სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენს დამპყრობელს რაც უნახავს, ვეღარ ნახავს!..“

გორში პოლიციის დღესთან დაკავშირებით მოწყობილი აღლუმი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ქალაქის ცენტრში, სადაც მოწყობილი იყო შსს-ს გამჭვირვალე შენობების სიმბოლო-კონსტრუქცია, საქართველოს პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად ტრიბუნასთან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იდგნენ.

აღლუმში პოლიციის ყველა დანაყოფი მონაწილეობდა: პირადი შემადგენლობა საპატრულო ეკიპაჟის მანქანებმა შეცვალა, მოგვიანებით კი მოედანზე სპეცტექნიკა და საგანგებო დავალებათა სამმართველოს პირადი შემადგენლობაც გამოჩნდა. მოწყობაში პოლიციის აკადემიის კურსანტებიც მონაწილეობდნენ.

აღლუმი ნახევარ საათს გაგრძელდა, შემდეგ კი პოლიციელებს, აღლუმზე შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასა და გორის სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა:

„დღეს ჩვენ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და პოლიციის დღეს აღვნიშნავთ. საქართველოს პოლიციის ნდობის რეიტინგი 90%-ს შეადგენს და მას ამ მაჩვენებლით მხოლოდ საქართველოს ეკლესია და შეირაღებული ძალები უტოლდება. ამავე დროს, მე კარგად მახსოვს, რომ 2002 წელს, იგივე შინაარსის გამოკითხვის დროს, მოსახლეობის მხოლოდ 2% ენდობოდა პოლიციას, რადგან პოლიცია აღიქმებოდა, როგორც საფრთხე. მაშინ ძალიან ადვილი იყო კრიმინალური ძალების ბოგინი, რადგან ისინი ხელისუფლებისა და სამართალდამცველების ნაწილი იყვნენ. ამიტომ პოლიციის რეფორმა ყველაზე აუცილებელი იყო და ჩვენ მისი ჩატარება უმოკლეს ვადაში, ეფექტურად მოვახერხეთ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აჭარაში მომხდარი რევოლუციიდან დღეს 8 წელი გავიდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს, ასლან აბაშიძეს „საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში სეპარატისტი“ უწოდა:

„დღეს აღინიშნება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში სეპარატისტისა და ადგილობრივი ფეოდალის გაძევებიდან 8 წლისთავი. ეს აჭარის საზოგადოებამ მოახერხა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ასლან აბაშიძემ აჭარიდან ივანოვთან ერთად გაკურცხლა სწორედ მას შემდეგ, რაც აჭარაში შევიდა შინაგანი ჯარი და პოლიციის ჯავშანტექნიკა“.

მიხეილ სააკაშვილმა სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნადაა მიჩნეული და განაცხადა, რომ ეს, პირველ რიგში, საქართველოს პოლიციის დამსახურებაა.

„ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოებრივი აღქმის კარდინალურად შეცვლა. იმ საზოგადოებისა, რომელიც უკიდურესად კრიმინალიზებულად და არაკანონმორჩილად აღიქმებოდა. ჩემს ბავშვობაში მისაბაძად ითვლებოდა „კანონიერი ქურდი“ ან „მოჩალიჩე“ ტიპი, ხოლო პოლიციელის არათუ მიბაძვა, დანახვაც კი არ იყო სასიხარულო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა რეფორმების სამაგალითოდ გაიხსენა ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მომხდარი ერთი ამბავი, რომელიც, მისი თქმით, მოსკოვიდან ჩამოსულმა მოქალაქემ უამბო:

„ცოტა ხნის წინ შემხვდა რუსეთის მოქალაქე, რომელიც მოსკოვიდან თავისი მანქანით ჩამოვიდა და, ბუნებრივია, ლარსის პუნქტზე გადმოკვეთა საზღვარი. ის პროფესიით მომღერალია და, როგორც მითხრა, რაღაც ჩაიღიღინა რუსულად, რასაც ქართველი პოლიციელებისგან თხოვნა მოჰყვა, რომ კიდევ ემღერა. მანაც უმღერა და პოლიციელები აჰყვნენ, ქართული სიმღერებიც იმღერეს, რაც იმ მომღერალს ახსოვდა, შემდეგ კი გაუმასპინძლდნენ და ისე გამოუშვეს. ეს საზღვრის ჩვენს მხარეს მოხდა, მაგრამ აბა, იქეთ მხარე ვნახოთ და წარმოიდგინეთ, ვინმეს მოენდომებინა საზღვარზე კონცერტის ჩატარება - შეიძლება, თავშიც წაეთაქებინათ და ისე გამოეშვათ...“.

საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი პოლიციელებიც გაიხსენა:„იმ ძნელბედობის დროს ჩვენმა პოლიციამ წარმოუდგენელი მოახერხა და ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი დაღუპული პოლიციელების წინაშე. ერთ-ერთი მათგანი იყო 22 წლის ბესო ხულორდავა - როცა ოკუპანტებმა საერთაშორისო ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულეს და ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი დატოვეს, ბესო ერთ-ერთი იყო, ვინც განმუხურის ხიდზე იდგა და თვალყურს ადევნებდა მათი ტექნიკის გასვლას. ამ დროს ბოლო რუსული ჯავშანტრანსპორტიორი გაჩერდა ხიდთან, იქედან თავი გადმოჰყო ოკუპანტმა და ესროლა ბესოს ავტომატის ჯერი, რის შემდეგაც ის ადგილზე დაიღუპა. ეს იყო მათი ბოღმიანი, ბოლო წიხლი და ჩვენს ბიჭებს კი, როგორც დავალებული ჰქონდათ, საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„2008 წელს ისინი არა მხოლოდ პატარა ქალაქ ცხინვალის ასაღებად, ქართული სახელმწიფოებრიობის ასაღებად და დასანგრევად შემოიჭრნენ, რომელიც ასე ხიჭვივით აქვთ შესობილი. ყველა სახელისუფლო რგოლი გამართულად მუშაობდა და ეს მაშინ, როცა თითქმის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ისინი შეიჭრნენ, მთავრობა ან დაიჭირეს, ან მოკლეს. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი დროშა ახლა უფრო ამაყად ფრიალებს“, - თქვა პრეზიდენტმა.

„სწორედ ამიტომაც, რაც უნახავს ჩვენს დამპყრობელს - ვეღარ ნახავს. ის ვერ ნახავს ჩამორჩენილ, დაბეჩავებულ, მის მორჩილ საზოგადოებას, ხალხს. ის დამპყრობელი, რომელიც აქ ბოგინობდა და, რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით ახლაც ბოგინობს, ვერასდროს ვერ ნახავს იმ საქართველოს, რაც მანამდე უნახავს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პოლიციაზე საუბრის დროს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოლიცია არა ვინმეს პირად, არამედ ქვეყნის სამსახურშია: „ეს არ არის რომელიმე პოლიტიკოსის ან მინისტრის პირადი გვარდია და ეს კარგად უნდა იცოდნენ განსაკუთრებით იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ძეგლებს უდგამენ პოლიციელებთან შეტაკებაში დაღუპულ ყაჩაღებს და ჩვენი დაცემული პოლიციელები კი არცერთხელ არ გახსენებიათ“, - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიციის რეფორმა მისაბაძია თვით რუსეთისთვისაც:

„იმ ადამიანმა, ვინც ხელი მოაწერა საქართველოს ოკუპაციას, ჯერ გადაწერა პოლიციის კანონი, მერე გადაიღო ჩვენი ფორმის ნაწილი, მერე შენობების მოდელი და ბოლოს პირდაპირ თქვა, - გვინდა ჩავატაროთ ქართული რეფორმა, მაგრამ არ გამოგვივა არაფერი, რადგან დიდი ვართ და საქართველო პატარააო. ყოველთვის სიდიდეში კი არ გამოიხატება ზომა - თავში უნდა გქონდეს ახალი მენტალიტეტი და გული უნდა გქონდეს დიდი...“ - თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელებს მოუწოდა, უფრო მისაბაძები გახდნენ და ის პერიოდი გაიხსენა, როცა ქართველი პოლიციელების გულისხმიერებაზე, მათ მიერ გამოჩენილ სითბოზე ლეგენდები დადიოდა. „ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაცოცხლოთ და განვამტკიცოთ ეს ლეგენდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა, ხოლო პოლიციის როლზე საუბრისას დაამატა, რომ პოლიციამ შიდაპოლიტიკურ პროცესებში ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს:

„უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, გვყავს დემოკრატიული ქვეყნის პოლიცია და ნებისმიერ შიდა პოლიტიკურ პროცესში პოლიცია არის ნეიტრალური, მაგრამ ნებისმიერი ისეთი მცდელობისას, როგორიც არაერთხელ იყო გასულ წლებში, პოლიციამ ყველას უნდა გასცეს საკადრისი პასუხი, ვინც მოინდომებს ამ წესრიგის და სიმშვიდის შეცვლას ქაოსითა და განუკითხაობით“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მადლობა გადაუხადა და წმინდა გიორგის სახელობის ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100