ღარიბაშვილის შეხვედრა გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან
გაერო-ს განვითარების პროგრამა(UNDP) საქართველოს მთავრობას, ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, პარტნიორობის ახალ გეგმას სთავაზობს. ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ჰელენ კლარკის შეხვედრაზე.
გაერო-ს განვითარების პროგრამა(UNDP) საქართველოს ეხმარება დემოკრატიული მმართველობის, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. საქართველოს მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების კუთხით და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში UNDP–ს ჰუმანიტარულ საქმიანობაზე.
მხარეებმა ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები შეაფასეს. კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰელენ კლარკს საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის თანამონაწილეობით განხორციელებული არაერთი წარმატებული რეფორმისთვის და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ჰელენ კლარკმა განაცხადა, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ.
„მოხარული ვართ, რომ საქართველო ატარებს ასეთ მნიშვნელოვან რეფორმებს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღეს ხორციელდება ინკლუზიური განვითარების პოლიტიკა. საქართველომ შეიმუშავა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია, რაც გახდება ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი,“–განაცხადა ჰელენ კლარკმა.
კომენტარი