სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გივი ბერიკაშვილი: „მე საპროტესტო აქციაზე გამსვლელი არა ვარ“

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყნის მოსახლეობის 70%-ი პოლიტიზირებულია, არიან ხელოვანები, რომლებსაც ჩრდილში ყოფნა და მხოლოდ თავიანთი საქმის კეთება ურჩევნიათ.
ასეთი მსახიობია გივი ბერიკაშვილიც, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ჟურნალისტები არ აცლიან, რომ არ იყოს პოლიტიზირებული. „მაკითხავენ ჟურნალისტები და პოლიტიკურ შეკითხვებს მისვამენ, ისევე როგორც თქვენ, ამიტომ იძულებული ვარ, ასე თუ ისე, მაინც ჩავერთო ამ პროცესში“, - ამბობს მსახიობი. რატომ აღარ სჯერა მას ქუჩის აქციების, ვის მიიჩნევს სამშობლოს მოღალატედ და ქვეყნის დაღუპვაში დამნაშავედ? „დრონი.ჯი“-ს შეკითხვებს ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა, გივი ბერიკაშვილმა უპასუხა.
„დრონი.ჯი“: თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ოპოზიციურ სპექტრში, რომელშიც ახლა დიდი აზრთა სხვადასხვაობა და დაქსაქსულობაა?
გივი ბერიკაშვილი: არ ვიცი. მე ერთი ვიცი, რომ არაფერი გვეშველება, სანამ ხალხი თავისი სურვილით, თავისი მოსაზრებით არ აირჩევს სასურველ კაცს. არა აქვს მნიშვნელობა, ეს პრეზიდენტი იქნება, პარლამენტის თავმჯდომარე თუ ქალაქის მერი. მანამდე არაფერი გვეშველება.
- ხედავთ ასეთ პერსპექტივას?
- ერთი ვიცი, რომ ძალიან ცუდად ვიქცევით. მე არ ვდგავარ და ვყვირი ტრიბუნებიდან, არც სხვადასხვა ადგილას ქუჩაში და არავის მოვუწოდებ, რათა ვინმე შეცდომაში არ შევიყვანო. არ შეიძლება ადამიანს მოუწოდო, გინდა თუ არა მე დამიჯერეთ, მე მაქვს სწორი პოზიციაო. მე მაქვს ჩემი მოქალქეობრივი მოვალეობები. არის ხომ არჩევნებზე ფარული კენჭისყრა, მე იქ მივალ და დავაფიქსირებ ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას. როდესაც მექნება იმის გარანტია, რომ ჩემი პოზიცია, როგორიც არის, ისევე დაფიქსირდება და სიყალბე და ტყუილი არ გაერევა, მაშინ გვეშველება. თუმცა, როდის გვეშველება, ამას ვერ გეტყვით.
- როდესაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ე.წ. მოდელირებულ „ქრონიკას“ უყურეთ, რა რეაქცია გქონდათ, დაიჯერეთ?
- მე არანაირი რეაქცია არ მქონია, პირიქით - მე მიწევდა ხალხის დაწყნარება. ვიცოდი, რომ შოუ იყო. რაღაცებმა ძალიან გამამწარა და გამაღიზიანა. ამ დროს მაღაზიაში ვიყავი შესული და რომ მივხვდი, სახლში ვეღარ ავასწრებდი, იქ დავრჩი და ვუყურე. გავიხედე და წინ ბენზინგასამართი სადგურია და მთელი ქვეყანა მოცვივდა. რა ხდება-მეთქი? - ვიკითხე და ომი იწყებაო. სად გარბიხართ-მეთქი? - ვიკითხე, - რომ მოცვივდით აქ და საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობთ და გაქცევაზე-მეთქი? მე არც კი მიფიქრია, რომ საწვავი ჩამესხა მანქანაში და გავქცეულიყავი სადმე.
აი რაშია საქმე. ხალხი ამ დონეზეა მისული, ქვეყანაში მტერი მოდის და ჩვენ გავრბივართ. ჯერ ერთი, არ შეიძლება ასე ადამიანის ნერვებზე ითამაშო, ისედაც ხალხს იმდენი ყოველდღიური პრობლემა აქვს, რომ აღარ იცის რაზე იფიქროს, შენ კიდევ უმატებ და ეუბნები, რომ ომი დაიწყო. ხომ შეიძლება ადამიანს გული გაუსკდეს ამ დროს? ძალიან ბევრ ადამიანს ჰყავს შვილი ჯარში, უცებ რას იფიქრებს მშობელი ამის შემხედვარე?
- დასაშვებად მიიჩნევთ მოვლენების ასეთი ფორმით განვითარებას?
- ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. არ დაიჯეროთ, რომ ვითომ სხვა წყვეტს ჩვენს ბედს, სხვაზეა დამოკიდებული. წავიყვანთ ქვეყანას კარგი კურსით? არაფერიც არ გვემუქრება და არც არაფერი მოხდება.
- თუმცა ბოლო დროის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხალხზე მაინცდამაინც ბევრი არ არის დამოკიდებული და მასას რეალურად პოლიტიკური პროცესების ცვლა არ შეუძლია.
- ეს ვინ გითხრათ? არაფერიც არ არის სხვაზე დამოკიდებული. მე რომ ვამბობ - ხალხს-მეთქი, არ ვგულისხმობ საზოგადოებას პოლიტიკოსების გარეშე. ამ ხალხში შედის, რა თქმა უნდა, მთავრობაც და პრეზიდენტიც. ისინიც ხომ საზოგადოების წევრები არიან. დღეს რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაშია, ეს ყველას დანაშაულია და ამაში მხოლოდ პრეზიდენტი ან ქალაქის მერი არ არის დამნაშავე. მათი წვლილიც არის ამ ქვეყნის დაღუპვაში, მაგრამ ხალხიც დამნაშავეა. არ შეიძლება მხოლოდ ერთ ადამიანს შეაწმინდო ხელი და იმისკენ გაიშვირო ხელი, ის არის დამნაშავეო.
- როგორია თქვენი შეფასება ბურჯანაძე-ნოღაიდელის მიერ წამოწყებული კამპანიისა, რომელიც პუტინთან ხშირ ვიზიტებსაც ითვალისწინებს?
- მეც ძალიან ბევრი და სხვადასხვაგვარი შეფასება მესმის ამ ადამიანების მისამართით. ჩვენ ჯერ არ ვიცით მათი ამ ვიზიტების მოტივი. არ გახმაურებულა და არც საქმით დამტკიცებულა ჯერ. გააჩნია, ისინი რა მიმართვით და მისიით მიდიან პუტინთან. თუკი ისინი რუსის ჯარს ეუბნებიან, წამოდით და ჩვენი ქვეყანა დაიპყარითო, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოღალატეობრივი საქციელია და ისინი რუსის ჯარს წინ გამოუძღვებიან, მაგრამ, თუკი სხვა საკითხზე არიან, მაშინ შეფასებებისგან ცოტა თავშეკავებულები უნდა ვიყოთ.
ახლა გავიგეთ, რომ რუსეთი ოკუპანტია? ახლა მივხვდით ამას, რომ თურმე რუსებთან დალაპარაკება არ შეიძლება? იქ დაიზარდნენ მთელი თაობები, იქ მიიღეს სწავლა-განათლება და მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან. მაშინ არ იყვნენ ოკუპანტები? მთავარია რაზე ხარ მისული მათთან. პაატა ბურჭულაძეს რომ ამდენი ხალხი ჩამოჰყავს და აქ საქველმოქმედო კონცერტებს მართავს, ერთხელ ჩავიდა მოსკოვში და იქაც იმღერა, რა, ამის გამო მოღალატეა?
- პაატა ბურჭულაძის მისამართითაც ისმოდა მაშინ კრიტიკა, რომ მან არასწორი ნაბიჯი გადადგა...
- რატომ არ უნდა მიეღო მონაწილეობა იმ კონცერტში? რუსები რატომ ღებულობენ მაშინ მონაწილეობას ჩვენთან გამართულ კონცერტებში? რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ძალიან ბევრი მომღერალი ჩამოვიდა რუსი საქართველოში და გამართა კონცერტები. ჩვენ რა, არა გვაქვს უფლება? გააჩნია რა ფუნქციას ასრულებ, თორემ შეიძლება მოღალატე იყო, მაგრამ მოსკოვი თვალით არ გქონდეს ნანახი. თუკი ადამიანი ჩადის მოსკოვში და პუტინს ეუბნება, არიქა ბომბი ჩამოაგდე საქართველოშიო, რა თქმა უნდა, ეს უპატიებელი საქციელია და მოღალატეობაა. რა დატვირთვა აქვთ ბურჯანაძისა და ნოღაიდელის იქ ვიზიტებს?
აი, ეს არის გასარკვევი, ამაშია სწორედ საქმე. მთელი ევროპა ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაა საჭირო, მეზობელია და ამხელა სახელმწიფოა. მაგრამ ეს არა ნოღაიდელმა და ბურჯანაძემ, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. ჩვენ ნაცარქექიას დამწერი ქვეყანა ვართ. რატომ დაწერა ქართველმა ნაცარქექია? იმიტომ, რომ ყოველთვის ისეთ მტრებთან უწევდა ურთიერთობა, ბაყბაყდევებს რომ ჰგავდნენ, ჩვენ კი ძალა არა გვქონდა და სწორედ ხერხებით ვჯობდით მტერს.
- რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც უნდა განვითარდეს, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და საპროტესტო აქციებით იმუქრება.
- ძალიან დავიღალე უკვე ყველაფრით. აღარ შემიძლია. მართლა დავიღალე. მე საპროტესტო აქციაზე გამსვლელი არა ვარ. არც არავის მოვუწოდებ, შენ გადი აქციაზე-მეთქი. რა გააკეთა აქციებმა, თუ იყო სამი თვე? მოიტანა რაიმე შედეგი? დაიღლებიან და შინ მიდიან, ეს საწყალი ხალხი კიდევ, რაიმე სასიკეთოს მოლოდინში დგას, დგას და ისევ სახლში უწევს წასვლა. სხვების არ ვიცი და მე უკვე ძალიან დავიღალე.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100