ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ე.წ. გასაღების ფლობაზე
პრემიერი მიიჩნევს, რომ როდესაც საუბარია, მობილური ოპერატორების ან სასამართლოს მიერ ე.წ. გასაღების ფლობაზე, ეს პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო ინტერესებთან და უსაფრთხოებასთან.
„საუბარია იმაზე, რომ ე.წ. გასაღები იყოს ერთის მხრივ მობილური ოპერატორების ხელში, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სურთ მისი ფლობა. მეორეს მხრივ, მე პირადად ვეწინააღმდეგები იმას, რომ ჩართვის მექანიზმი იყოს მობილური ოპერატორების და სასამართლოს ხელში. მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში და არცერთ ქვეყააში, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს. მობილური ოპერატორი მაშინ შეიძლება მართავდეს ამ საკითხს, თუ იქ დაცულია მთელი რიგი უსაფრთხოების ნორმები. ჩვენ შემთხვევაში ასე არ არის და სახელმწიფო, ქვეყნის, მოქალაქეების უსაფრთხოებას და სახელმწიფო საიდუმლოებას უცხოურ კომპანიებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ანდობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსამართლეების მიერ მოსმენის განხორციელება ტექნიკურად პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ის ვარიანტი, რომელიც დამუშავდა და წარმოდგენილი იქნა, გულისხმობდა კონტროლის მექანიზმის შექმნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანთან, რომელიც განახორციელებდა მონიტორინგს და გააკონტროლებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც აბსოლუტურად ევროპული და თანამედროვე მიდგომაა. არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სადაც ე.წ. გასაღები შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურების მფლობელობაშია, მაგრამ მათ დაწესებული აქვთ მონიტორინგი. ეს არის მიდგომა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. დღეს საუბარი იმაზე, რომ ნაუცბათევად მიიღონ ახალი კანონი და ეს მექანიზმი გადაეცეს ერთის მხრივ უცხოურ კომპანიებს და მეორეს მხრივ სასამართლოს, არის დამანგრეველი, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, იდეები კარგია, თუმცა მათ განხორციელებას არსებული რეალობის გაანალიზება სჭირდება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო დღეს ძალიან რთული გამოწვევების წინაშე დგას და ამ შემთხვევაში, მთელი სამართალდამცავი სისტემის პარალიზება ნიშნავს საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას მიმართა, კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდნენ და მიიღონ გონივრული გადაწყვეტილება. პრემიერის განცხადებით, არ შეიძლება გაუაზრებლადისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დააზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და უსაფრთხოებას, რაც ნომერპირველი ამოცანაა და რაზეც ზედაპირულად საუბარი კატეგორიულად მიუღებელია.
პრემიერ-მინისტრმა მოწმეთა დაკითხვის შესახებ კანონი გაიხსენა, რომლის თანახმად ყველა მოწმე სასამართლოში უნდა დაკითხულიყო. ირაკლი ღარიბაშვილის განცადებით, მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა თავად განაცხადა, რომ სახელმწიფო ამისთვის მზად არ იყო. მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ამ თემაზე კითხვით დეპუტატ პავლე კუბლაშვილსაც მიმართა, რადგან კანონპროექტი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ იყო ინიცირებული.
„მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს სამართალდამცავი ორგანოების პარალიზებას გამოიწვევდა. დავუსვი კითხვა, რატომ აკეთებდა ამას, რადგან ეს ქვეყანა მათიც არის - „ნაციონალური მოძრაობისაც", ოპოზიციისაც და რატომ არ უფრთხილდებიან სახელმწიფო ინტერესებს. მან მიპასუხა, რომ ოპოზიციის საქმეა, მთავრობას შეუქმნას პრობლემები, ხოლო ხელისუფლება უნდა იყოს მოწოდებული, რომ ასეთი შეცდომები არ დაუშვას და ასეთ გამოწვევებს უპასუხოს", - განაცხადა პრემიერმა.
კომენტარი