სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იური მეჩითოვი: „ხელოვნების ერთ-ერთი ნიშანი ხალხის გაღიზიანებაა“

თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“ გაიხსნა ფოტოხელოვან იური მეჩითოვის გამოფენა, რომელიც ფოტოგრაფის დაბადების დღის 60 წლისთავს ეძღვნება. აქ წარმოდგენილია მისი ნამუშევრების ერთი ნაწილი, რომელსაც მან „წამებად ქცეული წლები“ უწოდა.
- როდის ეზიარეთ ფოტოხელოვნებას?

- სურათებს ბავშვობიდან ვიღებ, დაახლოებით 10 წლიდან, მაგრამ ამ სფეროში სერიოზულად მოღვაწეობა დავიწყე, როცა ჩემმა მეგობარმა მარკ პოლიაკოვმა მირჩია და მითხრა: „გეყოფა ჩხაკუნი, გეყოფა კინო“, - მე ადრე სამოყვარულო ფილმებსაც ვიღებდი, 1979 წელს გავაკეთე პირველი გამოფენა, ანუ 1979 წელი არის ათვლის წერტილი, დავიწყე არქივის ჩამოყალიბება და იქიდან მოყოლებული, რაც კი მაქვს გადაღებული, დღეს თქვენს თვალწინ არის წარმოდგენილი.
- სად შედგა პირველი გამოფენა?
- 1979 წელს, კინოს სახლში, მაგრამ მაშინ სულ რაღაც 25 სურათი წარმოვადგინე, სამაგიეროდ 1982 წელს ხელოვნების მუშაკთა სახლში შედგა ძალიან დიდი გამოფენა, ფაქტობრივად, მაგ დროს უკვე ჩამოყალიბებული ფოტოგრაფი ვიყავი.

- აქ უამრავი ფოტოა წარმოდგენილი, რამდენ წელს ითვლის ეს გამოფენა?

- ამ გამოფენას აქვს თავისი მიზანი, მისი დასახელებაა „წამებად ქცეული წლები“. ეს პროექტი შეზღუდულია დოკუმენტური ჟანრით, აქ მხოლოდ შავ-თეთრი სურათებია გამოტანილი, მათში შედის პორტრეტებიც, რომლებიც ასევე დოკუმენტებია, ანუ დრო არის აღბეჭდილი 1979 წლიდან 2009 წლამდე.
- რიგით მერამდენე გამოფენაა?
- არ ვიცი, არ დამითვლია, მე ორმოცდაათის შემდეგ დავანებე თვლას თავი, დაახლოებით ისეთ სიტუაციაში ვარ, ასაკი რომ გემატება და არ ამბობ (იღიმის).

- საზღვარგარეთ თუ გქონიათ გამო¬ფენა?

- წელს მქონდა ლონდონში, გამოფენები მქონდა პარიზში, ლოს-ანჯელესში, ვენაში, გერმანიაში, რიგაში...

- ცნობილი ფოტოგრაფი ხართ, ეს მხოლოდ თქენი ნიჭის დამსახურებაა, თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი თქვენს ასეთ პოპულარობაში?

- რა თქმა უნდა, პირველი ადამიანი უკვე გითხარით, მის გარდა ძალიან ბევრი იყო ჩემს გზაზე, რომლებმაც უამრავი რამ მასწავლეს, რისთვისაც მადლობელი ვარ, მე სტუდენტებიც მყავს და ჩვენს შორის ასაკის მიუხედავად მათგანაც ვსწავლობ, ისინი მოდიან ახალი ენერგიით დატვირთულები, მე ჩემსას ვახვევ თავს და ვართ ასე... …

- თქვენ ხართ ერთ-ერთი ფოტოხელოვანი, რომელმაც თამამი ეროტიული სურათები წარუდგინა ქართველ საზოგადოებას, რატომ გადადგით ეს ნაბიჯი?

- სხვათა შორის, 1999 წელს შედგა ამ ფოტოების გამოფენა, მე მეწყინა კიდეც, რომ დიდი ხმაური არ გამოიწვია. იყო უმნიშვნელო კრიტიკაც, მახსოვს, ერთი მღვდელი შემოვიდა: ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკსო - თქვა და გაიქცა. საერთოდ, ხელოვნების ერთ-ერთი ნიშანია ხალხის გაღიზიანება, თუ ვიღაცას აღიზიანებს, ე.ი. ხელოვნებასთან ახლოსაა, მაგრამ თუ მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლნენ: „იცით, კარგია, მომწონს“ - აი, მოწონება დაიტოვონ ტორტის ჭამისას და ხელოვნებას კი ახასიათებს გაღიზიანება!!!
- ეროტიულ ფოტოებზე თითქმის ყველას სახე დაფარული აქვს, ეს თქვენი სურვილით მოხდა, თუ მათი ინიციატივა იყო?

- ერთია ჩემი სურვილი, მეორე მათი და მესამე ის, რომ მათ სცხვენიათ აქაურობის, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც შეიძლება ვინმემ გოგო ცოლად იმის გამო არ მოიყვანოს, რომ ჩემთან სურათში შიშველი გამოჩნდა და გარკვეულწილად მის ბედზე უარყოფითად იმოქმედოს.

ჩვენ ტრადიციული საზოგადოება ვართ, ცუდია თუ კარგია ეგ, უკვე მეორე საკითხია!!! ამ პროექტში ესთეტიურ ფენომენად არის წარმოდგენილი ბუნებრივი სირცხვილის გადალახვა, თუნდაც ფოტოგრაფთან ურთიერთობაში.
ასევე, როცა ადამიანი შიშველ სხეულს აჩვენებს იქ, უკვე სახე აღარ არის საჭირო, ანუ მიზიდულობის ცენტრი შეიძლება იყოს ერთი, დანარჩენი კი დაქვემდებარებული. ავიღოთ მაგალითად მანეკენი, მათ არ უნდა ჰქონდეთ ადამიანური გამომეტყველება, საჭიროა იყოს ცივი, რადგან ძირითადი აქცენტი სამოსზე კეთდება, ამ ფოტოების შემთხვევაში კი სხეული თავისთავად მეტყველია და სახე უკვე ზედმეტია, რადგან არ შეიძლება ორი მეტყველი ელემენტი ერთად იყოს არეული.

- თქვენ ხართ ავტორი წიგნისა, რომელიც სერგეი ფარაჯანოვს მიუძღვენით, რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის დაწერა?

- ჩემთვის ეს იყო დიდი პატივი და იმავდროულად ვალიც, მე ეს ვალი მოვიხადე სწორედ იმიტომ, რომ ფარაჯანოვი ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი და მეგობარი იყო. თავის დროზე მან ისეთი რამ მითხრა, რაც ჩემთვის გარკვეულწილად წარმატების ფორმულად იქცა, უამრავმა ადამიანმა წაიკითხა ეს წიგნი. მათი თქმით, სერგეი ისედაც უკვდავყოფილი იქნებოდა თავისი შემოქმედებით, მაგრამ ამ წიგნით მე მას ძეგლი დავუდგი - ასე თვლის ხალხი, წიგნში წარმოდგენილია 2000-ზე მეტი სურათი და ლიტერატურა, რომლითაც მე ვამაყობ!

ერთ რამეს ვამბობ ყოველთვის, ადამიანი დაბადებულია ბედნიერებისათვის და ძალიან კარგია, თუ ხელოვნების გზით მიაღწევენ მას. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, მას თუ ეს არ გააჩნია, ის არ არის ადამიანი! სამწუხაროდ, ეს ორი ცნება ჩვენთან არასათანადოდ არის გაგებული.

- თქვენი ყოფილი სტუდენტებიდან არის თუ არა ამჟამად ვინმე უკვე შემდგარი ფოტოხელოვანი და თქვენი კოლეგა?

- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ საქმე რაშია, იცით? ჩვენთან ცოტა რთულია, ასპარეზია მინიმალური, ჯერ განვითარების ისეთ მაღალ დონეზე მაინც არაა ჩვენი ქვეყანა, რომ ფოტოხელოვნება პოპულარული იყოს. უცნაურია, მაგრამ ის დოკუმენტური ჟანრი, რომელიც დღეს ჩემს გამოფენაზეა წარმოდგენილი, ფაქტობრივად, მიუღებელი და აუთვისებელია დღევანდელი ჟურნალ-გაზეთებისთვის. ამიტომაც, როცა ვასწავლი, ყოველთვის ვურჩევ, აქ თუ ვერ გამოიყენეს ცოდნა, წავიდნენ სხვაგან, სამყარო დიდია.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (ყოველ ორშაბათს)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100