რატომ მოიმატა ნევროზულმა აშლილობამ საქართველოში და რა მიზეზებზე საუბრობს კლინიკა "ენმედიცის" ცნობილი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მათე (მამუკა) მაკარიძე დრონი.ჯი-სთან ინტერვიუში
ნევროზული აშლილობა საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში, ბოლო დროის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. რატომ მოიმატა უკანასკნელ წლებში მისმა რიცხვმა და რა არის ამის გამომწვევი მიზეზები, ამასთან დაკავშირებით დრონი.ჯი კლინიკა “ენმედიცი”ს ნევროლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს მათე (მამუკა) მაკარიძეს ესაუბრა.
- ბატონო მათე, რა არის ნევროზული აშლილობა?
- ამ ცნების ერთმნიშვნელოვანი დეფინიცია არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს,მაგალითისთვის, სიყვარულის განმარტება. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, რას მოიცავს ზოგადად ეს ცნება და რა სიმპტომები ახასიათებს მას.
როდესაც საუბრობენ ნევროზული წრის აშლილობაზე, მხედველობაში აქვთ: შფოთვითი, ფიზიკური, დეპრესიული, ობსესიური, იმპულსიური, პოსტ-ტრავმული, სტრესული აშლილობები და ა.შ.
ნევროზული აშლილობის დროს დამახასიათებელია: აღზნებადობა, აფორიაქება, მოუსვენრობა, უძილობა ან მოდუნება, შიშები, აკვიატებული აზრები და ქმედებები, სუნთქვითი დარღვევები, წნევის და პულსის მატება, ე.წ. “პანიკური შეტევები” და სხვა. პრაქტიკულად, ყველა სიმპტომი, რაც არსებობს ზოგადად მედიცინაში სხვადასხვა დაავადებების დროს.
ამ აშლილობათა ფიზიოლოგიური არსი უაღრესად რთულია, თუმცა მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: ნებისმიერი დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს ორგანიზმის დეზადაპტაცია, ანუ ადაპტაციის, შეგუების მოშლა გარე სამყაროსთან და თვით ორგანიზმში მიმდინარე პროცესებთან.
სირთულე იმაშია, რომ, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე პათოლოგიური დეზადაპტაციის ჩამოყალიბების პირველადი ფორმა, ფუნქციური სისტემა, თავის ტვინში, ლიმბურ-რეტიკულური კომპლექსი ერთდროულად განმსაზღვრელია ისეთი ფსიქოლოგიური სიპტომების, როგორიცაა აღზნებადობა, აგრესია, შიშები, უხასიათობა, მოტივაციური დარღვევები და სხვა (ფიზიოლოგები ამ უბანს “ემოციურ ტვინს” უწოდებენ). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზმის ადაპტაციის უნარი, ნერვული უზრუნველყოფის უნარი, ენდოკრინული და იმუნური სისტემები სწორედ ზემოთ ხსენებულ უბანშია. ენდოკრინული სისტემის ე.წ “დირიჟორი” ჰიპოფიზი (ანალოგიით ტვინის ამ უბანს შეიძლება დაერქვას.
“ენდოკრინული ტვინი” ) თავის ტვინის სხვა უბნებთან შედარებით, ერთი ასად მეტია იმუნოაქტიური ნივთიერებებით ( ე.წ. “იმუნური ტვინი”), ასევე სუნთქვის, გულსისხლძარღვთა, გულ-ღვიძილის “სასიცოცხლო ცენტრები” და ა.შ. სწორედ ამის გამოა ნევროზული აშლილობის დროს ასეთი მრავალფეროვანი სიმპტომები და, შესაბამისად, მათი მკურნალობის სირთულეც სახეზეა.
- როგორც ცნობილია, ბოლო დროს ნერვული აშლილობის შემთხვევები გახშირებულია. როგორ ფიქრობთ, რისგან არის გამოწვეული ამ დაავადების პროცენტული ზრდა?
- დიახ, ეს ზრდა შეინიშნება მთელს მსოფლიოში - ზოგადი ურბანიზაცია, მოჭარბებული ტექნიციზმი, დროის მუდმივი დეფიციტი და, რასაკვირველია, სტრესები, სტრესები და სტრესები!
ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძირითად მძიმე სოციალური პირობები, შეჭირვებული ყოფა, ეკონომიური და ფინანსური პრობლემები - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რისგანაც გამომდინარეობს ოჯახური კონფლიქტები, ნარკომანია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი და სხვა მრავალი.
- წინა წლებთან შედარებით, არის თუ არა პაციენტების ასაკი გაახალგაზრდავებული?
- სამწუხაროდ, ეს ასეა. ე.წ. “რკინის ფარდის” დროს სრულ ვაკუუმში მყოფნი, როდესაც არ ჰქონდათ შედარების საშუალება, რა იყო კარგი და რა ცუდი, ასეთ სტრესებს ნაკლებად განიცდიდნენ. დღეისთვის ბევრ ახალგაზრდას არ აქვს ელემენტარული პირობები, იცხოვროს ცივილურად, სურვილის შესაბამისად დასაქმდეს, მიიღოს ნორმალური განათლება, გაერთოს, დაისვენოს, იმკურნალოს იქ, სადაც უნდა, უსახსრობის გამო შეასრულოს მისი მთავარი დანიშნულება - შექმნას მყარი ოჯახი, შვას მისნაირი და გააგრძელოს თავისი ჯიში.
- ძირითადად, რა სახის პრობლემებით მოდიან თქვენთან პაციენტები?
- ეს გახლავთ სხვადასხვა სახის ნევროზული ამაღლებების მქონე, ზოგადნევროლოგიური, ნეიროენდოკრინული, ფსიქოსომატური დაავადებების მატარებელი პაციენტები. აქვე უნდა ითქვას, რომ ნევროზულ აშლილობებში ძალიან იმატა ე.წ. სომატოფორმულმა აშლილობებმა - ანუ დაავადებამ, რომლის დროსაც ჩივილები ძირითადად ვლინდება შინაგან ორგანოებზე აქცენტით: გულის და კუჭის ტკივილები, არითმიები, კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დარღვევები და ა.შ.
ასეთი პაციენტები ხანგრძლივად მკურნალობენ თერაპევტებთან, კარდიოლოგებთან, გასტროენტეროლოგებთან და უშედეგოდ.
არ შეიძლება, გულის ტკივილით არ აღვნიშნო ზოგიერთ მედია საშუალებებით გამოთქმული არაპროფესიული აზრი ამა თუ იმ წამლით ამა თუ იმ დაავადებების მკურნალობის უსაფუძლობის თაობაზე. ასეთი გამონათქვამები ხშირად მავნეა, რიგ შემთხვევაში დანაშაულის ტოლფასიც კი არის.
- რამდენად ეფექტური პროგრამები არსებობს საქართველოში და თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას?
- დღევანდელ სიტუაციაში დიდ და ძვირიან პროგრამებზე საუბარი ძნელია, (სანატორიუმების ტიპის დღის
სტაციონარები ექიმი ფსიქოლოგებით, ფსიქონევროლოგებით, რეაბილიტატოლოგებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით - აუზით, საუნით, ჰიდროთერაპიით, მასაჟით და ა.შ.) დღეისთვის პირველ რიგში უნდა გაიზარდოს ამ დარგში მომუშავე სპეციალისტების რაოდენობა, დაიხვეწოს მათი კვალიფიკაცია, გაიზარდოს პაციენტთა ცოდნა დაავადების თაობაზე, პაციენტებს ჰქონდეთ ინფორმაცია ვის და სად მიმართონ. შეიქმნას სპეციალური პროგრამები ნევროზური აშლილობის პათოლოგიაზე, პათოგენებზე,
კლინიკურ გამოვლინებებზე და მკურნალობაზე (რასაც ჩვენი ექიმები აშკარად მოკლებულნი
არიან). აუცილებელია პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ექიმების (პოლიკლინიკაში
მომუშავე და ოჯახის ექიმთა) კვალიფიკაციის ამაღლება.
ვფიქრობ, რომ როცა ქვეყანაში ასეთი სტრესოგენული ფონია, საჭიროა, ამ საკიხს სერიოზული
ყურადღება მიექცეს.
კომენტარი