამირეჯიბი, ლელა ნიორაძე, „რუსული თვითიზოლაციონიზმი და ერთმორწმუნეობის ილუზია“....
ეს არაჩვეულებრივი ციტატა მჭირდებოდა, რათა როგორმე ერთად მომეყარა თავი დიდი ხნის ნაფიქრალისთვის და ერთ უპრეტენზიო წერილად მექცია.
გადავწყვიტე, ქრისტიანული მწერლობის ცნობილი ხერხის გამოყენებით გავიდე ფონს და „ჩემი“ კი არაფერი ვთქვა, არამედ სხვათა ნაფიქრალი დავადასტურო. ამით ჯერ ერთი, ღვთისმიერი სიმდაბლის მაგალითს აჩვენებდნენ ძველები და მეორეს მხრივ, სათქმელსაც ამბობდნენ.
„ნეტავ იმასა, ვისაცა,
წადილი აჰსრულებია,
გულში ნადები ისევა
გულში არ აჰსულებია“.
ვაჟა
რუსულ-ქართული ურთიერთობების ფიზიონომიის დადგენას აღარ შევეცდები, ისედაც ცნობილია. ვეცდები, მხოლოდ სამსაუკუნოვანი რელიგიური ელფერით შევამკო ეს ურთიერთობა.
არ მგონია, ვინმემ უფრო უკეთ შეძლო ჩვენი სულიერი აოხრების დასურათხატება XIX საუკუნეში, ვიდრე აკაკი წერეთელმა:
„ენა წაგვართვეს და რჯულიც,
ნათელი რაღამ გვფინოსო,
თამარ მონათლეს ტამარად,
ნინა დაგვირქვეს ნინოსო“...
„ქრისტეს სახელით ქრისტეს სჯულს
წვალება შემოერია
და ჩვენს ეროვნულ ფიცარზე
ქართველი აღარ სწერია“...
ამით ამოვწურავ მეცხრამეტე საუკუნეს. გრძელი სიტყვა მართლაც რომ ითქმის მოკლედ, თუ აკაკისნაირ ნიჭს ფლობ კაცი. შესაძლებელია ეს ლექსი დაწერის თარიღით არც კი ემთხვეოდეს ჩვენს სამიზნე საუკუნეს, მაგრამ ამ შემთხვევაში სულისკვეთებას გადამწყვეტ მნიშვნელობას ვანიჭებ და XX საუკუნეში გადმოვდივარ. გერონტი ქიქოძეა ის, ვინც საუკუნეებს შორის ხიდის გამდებად გვევლინება:
„... უსახელო და ბოროტმა ადამიანებმა, რომელთა რიცხვიც ლეგიონია, ფრესკები დაჯღაბნეს ან შეათეთრეს, როგორც, მაგალითად, სვეტიცხოველში, ჩუქურთმებიანი კედლები შელესეს, როგორც კაბენის ეკლესიაში, ქართული სტილის ტაძრებს ხახვისთავიანი გუმბათები დაადგეს, როგორც საფარის მონასტერში. შემდეგ უკულტურო ხალხად გამოგვაცხადეს.
მართლაც, ჩვენი უკულტურობა იმაში გამოჩნდა, რომ ჩვენმა ბუნებამ სათანადო წინააღმდეგობა არ გაუწია ასეთ ძალმომრეობას, იმდენად მოდრეკილი და მოდუნებული იყო ჩვენი შინაგანი ძალა“.
მოვლენის შეფასებამ ახალი მომენტი შეიძინა, საკუთარი ბრალეულობა, ნების უქონლობა - ეს ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად.
არსებითად ვერაფერს დავამატებ ჩემი სათაყვანებელი გერონტი ქიქოძის ნააზრევს. აქ სავსებით ქრისტიანული თავმდაბლობის ნებაყოფლობითი ტყვე ვარ.
შემდგომი ციტატა, რუსულ-იმპერიულ ზრახვებს რომ ნიღაბს ჩამოხდის და ზუსტ სახელდებას ჩუქნის, XXI საუკუნის ქმნილებაა და ლიბ. ჯე -ზე იოლად იპოვით მთლიან ესსესაც, ციტატა კი ახლავე ინებეთ:
„საქართველო, თავისი დამოუკიდებლობის მიუხედავად, დღესაც რჩება რუსეთუმეების ქვეყნად. არაფერი ახსოვთ - არც თეთრად გადაღებილი ეკლესია-მონასტრების კედლები, არც კრწანისი, ერთმორწმუნეთა არაერთი ღალატი და ლამის ფიზიოლოგიური ზიზღი კავკასიელებისა, კერძოდ კი ქართველებისა. გაუქმებული სამეფო, გაუქმებული საპატრიარქო, რუსი ეგზარქოსების პარპაში, ეგზეკუციები, ქართული ენის დევნა და სხვა ათასი ჭირი - რის ჩამოთვლასაც აღარ შევუდგები. ორასი წელია, რუსთა მიზანი არ იცვლება, რადაც უნდა დაუჯდეთ, არ უნდა შედგეს საქართველოს სახელმწიფო“, - გივი ალხაზიშვილი, „ერთმორწმუნული მეკობრეობა“.
აი, ის საქციელი, - გნებავთ, იმპერიული დაარქვით და გნებავთ, ერთმორწმუნე, - როგორც ერთმორწმუნე მეკობრეობა და მეტი ამას იქით რაღა უნდა იყოს? ომი ომია, რუსიფიკაცია და უაზრო მტრობა ცოტაა, ეს მეკობრეობაა და ამ სიტყვას თავის შეუდარებელ „სახელს“ვერანაირი სიტყვა წაართმევს. როგორც ჩანს, ჩვენივე გულმავიწყობით უზრუნველვყოფთ მეზობლის იმპერიული ზრახვების წარმატებულობას.
სათქმელის პირველი ნაწილი მორჩა, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა აზრის გამოსათქმელად ჯერ კიდევ წინაა.
საქართველო არ უნდა იყოს რუსეთისთვის თვითმიზანი. იგი მხოლოდ ლაბორატორიული ვირთხის როლშია, რომელზეც გარკვეული ცდები და აპრობაციები განხორციელდება, შემდგომი განზოგადების მიზნით.
ის, რასაც რუსეთი დღეს მსოფლიოს სთავაზობს - აღდგენილ ბოროტების იმპერიას და ევროპის ჟანდარმობას - ახალი მსოფლიო ბოროტების სუნად ყარს. არ ვიცი, რა სახელი გამოეძებნება ფაშიზმისა და კომუნიზმის შემდეგ ამ სისაძაგლეს, მაგრამ ნიშები და სასწაულები საკმაოდაა გამოჩენილი და ვისაც დანახვა უნდა, ამ გლობალურ საშიშროებას ხედავს. მანჰეტენზე რომ იდეოლოგიური ბიურო გახსნეს, სადაც იმპერიულ იდეოლოგებს ასაქმებენ ან ბერლუსკონის, სარკოზისა და სხვა ევროპელი ლიდერების მოჩანგლვას რომ წარმატებით ახორციელებენ, ეს მხოლოდ კინოჟურნალი და წინასამუშაოა. ჯერ იარაღი არ სჭირდებათ, - ფული და ეკონომიკური ინტერესი საუკეთესო იარაღია. ნურავინ შეცდება და იფიქრებს, რომ პუტინი ის გენია არაა, რომ მესამე დიდ ბოროტებას უმამოს. ჯერ ერთი, ბოროტებას გენია არც სჭირდება და ის ცივი ბოღმა, სწორედაც რომ სტალინისეული ცივი ბოღმა, რაც პუტინის საუბრიდან იღვრება, ბოროტების გასაფურჩქნად სავსებით საკმარისია; მეორეც, მას გვერდზე რუსული ეკლესია უდგას ისეთი აშკარად უქრისტო კირილეს თამადობით, რომ ვერ აგიწერთ, რა კარგი დღე დაუდგა მესამე დიდ ბოროტებას, რომელსაც უკვე დედის საშოდან გამოუყვია თავი და გარემომცველ მსოფლიოს ათვალიერებს - სად რა ხდება და სად როგორ გადასწვდეს.
ახლა შემდგომი ზღუდეა გადასალახავი. რა ვუყოთ ალბათობას, „კი, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში?”... ძალიანაც მინდა ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ როგორ დავივიწყო ის, რაც ორი წლის წინ მოხდა? არავის ეგონა თუ პუტინი აგვისტოში ჩვენი ქვეყნის აშკარა ინტერვენციას გაბედავდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. განა ფაშიზმს ვინმე წარმოიდგენდა გერმანიაში, შილერისა და ბეთჰოვენის ქვეყანაში? აი, აქ კი მეტად საჭირო ციტატამდე მივედით, რაც, ალბათ, ბევრისათვის უცნობია.
არსებობს ასეთი წიგნი, რაიხ-რანიჩკის „ჩემი ცხოვრება“... რაიხ-რანიჩკი ცნობილი კრიტიკოსია, მეტსახელად „ლიტერატურის პაპი“. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ფაშიზმის საშინელება. 90 წლის მწერალი ამჟამადაც აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწევა. ერთგან თავის წიგნში ჩივის: როდესაც ხელისუფლების სათავეში მოსულმა ნაცისტებმა ებრაელების დევნა დაიწყეს, გერმანელები, როგორც წესი, გვერდზე იყურებოდნენო. გერმან.WEGSCHAUEN – თვალის არიდება არის ის სიტყვა, რაც მოსვენებას არ მაძლევს და კარგა ხანია ჩამძახის, რომ ეს უნდა დაიწეროს და ითქვას და მე მხოლოდ მედიუმი უნდა ვიყო ამ სიტყვის. რასაკვირველია, გერმანელთა „ვეგშაუენ“აბსოლუტური ღირებულების არაა და არც გამძვინვარებულ ფაშიზმს ეხება. როგორ დაიწყო ფაშიზმის პრაქტიკული ხორცშესხმა: თავიდან, ერთ-ორ ებრაულ მაღაზიას რომ მიადგებოდნენ ნაცისტები, ხალხი არ ესარჩლებოდა. უხმოდ, ვითომ ვერც ხედავდნენ, შენიშვნის გარეშე გვერდს ჩაუვლიდნენ ხოლმე ბიურგერები დაწიოკებულ თანამოქალაქე ებრაელებს, გვერდზე იყურებოდნენ...
სწორად გამიგეთ, მე ამ შემთხვევაში გერმანიის ისტორია კი არ მაინტერესებს, არამედ მხოლოდ ეს ადამიანური სისუსტე გვერდზე გახედვის. აი, სწორედ ამ გვერდზე გახედვას, ფაშიზმისთვის თვალის არიდებას საყვედურობს თომას მანიც გერმანელ ინტელექტუალურ ელიტას და მთავარ დამნაშავედ ამ უბედურების ხორცშესხმაში, უპირველეს ყოვლისა, მათ ადანაშაულებს, ვისაც ამის დანახვის და შეფასების, განგაშის ზარის შემოკვრის უნარი შესწევდა და ეს არ გააკეთა.
ასე და ამგვარად, მთავარ დასკვნამდეც მივედით: დღეს ევროპა „ვეგშაუენის“ პოლიტიკას ეწევა: იგი „ვერ ხედავს“, ან სათანადოდ ვერ ხედავს, თუ როგორ მძლავრობს ახალი ბოროტება საქართველოს ტერიტორიაზე. რასაკვირველია, საქართველოშიც იციან გამზადებული პასუხი საამისოდ: მისტრალი, გაზი და მსგავსი რამ მომგებიანიაო. მაგრამ განა ფაშიზმი თავიდან ეკონომიკურად ნაკლებად მომგებიანი იყო? ამჟამად კი შემზარავია იმის ვარაუდიც, ებრაული ბანკების კონფისკაცია რომ მომგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო მაშინდელი გერმანული სახელმწიფოსათვის!
ვინ მოიგებს ხვალ? საფრანგეთისთვის ძალიან მომგებიანია დღეს მისტრალის გაყიდვა, მამონას ვინ არ ემონება ამ საუკუნეში, მაგრამ აღდგომა და ხვალეო, მაგასაც ვნახავთ, საბოლოოდ რა დაუჯდება ევროპას ეს „მომგებიანი ვაჭრობა“ და მოგების მიზნით გვერდზე ყურება, ანუ „ვეგშაუენ“.
იქნებ, როგორმე გამოვახედოთ აქეთ, თანამედროვე შაჰ აბას-პუტინის მარჯვენა ხელ ლავროვს რომ დაუჟინია, „ახალი რეალობაო“ ამ ჩვენი ავტონომიების მიმართ, ის, რაც ჩრდილო კავკასიაში ხდება, განა ახალი რეალობა არაა? იქნებ, მეტის გაკეთებაა საჭირო ჩვენი მხრიდან, რომ რუსეთის საქციელს ჩვენს მიმართ თვალი არ აარიდონ და ამით ჩვენც გადავრჩეთ და მსოფლიოც გადაურჩეს ახალ გლობალურ რუსულ ბოროტებას, რომელმაც თავისი უშნო იმპერიული ღოჯები უკვე აშკარად გამოაჩინა?
7.II.2010.
P.S.ხომ არ ვაზვიადებთ რუსულ საფრთხეს?
„ფაქტობრივად მთელი ქართული იდენტობა რუსეთის სახელთანაა გადაჯაჭვული. რუსეთია აბსოლუტური „მტრის ხატი“, რომელთან თანაფარდობაც „მოყვარის“ დადგენის საშუალებაცაა. რუსეთით იზომება ქართველი ისტორიული პიროვნებების ღვაწლი და მნიშვნელოვნება. მაგალითად, ერეკლე II გასაკიცხია, რადგანაც მან რუსეთთან მფარველობის ტრაქტატი გააფორმა, რომელიც შემდგომში რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების ანექსიის წინაპირობა აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ეროვნული გმირი და სათაყვანებელია 1924 წელს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებული ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომლის ჰეროიკულ ავანტიურასაც შედეგად მხოლოდ ასობით ქართველის უაზრო მსხვერპლი მოჰყვა“.
(გიორგი მაისურაძე, „დაკარგული კოტექსტი ანუ...“)
ახლა მეორე ციტატაც ვნახოთ:
„რაც შეეხება რუსეთს, ჩემმა საუბრებმა რუსებთან, აგრეთვე ჩემმა ვიზიტმა მოსკოვში, განმიმტკიცა აზრი, რომ ის, რაც რუსეთში იბადება, არის… რაღაც ახალი სახის დიქტატურა, გაცილებით უფრო სრულყოფილი და მოდერნიზებული, ვიდრე კომუნიზმი.თქვენც შეგიძლიათ ამის დანახვა რუსეთის დაუფარავ ძალისხმევაში, აღადგინოს თავისი გავლენის სფეროები. რასაკვირველია, ამ მიზნის მისაღწევად აღარ აღდგება დიადი რუსული არმია, მაგრამ არის სხვადასხვა სახის ზეწოლა - პოლიტიკური და ეკონომიკური. მათი დიდი კომპანიები ნელ-ნელა ყიდულობენ ჩვენს ფირმებს, მათი ეკონომიკური სიძლიერე პოლიტიკურ გავლენასთან ერთად იზრდება...ვფიქრობ, ჩინეთიდან საფრთხე არ მოდის... ნამდვილად არაფერია იმის მსგავსი, რაც რუსებს აქვთ - ორთოდოქსული რწმენა, რომ სწორედ ისინი არიან მსოფლიოს გადამრჩენლები. ეს რწმენა დღევანდელ რუსულ რეჟიმისაც ახასიათებს“ - ვაცლავ ჰაველის ინტერვიუდან.
ჩემი უპრეტენზიო წერილი უკვე კარგა ხნის მოსრულებული და ფეისბუკზე დადებულ-კომენტირებულიც იყო, როდესაც ამ ქვემორე, ჰაველისეულ მოსაზრებას გადავეყარე შემთხვევით და განმიმტკიცა აზრი, რომ მაინცდამაინც არ უნდა ვაჭარბებდე. მოგვიანებით კი, ზემოთ დამოწმებულ, თვითკრიტიკაზე ორიენტირებულ ქართულ გააზრებას რომ მივაგენი, დავეჭვდი, და ლამის იმ სტერეოტიპულ პატრიოტ ქართველად წარმოვიდგინე თავი, „სრულ მტრის ხატად“ რუსეთი რომ ესახება თუ ელანდება და ბოროტებას, რომელიც უპირველესად შიგნითაა საძიებელი, გარეთ დაეძებს.
რასაკვირველია, ტრაგიკული აქ არაფერია, სკილასა და ქარიბდას შორის არ მოვყოლილვარ. არც პირველი მოსაზრების ავტორს უთქვამს, რომ რუსეთიდან რეალური საფრთხე არ მომდინარეობს და არც ვაცლავ ჰაველს მოუწოდებია, რაღაი რუსეთი ახალ დიქტატორად ილოპრება, მისგან სრული მტრის ხატი შექმენითო! სხვადასხვა კონტექსტი და მასშტაბურობაა. მაგრამ ვაითუ საქართველომ იმ ანეგდოტური „ავადმყოფის“ ბედი გაიზიაროს, „დევნილობის მანიით“ რომ იყო შეპყრობილი და ექიმს ხშირად აწუხებდა, უცებ კი სადღაც რომ გადაიკარგება და ექიმი მოიკითხავს, იგი მართლაც მოკლული აღმოჩნდება!
28.V.2010. თბილისი. გამოქვეყნდა "ნეტგაზეთში".
კომენტარი