"დიდი ალბათობით, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა"
დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„კვლევები მიმდინარეობს და არის ძალიან დამაიმედებელი პროგნოზები. თუმცა, როგორც სპეციალისტები ბოლო ინფორმაციას გვაწვდიან, სავარაუდოდ, ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში. რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატებს, იცდება ათი-თხუთმეტამდე პრეპარატი და უფრო დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რომელიმე პრეპარატს უფრო ადრე დაადასტურებს და აღიარებს, როგორც ახალი კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პირდაპირ ანტივირუსულ საშუალებას. ანუ, დიდი ალბათობით, პრეპარატი უფრო ადრე უნდა გვქონდეს, ვიდრე ვაქცინა. თუმცა, ზუსტ ვადებზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია“, – განაცხადა გოგინავამ.
ამ განცხადებით ალექსანდრე გოგინავამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როდის შეიძლება, იყოს ხელმისაწვდომი ვაქცინა ან სამკურნალო პრეპარატი, რაზეც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მუშაობს.
როგორც ალექსანდრე გოგინავამ აღნიშნა, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, აშშ-სა და ევროპის არაერთ სახელმწიფოში ძალიან ბევრი კვლევა წარმატებით მიმდინარეობს, რაც დამაიმედებელია.
კომენტარი