"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის განცხადება" (მუქარის ფაქტების შესახებ)
საქართველოში, პირველ ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების ფონზე, გახშირდა მუქარისა და პირადი შეურაცხყოფის შემცველი წერილების გაგზავნა კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში შემავალი მედია-ორგანიზაციების: www.presa.ge www.internet.ge www.itv.ge www.droni.ge როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლების მიმართ.
გუშინ და გუშინწინ კი, ქუჩაში, კავკასიის იტერნეტ მედია ჯგუფის თანამშრომელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
თუმცა, მუქარა, ძირითადად, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით ხორციელდება. ამ ფაქტს, ყურადღებას არც ადრე ვაქცევდით და არც ახლა მივაქცევდით, რომ არა ერთი გარემოება: პირველი ოქტომბრის შემდეგ ამ პროცესმა ინტენსიური სახე მიიღო:
მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, საერთო ჯამში, პორტალის თანამშრომლებმა მიიღეს რამდენიმე წერილი, რომლებიც შეურაცხყოფასთან ერთად, კონკრეტულად შეიცავს სიცოცხლის ხელყოფის მუქარასაც.
ამასთან, მუქარა ხორციელდება „ფეისბუქის“ ისეთი მომხმარებლებისგან, რომელთა იდენტიფიცირება ფოტოს ან პირადი მონაცემების მიხედვით, ძირითადად, შეუძლებელია. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მათ უმრავლესობას, საკუთარი პროფილის ფოტოს ან ე.წ. ქუდის ფოტოს საშუალებით, აშკარად აქვს გამოხატული პირადი სიმპათია კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ.
არც იმას გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა, მუქარის ავტორებს ბევრი რამ აკავშირებდეთ კოალიციასთან და საერთოდ, ეს წერილები მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ იგზავნებოდეს.
„კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“ აუცილებლად მიიჩნევს, რომ მუქარის ფაქტების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პირველ რიგში კი, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოები, ვინაიდან სახეზეა დევნის მცდელობა პოლიტიკური ნიშნით, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარა.
მიუხედავად ამისა, გვინდა განვაცხადოთ ხაზგასმით: კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში შემავალი მედია ორგანიზაციები მუშაობას არ წყვეტენ. მეტიც, მედია ორგანიზაციები და ჟურნალისტები მუშაობენ სრული დატვირთვით და მეტი ენთუზიაზმით.
და ბოლოს, მივმართავთ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და მოვუწოდებთ, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დაცული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. შეწყდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა „ქართული ოცნების“ ლიდერებისა თუ აქტივისტების მხრიდან და ეცადოს, საქართველოს მოქალაქეები და ევროპა დემოკრატიით გაგვაკვირვოს.
კომენტარი